მჭამელი
მჭამელი, მგლურა (ლათ. Lupus vulgaris) — კანის ტუბერკულოზის ყველაზე მძიმე და ხშირი ფორმა. იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერია, რომელიც ხვდება გაკაწრულს ან დაზიანებილ კანში გარედან, უფრო ხშირად კი ტებერკულოზით დაზიანებული შინაგანი ორგანოებიდან ან ლიმფური კვანძებიდან. მჭამელი ხანგრძლივი დაავადებაა. მისი სიმპტომები და მიმდინარეობა დამოკიდებულია გამომწვევის აქტივობაზე, პროცესის ლოკალიზაციაზე და ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე, უფრო ხშირად ბავშვები ავადდებიან. დასაწყისში კანზე ჩნდება ფეტვის მარცვლის ოდენა მოვარდისფრო-მოწითალო ლაქა, რომელიც თითის დაჭერისას ქრება. მალე ლაქა კვანძად იქცევა, თანდათანობით იზრდება და კანის ზედაპირზე ბორცვისებრად ამოიწევს; იგი ცომივით რბილია, არავითარ სუბიექტურ შეგრძნებება არ იქვევს, ადვილად ზიანდება. დროთა განმავლობაში ბორცვები ერთიანდება და წარმოქმნის ბალთებს, რომლებიც შეიძლება დაიფაროს ქერცლით ან ქერქით, მოიმატოს მოცულობაში სიმსივნისებრად, დაწყლულდეს, დაიშალოს. მჭამელი უმეტესად ჩნდება სახეზე (ცხვირი, ტუჩები, ლოყები, ყურის ნიჟარები), კიდურებზე, უფრო იშვიათად — სხეულზე. ხშირად ზიანდება ცხვირისა და პირის ლორწოვანი გარსი. მჭამელი ზოგჯერ კანზე გამოუსწორებელ დეფექტს ტოვებს.
მკურნალობა: ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები (სტრეპტომივინი, ფთივაზიდი, ტუბაზიდი და სხვა), D2ვიტამინი, პოლივიტამინები; ზოგადგამაჯანსაღებელი მკურნალობა, ფიზიოთერაპია, მზით მკურნალობა, კლიმატოთერაპია და სხვა. დროზე დაწყებული მკურნალობა კარგ შედეგს იძლევა.
ლიტერატურა
რედაქტირება- სარალიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 268.