ნიკოლოზ მეხუზლა (დ. 1855, გურიანთა — გ. 15 იანვარი, 1892, უჩხუბი) — ქართველი ფირალი.

ნიკოლოზ მეხუზლა

ნიკოლოზ მეხუზლა (მარცხნივ) სისონა დარჩიასთან ერთად
დაბ. თარიღი 1855
დაბ. ადგილი გურიანთა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 15 იანვარი, 1892
გარდაცვალების ადგილი უჩხუბი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების მიზეზი მკვლელობა
დაკრძალულია ბაილეთი
ეროვნება ქართველი
თანამშრომლობა ტარიელ დათუნაიშვილი
ცნობილია, როგორც ფირალი
დაპატიმრების თარიღი 1884
იარაღი ბერდანა, სატევარი, ორპირიანი თოფი
მკვლელობების არეალი გურია
გაიქცა 1888

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ღარიბი ყმა-გლეხის ოჯახში დაახლოებით 1855-56 წლებში. იყო საშუალო სიმაღლის სქელი კაცი. იცვამდა ჩაქურასა და წუღა-მესტს, იხურავდა ყაბალახს, ატარებდა წვერს. იარაღად ხმარობდა ბერდანას, ორპირიან თოფს და სატევარს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ვაჭართან შეკვეთილში, 1886 წლიდან მუშაობდა მანთაშევის ქარხანაში ბათუმში. შემდეგ მიატოვა სამუშაო და კონტრაბანდისტობას მიჰყო ხელი, დადიოდა ოსმალეთში, კარგად ისწავლა თურქული ენა. კონტრაბანდისტობისთვის დაიჭირეს, მაგრამ გაიქცა, გვარი შეიცვალა, გუჯაბიძე დაირქვა და გურიაში დაბრუნდა და სოფლის საქმიანობაში ჩაება, მაგრამ ოჯახის სამყოფს მაინც ვერ შოულობდა. ციხეში ცილისწამების შედეგად მოხვდა 1884 წელს. იჯდა ბათუმის ციხეში სისონა დარჩიასთან ერთად. ბათუმიდან გადაიყვანეს ოზურგეთში, შემდეგ კი ქუთაისის ციხეში, სადაც წელიწადნახევარი დაჰყო. 1888 წლის თებერვალსა თუ მარტში მეხუზლა ციხიდან გაიქცა.

1892 წლის იანვარში მეხუზლა და ტარიელ დათუნაიშვილი აცანაში თავს დაესხნენ მღვდელ სილიბისტრო ჩხაიძეს და გაძარცვეს, გადაკვეთეს მდინარე სუფსა ნაგომართან და მიიმალნენ. 1892 წლის 15 იანვარს პოლიციის ბოქაულის თანაშემწე მგელაძე და დრუჟინის ოფიცერი გარდაფხაძე რამდენიმე ჯარისკაცით გავიდნენ ოზურგეთიდან. პირველი წავიდა უჩხუბში, ხოლო მეორე მელექედურში, სადაც ფირალების მოხმარებაში შემჩნეული სახლები უნდა გაეჩხრკათ. უჩხუბში მგელაძე დათა მაუჭაძის სახლში გადააწყდა დათუნაიშვილსა და მეხუზლას. ატყდა სროლა. მგელაძეს მიეშველა გარდაფხაძე მელექედურიდან, გამოიძახეს რაზმი ოზურგეთიდანაც. მეხუზლამ გაქცევა სცადა და ორი ადგილობრივი, მენაბდე და შაფაქიძე მოკლა. შაფაქიძე სოფლის ყოფილი მამასახლისი იყო, რომელმაც მეხუზლას შეპყრობა და თავის გამოჩენა გადაწყვიტა. მეხუზლამ ასევე დაჭრა დრუჟინის სამი ჯარისკაცი. მეხუზლამ გაიარა ორი-სამი ვერსი, მაგრამ დიდი თოვლის გამო გაქცევა მაინც ვერ მოახერხა და ის მოკლეს.[1] [2]

მეხუზლა ცხემლისხიდში დაკრძალეს, თუმცა ნათესავებდმა ფარულად გადაასვენეს ბაილეთში.

ნიკოლოზ მეხუზლას თავგადასავალი აისახა ხალხურ სიმღერაში „ფირალ ნიკოლოზ მეხუზლაზე“, სადაც პირველ პირშია მოთხრობილი მისი ცხოვრებისა და დაღუპვის შესახებ.

იხლეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მახარაძე, ი. (2008). „გურული ფირალები“. თბილისი: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, გვ. 69-72. ISBN 978-9941-403-95-8. 
  • ხინთიბიძე, ა. (1938). „გურული ფირალები“. თბილისი: საქართველოს სამხარეთმცოდნეო საზოგადოება, გვ. 39-51. 
  გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ.