ჩაქურა — მამაკაცის ქართული ეროვნული ტანსაცმლის კომპლექტი, რომელიც გავრცელებული იყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურია-აჭარასა და სამეგრელოში. ამ ტიპის ტანსაცმლისათვის დამახასიათებელია ჩოხა-ახალუხის უჩვეულო სიმოკლე, რომელთა სიგრძე მამაკაცის წელს ეთანასწორება.

მასალად იყენებდნენ როგორც ადგილობრივი, ისე ფაბრიკულ ნაწარმს, კერძოდ, საჩოხე შალეულს, ახალუხებისათვის კი აბრეშუმის ტილოს ან ბამბის ქსოვილების, ელეგისათვის შალს და მაუდს. ამავე მასალისაგან ამზადებდნენ შარვლებს. სარჩულად იყენებდნენ ატლასს, სატინას, ნარმას.

კომპლექტის ძირითადი ელემენტებია: მოკლე, წინჩახსნილი, მასრებიანი ჩოხა — „ჭონია“ // „კვარტუა“, მოკლე, ორჯიბიანი, საყელოიანი და გულდახურული ახალუხი — „ზუპუნა“ და მის შიგნით ჩასაცმელი უსახელოებო ზედატანი — „ელეგი // „ელეღი“ // „კანთარი“ (რაჭ.) // „საბეჭური“ (ლეჩხ.) // „დუშლუღი“ (კახ.), განიერუბიანი შარვალი „ჩაქურა“, რომლის სახელწოდება შემდგომ კომპლექტის აღმნიშვნელიც გამხდარა, ამ ტიპის კომპლექტის თავსაბურავში შედის ცხვრის ტყავისა და ქეჩის ქუდები, ასევე ყაბალახი და ფაფანაკი, ფეხზე წინდა-პაიჭებთან ერთად ქალამანი, მესტები, ჩექმები.

სამოსის აღწერა რედაქტირება

ჭონია ტანზე მჭიდროდ მომდგარი, წელამდე ან უფრო გრძელი, წინ ბოლომდე გახსნილი ზედა სამოსელია. იკვრება დუგმებით ან რამდენიმე ლარით, მკერდზე აქვს მასრები. ჭონია სარჩულიანია, ხშირად უსარჩულოც, ზოგჯერ მორთული იყო ბუზმენტითა და ოქრომკერდის გრეხილით. მის შესაკერად იხმარებოდა შინ ნაქსოვი შალი, მაუდი და ხავერდი.

ზუბუნი, რომელსაც ჭონის ქვეშ იცვამდნენ, აგრეთვე მოკლე, ტანზე მჭიდროდ მორგებული სარჩულდადებული და წინ მთლიანად ჩახსნილი სამოსია. იკვრებოდა დუგმებით და ღილებით. ჰქონდა ორი მკერდზე მიკერებული ჯიბე და მაღალი საყელო. ზუბუნზე ხანდახან იცვამდნენ ელეგს.

„ბუდიანი“ ანუ „ჩაქურა შარვალი“ ძალზე განიერ უბიანი იყო. იკვრებოდა სათავეში გაყრილი ლარით (ხვანჯრით). შეკვრისას შარვლის ზემო ნაწილი მრავალ ნაოჭს იყრიდა. მათ ჩაქები ეწოდებოდა. შარვლის ტოტები ზემოთ განიერი, ქვემოთ კი ვიწრო იყო. ტოტებს ბოლოში მიკერებული ჰქონდა პაჭანიკები (უზანგები) ანუ ფეხის გასაყრელები.

ჩაქურაზე ჯერ ფართო სამყადის (ფერადი აბრეშუმი) „თოლაბულუხის სარტყელს“ შემოირტყავდნენ, შემდეგ ბელყაიშს (ტყავისა ან გრეხილისაგან დამზადებული სარტყელი), რომელშიც გარჭობილი იყო დამბაჩა და ცხემლაიში (მოხრილი, მოკლე სატევარი).

ლიტერატურა რედაქტირება

  • სოხაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 87.
  • მასალები საქართელოს შინამრეწველობისა და წვრილი ხელოსნობის ისტორიისათვის, ივ. ჯავახიშვილის საერთო რედაქციით, ტ. 3, ნაწ. 1 — ტანისამოსი, თბ., 1983;
  • Волклва Н. Г., Джавахишвили Г. Н., Бытовая культура Грузии XIX-XX веков, традиции и иновации, М., 1982;
  • Народы Кавказа, т. 2, М., 1962.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება