ნიაბის წმინდა გიორგის ეკლესია

ნიაბის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიაბში. მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთით, პატარა გორაკზე. თარიღდება X საუკუნით. მოგვიანებით, შეკეთებისას აგურით განუახლებიათ ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილები, ორსაფეხურიანი სატრიუმფო თაღი და კონქი, ზოგიერთი პილასტრის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ეკლესია დარბაზულია (19,3 × 6,8 მ), ნაგებია კარგად გათლილი ტუფის კვადრებით. წყობის რიგების სწორხაზოვნება დაცულია. ეკლესიაში ორი შესასვლელია: ერთი — სამხრეთით, ეგვტერიდან, მეორე — ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. სამხრეთის კარი შიგნიდან თაღოვანია, გარედან — არქიტრავული. ჩრდილოეთ კარი ორივე მხრიდან თაღოვანია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის მარჯვნივ — მცირე ზომის სწორკუთხა ნიში. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრია. პილასტრებს შორის კედლის თაღებია. კაპიტელებით დასრულებულ პილასტრებს საბჯენი თაღები ეყრდნობა. დასავლეთის საბჯენი თაღი სამხრეთით პილასტრს ეყრდნობა, ჩრდილოეთით — კრონშტაინს.

აფსიდის მხართან, ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით ეკლესია უკავშირდება სამრეკლოს (5,2 × 2,8 მ), რომლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი მცირე თაღოვანი სარკმელი ამოქოლილია. სამხრეთ კედელში, სარკმლის მარჯვნივ მცირე სწორკუთხა ნიშია, ხოლო ქვემოთ მთლიანი ქვიშაქვისაგან გამოთლილი სატრაპეზო ქვა დგას. სამკვეთლო გადახურულია ცილინდრული კამარით.

ეკლესიას სამხრეთიდან მიშენებული აქვს ეგვტერი, გრძელი ვიწრო სათავსი (12,3 × 3,9 მ), რომელსაც სამხრეთით ორმალიანი თაღოვანი შესასვლელი აქვს. ამჟამად აღმოსავლეთ მალი ამოშენებულია. თაღებს შორის ტუფის მთლიანი ქვისაგან გამოთლილი სვეტი იდგა. ნახევარწრიულ აფსიდში თაღოვანი სარკმელია, მის მარცხნივ — მცირე სწორკუთხა ნიში. სარკმლის ქვემოთ სატრაპეზო ქვა დგას. სამხრეთ კედელში აფსიდის მხართან თაღოვანი სარკმელია. ეგვტერის კამაროვანი გადახურვა გადაყვანილია ეკლესიის სამხრეთ კედელზე და მის თაღედზე.

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადი წარმოდგენილია ბაზილიკური აბრისით. შუა ამაღლებული ნაწილი გადახურულია ორფერდა, ხოლო გვერდითები - ცალფერდა სახურავით. ფასადის ღერძზე ორნამენტიანი თავსართით მორთული თაღოვანი სარკმელია. მის ზემოთ, ქვაზე ამოკვეთილია წრეში ჩასმული სამი ტილკმლავა ჯვარი. ჩრდილოეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, შემორჩენილია წარწერიანი ქვა (წარწერა დაზიანებულია და ვერ იკითხება). ამავე შესასვლელის მარცხნივ, წყობაში ჩასმულ ქვაზე გამოსახულია ნადირობის სცენა.

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება