ნესტორ გაბილაია

ქართველი ეკონომისტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე

ნესტორ სპირიდონის ძე გაბილაია (დ. 1895, აბაშა ― გ. 1985, თბილისი) — ქართველი მეცნიერი-ეკონომისტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის (გერმანია) ფილოსოფიის დოქტორი (1924),[1] თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1945),[2] პირველი ქართველი ფსიქოლოგი ქალის, პროფესორ ფატი ხუნდაძის მეუღლე.

ნესტორ გაბილაია
დაბ. თარიღი 1895
დაბ. ადგილი აბაშა, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1985
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია მუხათგვერდის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სსრკ
მეუღლე ფატი ხუნდაძე
საქმიანობა ეკონომისტი და პედაგოგი
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა
დამსაქმებელი იენის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა სამეგრელოში, აბაშაში, აზნაურის, აგრონომ სპირიდონ გაბილაიას ოჯახში.

1916 წელს ნესტორ გაბილაიამ დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო 1923 წელს ბერლინის (გერმანია) ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტი. სტაჟირება გაიარა ჟენევაში. 1924 წელს მიენიჭა იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ეკონომიკის დარგში.

მოღვაწეობა

რედაქტირება

1916-1918 წლებში ნესტორ გაბილაია ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისში. 1918 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) დაარსებისთანავე, იგი ჩაირიცხა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. იმავე წელს სწავლის გასაგრძელებლად გააგზავნეს გერმანიაში. აქ გაიცნო მან შემდგომში მისი მეუღლე, დიდი ქართველი პედაგოგის სილოვან ხუნდაძის ასული, შემდგომში ფსიქოლოგი, პროფესორი ფატი ხუნდაძე. 1919-1923 წლებში ნ. გაბილაია იყო გერმანიის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1923-1925 წლებში იგი კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც 1924 წელს მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მისი სადისერტაციო ნაშრომი იმავე წელს გამოსცა ხსენებულმა უნივერსიტეტმა. გარდა ამისა, იენის უნივერსიტეტის შრომებში გამოქვეყნდა მისი 10–მდე სტატია სოფლის მეურნეობის ეკონომიკის საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ გერმანელ მწერლებთან თომას და ჰაინრიხ მანებთან. 1920–1921 წლებში ისმენდა ალბერტ აინშტაინის ლექციებს ბუნებისმეტყველების ისტორიაში.[3]

1926 წლის დამდეგს ნესტორ გაბილაია მეუღლესთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა.[4] აღნიშნული წლის დამლევს, როგორც იმ დროისთვის უკვე ცნობილი სპეციალისტი, იგი დაინიშნა საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარიატის (სამინისტროს) ჩაის მრეწველობის ტრესტის („საქჩაი“) მმართველად. იმ ხანებში საქართველოს საბჭოთა რეჟიმმა დაიწყო დასავლეთ საქართველოში ჩაის კულტურის მასობრივად გაშენება. 1928 წელს გაბილაია საჯაროდ გამოვიდა საქართველოში ჩაის, როგორც მონოკულტურის, გავრცელების წინააღმდეგ, ვინაიდან ჩაი მონოკულტურის სახით გაშენებული იყო კოლონიურ ქვეყნებში, რაც მეტად უარყოფით ზეგავლენას ახდენდა ამ ქვეყნების ქალთა ჯანმრთელობაზე. ამის შემდეგ გაბილაია გაათავისუფლეს თანამდებობიდან და, ერთხანს, სდევნიდნენ კიდეც.

1930 წელს გაბილაია მიწვეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრის უფროს მასწავლებლად. აღნიშნულ კათედრაზე ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 1952 წლამდე. 1945 წელს იგი იყო თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მან აღზარდა ქართველ გერმანისტთა არაერთი თაობა. 1952 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იძულებული გახდა თავი დაენებებინა უნივერსიტეტში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.

1953 წელს ნესტორ გაბილაია მიწვეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საბიბლიოთეკო საბჭოს და აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის კონსულტანტად უცხოენოვანი ლიტერატურის დამუშავებისა და აღწერის დარგში. აქ მუშაობდა იგი 1959 წლამდე. აღსანიშნავია, რომ ქართული, რუსული და გერმანული ენების გარდა სრულფასოვნად ფლობდა ფრანგულ და იტალიურ ენებს.

აღსანიშნავია, რომ ნესტორ გაბილაია სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა მთარგმნელობით და კვლევით მოღვაწობას. მან ქართულად თარგმნა გერმანელი მეცნიერ-ეკონომისტის, პროფესორ რულეს მთელს ევროპაში ცნობილი კაპიტალური ნაშრომი "პური ოთხი მილიარდისათვის" და მას დაურთო საკუთარი ვრცელი შენიშვნები (თარგმანის ხელნაწერი, გაბილაიას ანდერძის შესაბამისად, დაცულია მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში).

ნესტორ გაბილაია გარდაიცვალა თბილისში, 90 წლის ასაკში. დაკრძალულია მუხათგვერდის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლევან ურუშაძე, როგორც „არასაიმედო“, გაზ. „თბილისი“, 3 დეკემბერი, 1991

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ფატი ხუნდაძე და ნესტორ გაბილაია. el.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2020.
  2. ნესტორ გაბილაია. Iverieli. ციტირების თარიღი: 18 ივნისი, 2019.
  3. სილოვან ხუნდაძის ცხოვრება და მოღვაწეობა. Scroll.ge (20 მარტი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2020.
  4. ვინ არის ყველაზე ცნობილი ქუთაისელი ქალი?. Kutaisi Daily. Freedc.com (აგვისტო, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი, 2020.