მერი ნაკაშიძე
მერი ნაზარის ასული ნაკაშიძე (დ. 14 აპრილი [ ძვ. სტ. 1 აპრილი] 1914, სიღნაღი — გ. 27 ივლისი 1986, თბილისი) — ქართველი მომღერალი (ლირიკულ–კოლორატურული სოპრანო). საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1955).
1936 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ი. ბახუტაშვილი-შულგინას კლასი). 1935–1960 წლებში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ფაქიზი, ლამაზი ხმისა და შესანიშნავი სცენური გარეგნობის მქონე მსახიობმა შექმნა მრავალი საინტერესო ვოკალურ-სცენური სახე, რომელთაგან ნატიფი ლირიზმითა და პოეტურობით გამოირჩევა: მარო (ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“), ქეთო (ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“), ცირა (მელიტონ ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), მზია, ბულბული (აკაკი ანდრიაშვილის „კაკო ყაჩაღი“, „ჩხიკვთა ქორწილი“), ლატავრა (ზ. ფალიაშვილის „ლატავრა“), ლაკმე (დელიბის „ლაკმე“), ვიოლეტა, ჯილდა (ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“, „რიგოლეტო“), მარფა (ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე“), როზინა (ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“) და სხვა. ეწეოდა ნაყოფიერ საკონცერტო მოღვაწობას, გასტროლებს მართავდა სსრკ ქალაქებში, იყო პოლონეთში, გდრ-ში. დიდი ოსტატობოთ ასრულებდა ე. ბრუსილოვსკის „ორ მერცხალს“, შტრაუსის „ვალსს“ (ვენის ტყის ზღაპარი), უკრაინულ ხალხურ სიმღერას „სოლოვეიკოს“ და სხვა. ვოკალისტთა რესპუბლიკური (1951) და საკავშირო (1957) კონკურსების ლაურეატი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 302.