ნათელა (ნათია) თურნავა (დ. 19 ოქტომბერი, 1968, მოსკოვი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე. საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი 2023 წლის 22 ივნისიდან.

ნათია თურნავა
ნათია თურნავა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 აპრილი, 2019 – 9 თებერვალი, 2022
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიგიორგი ქობულია
მემკვიდრელევან დავითაშვილი

დაბადებული19 ოქტომბერი, 1968 (1968-10-19) (56 წლის)
მოსკოვი, რსფსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
სამეცნიერო ხარისხიეკონომიკური მეცნიერებათა კანდიდატი
პროფესიაეკონომისტი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

დაიბადა 1968 წლის 19 ოქტომბერს მოსკოვში. 1985 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის №56 საშუალო სკოლა. 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1990–1994 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამავე ფაკულტეტის ასპირანტურეზე. 1994 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2005-2006 წლებში გაიარა სწავლების სხვადასხვა კურსი აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით; 2012-2014 წლებში გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში დაასრულა ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა წარჩინებით და მიენიჭა ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი.

1994-1996 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი. 1996-2000 წლებში — სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის უფროსის მოადგილე. ამავე წლებში იგი იყო თბილისის საკრებულოს წევრი და საფინანსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 2000-2005 წლებში იკავებდა ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2005 წელს იყო საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. 2005 წლის აგვისტოდან 2013 წლამდე იყო ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე. 2013-2018 წლებში — „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ამავე წლებში იყო უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი; საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი.

არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის, სტატიის და მონოგრაფიის ავტორი, წიგნების თანაავტორი: „ელემენტარული ეკონომიკა“ (1998), „ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის ძირითადი მიმართულებები“ (2002), „მსოფლიო ეკონომიკა“ (2001). მშობლიური ქართულის გარდა ფლობს ინგლისურსა და რუსულს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

მინისტრობა

რედაქტირება

2018-2019 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. 2019 წლის 18 აპრილს დაინიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად.

ნათია თურნავას მინისტრობის პერიოდს რამდენიმე გახმაურებული საინვესტიციო პროექტების ჩაშლა უკავშირდება. მათ შორის, აღსანიშნავია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, მისი მინისტრობისას გაწყვიტა მთავრობამ ინვესტორთან საინვესტიციო ხელშეკრულება, რის შემდეგაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საერთაშორისო არბიტრაჟში იჩივლა. თურნავა მინისტრობის ბოლომდე ამბობდა, რომ მთავრობას ანაკლიის პორტის აშენება სურს. კიდევ ერთი გახმაურებული პროექტი იყო ნამახვანჰესი. ჰესის ინვესტორმა ენკამ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება თურნავას მინისტრობის პერიოდში მიიღო. ამას წინ უძღოდა ადგილობრივი მოსახლეობის რამდენიმეთვიანი პროტესტი და მედიაციის პროცესი.[1]

ნათია თურნავას მინისტრობის პერიოდს უკავშირდება კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი და მძიმე ლოკდაუნები, რის შედეგადაც, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა. ამ მაჩვენებელთან შედარებით კი 2021 წელს ეკონომიკის 10,6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ნათია თურნავა ხშირად ამბობდა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა მეტად ინკლუზიური გახდა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მისივე მინისტრობის პერიოდში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად, 648 176 ადამიანამდე გაიზარდა.[1]

2022 წლის 9 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პოსტზე მას სოფლის-მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეცვლიდა. ამავდროულად, თურნავა ქართული ოცნების გუნდში რჩებოდა.[2]

ეროვნულ ბანკში

რედაქტირება

2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ნათია თურნავა 80 ხმით აირჩია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. 2023 წლის 13 ივნისს პარლამენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გაჩნდა ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დაეკისრა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ახალი პრეზიდენტის დანიშვნამდე. 22 ივნისს პირველ ვიცე-პრეზიდენტად და, შესაბამისად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ბანკის საბჭომ ნათია თურნავა აირჩია.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 „თურნავა მიდის, მას დავითაშვილი ცვლის“. On.ge. 6 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. „ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ განაცხადა“. imedinews.ge. 9 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-09. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. „ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ნათია თურნავა შეასრულებს“. რადიო თავისუფლება. 22 ივნისი, 2023. ციტირების თარიღი: 6 ივლისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
გიორგი ქობულია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
2019 – 2022
შემდეგი:
ლევან დავითაშვილი