მხედრულის მთავრული

მხედრულის მთავრულიმხედრული დამწერლობის ზედა რეგისტრის ასოები, რომელიც ძირითადად გამოიყენება სათაურების დასაწერად და მნიშვნელოვანი ტექსტების გამოსაყოფად.

მსხვილკეგელიან სტრიქონჩამომსხმელ მანქანაზე ჩამოსხმული მთავრული ლიტერები, ანტონ დუმბაძის დიზაინი.
 
პეტერბურგის სტამბის მხედრული შრიფტი მთავრული ასოებით, 1823.
 
მხედრულის მთავრული ასოები საბეჭდ მანქანაზე.

XI საუკუნიდან მოყოლებული ქართული საერო ტექსტები ძირითადად მხედრული დამწერლობით იწერებოდა. მხედრული დამწერლობა უნიკამერული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობდა დიდი ასოები, რომელიც წინადადების დასაწყისში სიტყვის პირველ ასოდ ან სახელის გამოსაკვეთად გამოიყენებოდა. მხედრულ ტექსტებში დიდი ასოების ნაცვლადაც, ზოგჯერ ასომთავრული დამწერლობის ასოებს ხმარობდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ მოგვიანებით სასულიერო პირებსაც კი უჭირდათ ამ ასოების წაკითხვა, ასომთავრულის დიდ ასოებად გამოყენება ფართო გავრცელებაში არ ყოფილა.[1]

პირველი ინფორმაცია მხედრულისთვის დიდი (მთავრული) ასოების შემუშავებაზე გვხვდება XVIII საუკუნეში. ნიკოლოზ თბილელი თავის ანდერძში წერდა, რომ მან შექმნა დიდი ასოები მხედრული დამწერლობისათვის, რასაც ის „მხედრულის ასომთავრულს“ უწოდებდა.[2]

 
1876 წელს გამოცემული „დედა ენის“ ყდა. სათაური და ავტორის სახელისა და გვარის პირველი ასოები (ი. ოგებაშვილი) მოცემულია მთავრული ასოებით.

1864 წელს შეიქმნა შრიფტი „ვენური“[3], რომლითაც მალევე გამოიცა იაკობ გოგებაშვილის ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის.[4] ამ წიგნში მთავრული ასოები უკვე ფართოდ იყო გამოყენებული და მეტიც, მოცემულ სასწავლო ტაბულაში ბავშვები სწავლობდნენ, რომ არსებობდა ჩვეულებრივი პატარა (მხედრული) ასოები და მათი დიდი ანუ მთავრული შესატყვისები.[5] ამავე პრინციპით დაიბეჭდა პირველი „დედა ენა“, რომლითაც მრავალი თაობა სწავლობდა წერა-კითხვას.[6] მთავრული ასოების წინადადების პირველი სიტყვის და საკუთარი სახელის დამწყებ ასოდ გამოყენება გვხვდებდა გაზეთ დროებაშიც. გაზეთი დროება ამ წამოწყებას ასე ასაბუთებდა:

 
„უასომთავრულოდ კაცი საკუთარს სახელს ძნელად გამოიცნობს ხოლმე, ასე რომ ხშირად შეუნიშნავად რჩებიან უცხო ქვეყნების კაცების სახელები. ამასთანავე, ყოველი აზრი კითხვაში უფრო მკაფიოდ და ნათლად იხედება, რადგან ის ყოველთვის ასომთავრულით იწყება ხოლმე. ასომთავრულის შემოღებით აგრეთვე თვითონ ქართული სტამბაც მრავალგვარდება და მშვენიერდება… როდესაც მკითხველებს ასომთავრულზე თვალი გაუტყდებათ, მაშინ ისინი ღირსებად ჩასთვლიან ნაკლულოვანებას, რომელსაც პირველად ხედავენ“
(„დროება”, 1867 წლის 6 იანვრის ნომერი, გვ. 1.)

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის მთავრული ასოები არ იყო უბრალოდ ერთ ხაზზე განლაგებული მხედრული ასოები. იმ მაგალითებიდან რაც ქართულ სტამბებში იბეჭდებოდა, აშკარაა რომ მთავრულ ასოებს, შედარებით განიერი ფორმები და შტრიხის სიმუქე გამოარჩევდა.

ამ პრინციპით არაერთი ქართული წიგნი საბჭოთა კავშირამდე იბეჭდებოდა, თუმცა მოგვიანებით მთავრული ასოების ამგვარი გამოყენება შეწყდა და ისინი მხოლოდ სათაურებში შემორჩა, როგორც ALL CAPS ფუნქცია, როცა სიტყვაში შემავალი ყველა ასო დიდია.

დღევანდელი გამოყენება

რედაქტირება
 
მხედრულის მთავრულის ნიმუში საგზაო ნიშნებზე (ALL CAPS ფუნქციით)

ქართული შრიფტების დიდი ნაწილი ორი ვერსიითაა წარმოდგენილი: მხედრულითა და მთავრულით. ვინაიდან, დღესდღეობით, მთავრული ასოები ფართოდ გამოიყენება როგორც ბეჭდურ პროდუქციაში, მათ შორის წიგნებში, ჟურნალ-გაზეთებში, აბრებზე, პლაკატებზე, ბანკნოტებზე, აგრეთვე ტელემედიასა და გრაფიკულ ვიდეორგოლებში. ბოლო დრომდე, მათი ასახვა შეზღუდული იყო ვებსივრცეში, ვინაიდან არ არსებობდა საერთო სტანდარტი, უნივერსალური კოდი ქსელში გადასაცემად. თუმცა 2017 წლის 10 მაისს უნიკოდის ტექნიკურმა კომიტეტმა, ორწლიანი მოლაპარაკების შემდეგ, საბოლოოდ მიიღო ქართული მხარის მიერ წარდგენილი შეთავაზება და დაამტკიცა მხედრული ანბანის ზედა რეგისტრის ასოები, ხოლო 2018 წლის 5 ივნისს გამოვიდა Unicode 11.0.0 ვერსია[7], რომელშიც უკვე ოფიციალურადაა შეტანილი 46 მთავრული ასონიშანი. იმავე და მომდევნო წლის განმავლობაში, ცნობილი საოპერაციო სისტემების მწარმოებლებმა (Microsoft, Apple, Google), სტანდარტის შესაბამისი განახლებული შრიფტებით აღჭურვეს თავიანთი პროდუქტები, რის შედეგადაც ქართული მთავრულის გამოსახვა და წაკითხვა უკვე ვებსივრცეშიცაა შესაძლებელი.[8]

მთავრული ასოები კომპიუტერულ სისტემებში

რედაქტირება

უნიკოდის კონსორციუმმა თავდაპირველად, ქართული დამწერლობებიდან მხოლოდ ძველი ასომთავრულისა და თანამედროვე მხედრულის წყვილი ასახა თავის სტანდარტში. თუმცა ათი წლის შემდეგ, ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე[9] და ინფორმაციის დაზუსტების შედეგად, დაამატა ნუსხური ასოებიც. ამასთან, აღინიშნა, რომ სწორედ ასომთავრული და ნუსხური გამოიყენებოდა შეწყვილებულად (საერთო სახელწოდებით ხუცური) და განისაზღვრა ბიკამერულად, რაც იმას ნიშნავდა, რომ დიდი და პატარა ასოებისგან შედგებოდა და კომპიუტერულ სისტემებში შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მისი სათანადო გამოყენება. მხედრული კი ცალკე გამოიყო უნიკამერულ დამწერლობად. თუმცა არსებული ისტორიული და თანამედროვე რეალობიდან გამომდინარე, არც მხედრული გამოიყენებოდა განცალკევებულად და ორ საუკუნეზე მეტია, ახლავს საკუთარი დიდი, ანუ მთავრული ასონიშნები (თავდაპირველ ხანებში, წინადადების დასაწყებად ან სახელების გამოსაკვეთად, დღეს კი მხოლოდ ALL CAPS ფუნქციით, ყურადღების გასამახვილებლად),[10] რაც ვერ დარჩებოდა სტანდარტების მიღმა. ამიტომ, 2016 წელს ქართველების მიერ წარდგენილი შეთავაზება[10] განიხილეს უნიკოდის ტექნიკური კომიტეტის 151-ე შეკრებაზე და მიიღეს დადებითი გადაწყვეტილება. შედეგად, ქართული ანბანის კოდირების ერთრეგისტრიანი მოდელი ჩანაცვლდა ორრეგისტრიანით, ქართული დამწერლობა სრულად აისახა კომპიუტერულ სისტემებში და შესაბამისად, აღარაა საჭირო სხვადასხვა არასტანდარტული ხერხების მეშვეობით ან წყვილი შრიფტით ტექსტის აწყობა. ცნობილი კომპანიების ნაწილი, ადრეც გამოთქვამდა მზადყოფნას, კუთვნილ შრიფტებში, მთავრული ასონიშნების დამატების თაობაზე, თუმცა ერთადერთი დამაბრკოლებელი, სწორედ უნიკოდ-პოზიციის არარსებობა იყო. დღეს კი ყველა ცნობილ კომპიუტერულ და მობილურ სისტემაში, უკვე წარმოდგენილია მთავრული ასოები.[8] რაც შეეხება კლავიატურაზე დატანას, ვინაიდან ქართულისთვის გამოიყენება ლათინური, ე.წ. QWERTY-განლაგება, რის გამოც ზოგიერთ ასოს (შ, ჭ, ღ, ჩ, თ, ძ, ჟ) არ გააჩნია საკუთარი ღილაკი და ესაჭიროება Shift, მთავრულისთვის გამოყენებული იქნება მხოლოდ Caps Lock (სმარტფონებში კი დაყოვნებით დაჭერა). ეს იმ კუთხითაც მოსახერხებელია, რომ განსხვავებით სხვა ბიკამერული დამწერლობებისგან, თანამედროვე ქართულში სიტყვა ან ფრაზა თუ დიდი ასოთი იწყება, მაშინ მისი დანარჩენი ასოებიც, ამგვარადვე უნდა დაიწეროს.[11]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ანტონ მამრიკიშვილი, ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორია, თბილისი, 2010.
  • ივანე ჯავახიშვილი, ქართული პალეოგრაფია, თბილისი, 1949.
  1. ივანე ჯავახიშვილი, ქართული პალეოგრაფია, გვ. 119.
  2. ივანე ჯავახიშვილი, ქართული პალეოგრაფია, გვ. 118.
  3. ”ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორია” © ანტონ მამრიკიშვილი, 2010 წ. გვ. 282, 283.
  4. იაკობ გოგებაშვილი, ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის, ელექტრონული ვერსია
  5. იაკობ გოგებაშვილი, ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის, 1865, თბილისი, გვ. 3, 4.
  6. იაკობ გოგებაშვილი, დედა ენა, 1865, ელექტრონული ვერსია.
  7. Unicode 11.0.0 ვერსია
  8. 8.0 8.1 Georgian Gap Analysis – W3C Group Draft Note, 2022 წ.
  9. წერილი საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტისგან (ნუსხური ასონიშნების უნიკოდში დამატების თაობაზე), 2003 წ.
  10. 10.0 10.1 განაცხადი ქართული ასონიშნების უნივერსალურ კოდირებულ ანბანთა ნაკრებში დამატების შესახებ.
  11. სამოქმედო გეგმა, მთავრული ასონიშნების სრულყოფილი ასახვისთვის