მუკუზნის ამაღლების ეკლესია

მუკუზნის ამაღლების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზნის დასავლეთით 0,5 კილომეტრზე. განეკუთვნება XVIII საუკუნის მიწურულს.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა, რომელშიც თანაბარი ინტერვალებით, აგურის ორრიგა შრეებია ჩართული. შენობის გარეთა კუთხეები, კარ–სარკმელთა ღიოებები, კონქი, კამარა და საბჯენი თაღები. გამოყვანილია აგურით. კედლები შიგნით შელესილი და შეთეთრებული ყოფილა (შემორჩენილია ნაწილი), ხოლო გარედან გასწორებული იყო კირის ბათქაშით.

შესასვლელი ორია: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. გარედან ორივე კარი ისრული თაღითაა გადახურული,ხოლო შიგნიდან ხის ძელებით – თარაზულად.

ეკლესიის დარბაზი აღმოსავლეთით დასრულებულია საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც დარბაზისგან ერთსაფეხურიანი პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი ისრული თაღითაა გამოყოფილი.აფსიდში დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი.

ეკლესიის გრძივ კედლებზე გამოყვანილია სამ–სამი, ისრული თაღით დასრულებული შეღრმავება (სიღრმე – დაახლოებით 1 მ). რომლებიც ერთმანეთისგან ორ–ორი ორსაფეხურიანი პილასტრითაა გამიჯნული. პილასტრების გვერდით საფეხურებზე შეღრმავებების თაღებია დაყრდნობილი, წინაზე კი – კამარის საბჯენი თაღები. თაღები შეისრულია – იმპოსტების გარეშე. ისრული ფორმისაა კამარაც.

აფსიდის გვერდებზე, კედლის სისქეში, მოწყობილია თითო პატარა სათავსი – სამკვეთლო და სადიაკვნე. ორივე სათავსი უაფსიდოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, რომელშიც სწორკუთხა, გარეთკენ შევიწროებული სარკმელია, ხოლო სადიაკვნის ჩრდილოეთ კედლის დიდი ნაწილი აფსიდის კედლის უკანა მხარეა და მის მოხაზულობას იმეორებს, რის გამოც სათავსების აღმოსავლეთ ნაწილი, დასავლეთ ნაწილზე უფრო განიერია,სამკვეთლოს ჩრდილოეთ კედლის შუაში პატარა ოთხკუთხა ნიშაა. აფსიდის სამხრეთ გვერდში, იატაკიდან 0,5 მეტრ სიმაღლეზე. სადიაკვნეში შესასვლელი მაღალი, სწორკუთხა კარია. ჩრდილოეთ გვერდში კი – მოზრდილი ოთხკუთხა ღიობი, რომელიც სამკვეთლოში გადის. სამკვეთლოს შესასვლელი დასავლეთიდან, ჩრდილოეთ კედლის აღმსოავლეთ შეღმავებიდან აქვს.სამკვეთლო გადახურულია კამარით. სადიაკვნეს კი ბრტყელი ჭერი აქვს.

ეკლესიის დარბაზი ხუთი სარკმლითაა განათებული: ორ–ორი გრძივი კედლების განაპირი უბეებშია. ერთი – დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში. დასავლეთ სარკმელი ორივე მხრიდან სწორკუთხაა, დანარჩენებს კი, როგორც შიგნით, ისე გარედანაც, ისრული თაღი ხურავს. ეკლესიის დასავლეთ ნაწილში მოწყობილი ყოფილა ხის პატრონიკე. მასზე ასასვლელად დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნახევრის სისქეში კიბეა, რომლის სწორკუთხა შესასვლელი კედლის ჩრდილოეთ კიდეშია. კარი ხის ძელითაა გადახურული. კიბიდან პატრონიკეზე გამომავალი კარიც სწორკუთხაა.

კამარის სამხრეთ გვერდის აღმოსავლეთ კიდეში, კონქის თაღთან, წყობიდან დაახლოებით 25 სანტიმეტრზე გამოშვერილია ხის ძელი, რომელსაც კუთხე ირიბად აქვს ჩამოჭრილი და ოთხი ლილვითაა პროფილირებული.

დასავლეთ და სამხრეთ ფასადებზე შესასვლელები ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ არეში, რომელსაც აგვირგვინებს აგურის ხერხულა წყობით გამოყვანილი ფრიზი. დასავლეთ ფასადზე ფრონტონის არეში, აგურის წყობით სამ საფეხურზე მგდომი შეღრმავებული ჯვარია გამოსახული.

ფასადები აგურის ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით ყოფილა დასრულებული (შემორჩენილი იყო დასავლეთ ფრონტონის წვერში), რომელიც შედგენილი იყო ჩვეულებრივად დალაგებული და კუთხით შვერილი აგურების რიგების მონაცვლეობით. ეკლესია გადახურული ყოფილა ღარისებრი კრამიტით.

1996 წელს სოფლის მკვიდრის ა. გუგულაშვილის ხარჯებით ეკლესიას ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. დასავლეთ ფასადის წინ მოიხსნა დაახლოებით 1 მ სიმაღლის მიწის ფენა; ინტერიერში პილასტრები და საბჯენი თაღები გამაგრდა ლითონის კუთხოვანებით: აღდგენილ იქნა აღმოსავლეთ და გრძივი ფასადების ზედა ნაწილები. მოეწყო ახალი ლავგარდანი – ჰორიზონტალურ შემონაკეცებით ფრონტონების ძირებთან; ეკლესია გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა რედაქტირება