მოხისის წმინდა გიორგის ეკლესია

მოხისის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შემაღლებულ ადგილზე. ეკლესიას დასავლეთიდან ორსართულიანი სამრეკლო აქვს მიშენებული, ხოლო სამხრეთიდან ეკლესიას ჰქონდა კარიბჭე. აგებულია 1811 წელს. 1972 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა.

მოხისის წმინდა გიორგის ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (15 X 9 მ), ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით (კედლების ქვედა ნაწილები და ცოკოლი). სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთში და დასავლეთ კედლის ღერძზე ფართო თაღოვანი შესასვლელებია. საკურთხეველი სწორკუთხოვანია, კუთხეებში ოდნავ მომრგვალებული; მის აღმოსავლეთ კედელში სარკმელია, გვერდით კედლებში კი თაღოვანი ნიშები - სამი ჩრდილოეთით, ერთი სამხრეთით. ერთი პატარა ნიში სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთშია. საკურთხევლის წინ მოხატული კანკელი დგას. დარბაზის გრძივ კედლებში ერთმანეთის პირდაპირ სამ-სამი ფართო თაღოვანი სარკმელია. დასავლეთის შესასვლელის თავზე კამარიდან სამრეკლოს მეორე სართულზე ასასვლელი თაღოვანი შესაძრომია, აქ ვიწრო ხის კიბეა. ერთი პატარა მრგვალი სარკმელი დასავლეთის კედელშია. ეკლესიის შიდა სივრცე ხალვათია. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია, ქვედა ნაწილში ზეთის საღებავის პანელია. ეკლესიის აგურით ნაწყობი ნახევარწრიული კამარა ერთ შეკიდელ საბჯენ თაღსა და დასავლეთ კედლის თაღს ეყრდნობა. გრძივ კედლებზე, სარკმლებს შორის, კონქში და კამარაში რამდენიმე პატარა ქვევრია ჩასმული, რომლებსაც ,,პირები“ ამოლესილი აქვთ; ნალესში თითო ყვავილისმაგვარი სახეა ამოჭრილი. ეკლესიის იატაკსა და საკურთხევლის ბაქანზე დაგებულია ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრები.

ეკლესიის გლუვ ფასადებზე კარ-სარკმლის ღიობები მოჩარჩოებულია ლეკალური აგურით. აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის ზემოთ, ერთ ვერტიკალზე ჩასმულია ქვიშაქვის მცირე ზომის ქვა, რომელზეც ამოკვეთილია შვიდსტრიქონიანი მხედრული წარწერა. მის თავზე მუქი ფერის პატარა ქვაა ჯვრის რელიეფური გამოსახულებით. წარწერა დაზიანებულია, იკითხება მხოლოდ ეკლესიის აგების თარიღი (1811 წელი) და ცალკეული ასოები. ფასადები დასრულებულია ბაზალტის ლავგარდნით, რომლის პროფილს თარო, შეზნექილი ზედაპირი და ლილვი შეადგენს.

სამრეკლო ორსართულიანია. მისი პირველი სართულის თაღები ორ თავისუფლად მდგომ სვეტსა და ეკლესიის კედლის ორ ნახევარსვეტს ეყრდნობა; გადახურულია გუმბათოვანი კამარით. მეორე სართული წარმოადგენს ოთხწახნაგოვან, სვეტებზე დაყრდნობილი თაღებით გახსნილ ფანჩატურს. თაღებს ზემოთ ჯვარედინად გადებულ ხის ორ ძელზე ჩამოკიდებულია დიდი ბრინჯაოს ზარი. წარწერის მიხედვით ზარი ჩამოსხმულია 1883 წელს და იწონის 150 კილოგრამს. სამრეკლოს მეორე სართულის ჭერს საფეხუროვანი პირამიდული ფორმა აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება