მონემვასია
მონემვასია (ბერძ. Μονεμβασία) — ქალაქი საბერძნეთში, პელოპონესის პერიფერიაში, ლაკონიის ნომში. მოსახლეობა 1,4 ათასი კაცი (2011). მდებარეობს მცირე ზომის (1,6 კმ სიგრძის) კლდოვანი კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებასთან ახლოს (ხიდითაა დაკავშირებული ქალაქ გეფირასთან). დაარსდა დაახლ. ახ. წ. 583 წელს, ლაკონიელთა მიერ, 375 წლის მიწისძვრის შედეგად კონტინენტისგან გამოყოფილ კლდეზე. დაახ. 878 წელს გაამაგრეს ქვედა ქალაქი. მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პელოპონესის ნახევარკუნძულზე ბიზანტიელთა ბატონობასა და კონსტანტინოპოლიდან ვენეციისკენ მიმავალი საზღვაო გზების უსაფრთხოებაში. 1249–1263 წლებში აქაიის სამთავროს შემადგენლობაში იყო. 1292 წელს ქვედა ქალაქი დაანგრია არაგონელმა ადმირალმა როხერ დე ლაურიამ. დაახლ. 1463–1540 და 1690–1715 წლებში ვენეციის რესპუბლიკის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. ამ დროს ქალაქს ნაპოლი-დი-მალვაზია (Napoli di Malvasia) ეწოდებოდა; ცხოვრობდა დაახლ. 30 ათასი ადამიანი. 1540–1690 და 1715–1821 წლებში ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა. საბერძნეთის რევოლუციის (1821–1829) დროს აქ გაიმართა საბერძნეთის ეროვნული პარლამენტის პირველი სხდომა (1822). შემდგომ წლებში მონემვასია დაკნინდა, 1970-იანი წლების დასაწყისისთვის მისი მოსახლეობა 38 ადამიანს შეადგენდა. 1971 წელს საავტომობილო ხიდით დაუკავშირდა კონტინენტს. 1980 წლის შემდეგ ქალაქის აღორძინება დაიწყო. მონემვასია არის ყურძნის ჯიშის — მალვაზიის სამშობლო (ვენეციელთა მმართველობის დროინდელი სახელის მიხედვით).[1]
ქალაქი | |
---|---|
მონემვასია ბერძ. Μονεμβασιά | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
პერიფერია | პელოპონესი |
ნომი | ლაკონია |
კოორდინატები | 36°41′16″ ჩ. გ. 23°03′20″ ა. გ. / 36.68778° ჩ. გ. 23.05556° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 15 მეტრი |
მოსახლეობა | 1400 კაცი (2011) |
სატელეფონო კოდი | 2732 |
საფოსტო ინდექსი | 230 70 |
ოფიციალური საიტი | http://www.monemvasia.gov.gr/ |
ქალაქი ორ ნაწილად იყოფა — ზედა (აკროპოლისი) და ქვედა (კასტრო). აკროპოლისში (600×300 მ; მიატოვეს 1690 წელს), 200 მ-ის სიმაღლეზე, განლაგებულია: პანაგია ოდიგიტრიის ეკლესია (XIX საუკუნიდან წმ. სოფიასი), ჩახაზული ჯვრის ტიპისა, დიდი გუმბათით 8 ბურჯსა და ტრომპზე (XI–XII სს., გადაკეთდა XIII საუკუნის ბოლოს – XIV საუკუნის დასაწყისში; მარმარილოს რელიეფები, ფრესკების ნაშთები), ბიზანტიური ფორტი (VI ს.), წყლის ცისტერნები, 2-სართულიანი სახლების ნანგრევები, თურქული სიმაგრეები. კასტროში მეჩეთის მოედანზე მდებარეობს ქრისტეს ჯვარცმის საკათედრო ტაძარი (VI–VII სს., გადაკეთდა XI საუკუნეში და 1293 წელს, XVI საუკუნის კამარები, XVII საუკუნის ბოლოს გუმბათი, ნართექსი, კამპანილე და ხის კანკელი; ბიზანტიური ხატები) და წმინდა პეტრეს ეკლესია (956, XVI საუკუნეში გადაკეთდა მეჩეთად, XIX საუკუნის შუაში – XX საუკუნის დასაწყისში გამოიყენებოდა სატუსაღოდ; 1999 წლიდან არქეოლოგიური მუზეუმი), 20-ზე მეტი ძველი ეკლესია (უმრავლესობა გადაკეთდა XVII საუკუნის ბოლოს – XVIII საუკუნის დასაწყისში): წმინდა ნიკოლოზის (X ს., გადაკეთდა 1703 წელს; X საუკუნის მოხატულობა), პაგანია მირტიდიოტისას (XIII ს., გადაკეთდა XVII საუკუნის ბოლოს; ორივეს ვენეციური პორტალი აქვს), წმინდა ანდრიას (XIII საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები), წმინდა ანას (XIV ს.), ორმოცი სებასტიელი მოწამის (XV საუკუნის მოხატულობა), პაგანია ქრისაფიტისას (XV–XVI სს., სამლოცველო წყაროთი), წმინდა დიმიტრის, წმინდა ანტონის, წმინდა სამების, წმინდა სტეფანეს (XVI ს.). ქალაქის ერთადერთი შესასვლელია ე.წ. ვენეციური ჭიშკარი (XIV ს., გადაკეთდა XVI საუკუნეში). შემონახულია ვენეციური პერიოდის წყლის ცისტერნები და 3-სართულიანი სახლები. განვითარებულია ტურიზმი.[1]
გალერეა
რედაქტირება-
წმ. სოფიას ეკლესია (პაგანია ოდიგიტრია)
-
ქვედა ქალაქის აღმოსავლეთი კედელი
-
ქრისტეს ჯვარცმის საკათედრო ტაძარი
-
ქრისტეს ჯვარცმის ტაძრის სამრეკლო
-
არქეოლოგიური მუზეუმი, ყოფილი წმ. პეტრეს ეკლესია და მეჩეთი
-
წმ. ნიკოლოზის ეკლესია
-
პაგანია მირტიდიოტისას ეკლესია
-
პაგანია ქრისაფიტისას ეკლესია
-
წმ. ანტონის ეკლესია
-
ვენეციური სახლი
-
ვენეციური ჭიშკარი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Павлинов П. С. Монемвасия // Большая российская энциклопедия. т. 21. — М., 2013. — стр. 17–18.