მოლა ფანაჰ ვაგიფი (აზერ. Molla Pənah Vagif; დ. დაახლ. 1717, სალაჰლი, ახლანდ. ყაზახის რაიონი, აზერბაიჯანი, — გ. 1797, შუშა) — აზერბაიჯანელი პოეტი, სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი. მისი ზედწოდება „ვაგიფი“ (არაბ. واقِف‎) „სწავლულ კაცს“ ნიშნავს.

მოლა ფანაჰი
აზერ. ملاپناه واقف
დაბადების თარიღი 1717
დაბადების ადგილი იუხარი-სალაჰლი
გარდაცვალების თარიღი 1797
გარდაცვალების ადგილი შუშა (ქალაქი)
დასაფლავებულია ვაგიფის მავზოლეუმი
ფსევდონიმი ვაგიფი
საქმიანობა პოეტი
ენა აზერბაიჯანული
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა სეფიანთა იმპერია
ყარაბაღის სახანო
ჟანრი ლირიკა, Q6605273? და ghazal
მიმდინარეობა რეალიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მოლა ფანაჰი დაიბადა დაახლოებით 1717 წელს იმდროინდელ ყაზახის სახანოში. მიუღია საფუძვლიანი განათლება, იცოდა არაბული და სპარსული ენები, კარგად იცნობდა ლიტერატურას და მეცნიერების სხვადასხვა დარგს. 1750-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ყახახი ქართველ მეფეთა კონტროლს დაექვემდებარა, ვაგიფმა ყარაბაღის სახანოს შეაფარა თავი. 1769 წელს ხანის მიწვევით ის გახდა კარის გამრიგე, შემდეგ — პირველი ვაზირი. იღწვოდა ყარაბაღის სახანოს ეკონომოკური განვითარებისთვის, ცდილობდა დაემყარებინა დიპლომატიური კავშირი რუსეთთან, აქტიური ურთიერთობა ჰქონდა მეფე ერეკლე II-სა და ლევან ბატონიშვილთან. 1770-იან წლებში დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა თბილისში.

 
ვაგიფის მავზოლეუმი შუშაში (რესტავრაციის შემდეგ, 2021 წ.)

1795-1797 წლებში ვაგიფი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა შუშის დაცვაში ირანის მბრძანებლის აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ. ქალაქის დაცემის შემდეგ ყარაბაღის მმართველი იბრაჰიმ-ხალილ-ხანი გაიქცა, ვაგიფი დაატყვევეს და სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა პოეტი ამჯერად აღა-მაჰმად-ხანის მკვლელობამ იხსნა. საბოლოოდ, ის ყარაბაღის სახანოში ძალაუფლებისთვის ამტყდარმა ბრძოლამ იმსხვერპლა. ვაგიფი თავის ვაჟიშვილთან ერთად სიკვდილით დასაჯეს. 1982 წელს შუშაში ვაგიფის დაკრძალვის ადგილზე ააგეს მავზოლეუმი (არქიტექტორები — აბდულ-ვაჰიბ სალამზადე, ელდარ კანუკოვი), რომელიც 1992 წელს, ყარაბაღის პირველი ომის დროს დაინგრა; აღადგინეს 2021 წელს.

შემოქმედება

რედაქტირება

ვაგიფის როლი აზერბაიჯანულ ლიტერატურაში განუზომლად დიდია. იგი ახალი აზერბაიჯანული პოეზიის ფუძემდებლად ითვლება. აზერბაიჯანული ლიტერატურის ისტორიაში პირველად ვაგიფის ლირიკაში გამოჩნდა რეალიზმის ელემენტები. მან დააკანონა ჰეჯას ზომა, ხალხურ მეტყველებას დაუახლოვა კლასიკური ლექსი. ვაგიფის ლირიკა უფრო ყოფით გრძნობებსა და სურვილებს აერთიანებს, ვიდრე იმდროინდელ სუფიურ პოეზიაში გავრცელებულ აბსტრაქტულ და რელიგიურ თემებს. ცნობილია ვაგიდის მიმოწერა და ლიტერატურული დიალოგის თავის უფროს თანამედროვესთან — მოლა ვალი ვიდადისთან.

ქართულ თემატიკას ეხება მისი სამი ლექსი, რომელიც ეძღვნება ქართველ ქალს, თბილისსა და ერეკლე II-ის ძეს, ლევანს. ვაგიფის პოეზია პირველად 1856 წელს დაიბეჭდა. თარგმნილია სხვადასხვა, მათ შორის ქართულ ენაზე.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Əсəрлəри, Бакы, 2004.
  • Лирика, М., 1968.
  • სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ქრესტომათია, თბ., 1968.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შაყულაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 128.
  • Дадашзаде А., Певец жизни (Раздумья о Вагифе), Баку, 1968.