მიხეილ შოთას ძე ქორქია (დ. 10 სექტემბერი, 1948, ქუთაისი, საქართველო, — გ. 7 თებერვალი, 2004, თბილისი, საქართველო) — ქართველი კალათბურთელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1972).

მიხეილ ქორქია

მიხეილ ქორქია
შემტევი მცველი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 10 სექტემბერი 1948
ქუთაისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
გარდაიცვალა 7 თებერვალი, 2004 (55 წლის)
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 196 სმ
წონა 92 კგ

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1965-1979) და სსრ კავშირის ნაკრებში (1971-1977). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), XXI ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1976, მონრეალი), ევროპის ჩემპიონი (1971) და ორგზის მეორე პრიზიორი (1975, 77), სსრკ ჩემპიონი (1968) და მეორე პრიზიორი (1969), სსრკ თასის მფლობელი (1969). ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელთა გუნდის ერთ-ერთი მეპატრონე და მისი პრეზიდენტი (1998-იდან). თამაშობდა შემტევი მცველის პოზიციაზე.

კალათბურთს თამაშობდა მიხეილ ქორქიას მამაც, თუმცა უდიდეს წარმატებებს ბიძამ, ოთარ ქორქიამ მიაღწია: თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 1952 წელს, ჰელსინკიში ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოიგო, 1947, 1951 და 1953 წლებში ევროპის ჩემპიონი გახდა, თბილისის „დინამოსთან“ ერთად 3-ჯერ მოიგო საკავშირო ჩემპიონატი, 2 თასი, 1962 წელს კი, მთავარი მწვრთნელის რანგში თბილისის „დინამოს“ ევროპის ჩემპიონთა თასი მოაგებინა. ქართველი კალათბურთელებიდან ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ მიხეილ ქორქია და ზურაბ საკანდელიძე ფლობენ.

1981 წლის 27 სექტემბერს მიხეილ ქორქია დიდი კალათბურთიდან გააცილეს. 2006 წლიდან საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ყოველწლიურად ატარებს ოლიმპიური ჩემპიონების მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის ტურნირს.

2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა დავით ჭელიძის წიგნი „მიხეილ ქორქია“. 2017 წელს გადაღებულ რუსულ მხატვრულ ფილმში „3 წამი“ (რეჟისორი ანტონ მეგერდიჩევი), რომელიც საბჭოთა კავშირის კალათბურთელთა ნაკრების მიერ მიუნხენის ოლიმპიადაზე გამარჯვებას ეძღვნება, მიხეილ ქორქიას როლი ოთარ ლორთქიფანიძემ შეასრულა.

არის ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს კომერციულ სასაფლაოზე.[1]

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის კოლეგიამ თავის სხდომაზე დაამტკიცა რესპუბლიკის საუკეთესო სპორტსმენთა ათეული 1976 წლის შედეგების მიხედვით, სადაც მიხეილ ქორქია 1976 წლის საქართველოს მეშვიდე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მიხეილ ქორქია (1948-2004). geonecropol.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-16. ციტირების თარიღი: 2023-03-16.
  2. საუკეთესონი // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1976, № 259 (5809), გვ. 1.