მიხეილ საბაშვილი (პოლიტიკოსი)
მიხეილ (მიხა) სამსონის ძე საბაშვილი (დ. 1890, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 სექტემბერი, 1924, ბათუმი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი.
დაიბადა შემოქმედელი მეფსალმუნის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1904 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი (მენშევიკი). რევოლუციური საქმიანობისთვის 1913 წელს ადმინისტრაციული წესით გადაასახლეს ქალაქ ასტრახანში. 1914 წელს კვლავ დააპატიმრეს და ორ თვეში გაათავისუფლეს. პარტიულ და საზოგადოებრივ საქმიანობას ოზურგეთში ეწეოდა. 1916 წელს იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების დაარსების ინიციატორი და მისი გამგეობის მდივანი. საქართველოს გასაბჭოების (1921) შემდეგ მცირე ხნით დაპატიმრებული იყო. მონაწილეობდა წინააღმდეგობის იატაკქვეშა მოძრაობაში: იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბათუმის კომიტეტის თავმჯდომარე (1922 წლიდან), ბათუმის პარიტეტული კომიტეტის თავმჯდომარე, ხელმძღვანელობდა სამხედრო ორგანიზაციას აჭარაში. 1924 წლის 27 აგვისტოს „ჩეკამ“ თანაპარტიელ დეომიდე გეგიაძესთან ერთად დააპატიმრა. 30 აგვისტოს მიესაჯა სიკვდილით დასჯა (ქონების კონფისკაციით). დახვრიტეს აჭარის ანტისაბჭოთა ოპოზიციის სხვა 22 წარმომადგენელთან ერთად 1924 წლის 1 სექტემბერს. ამავე პერიოდში დახვრიტეს მისი ცოლის ძმაც — პოდპოლკოვნიკი დავით ქარცივაძე.
ლიტერატურა
რედაქტირება- აჭარის ანტისაბჭოთა ორგანიზაცია და 23 დახვრეტილი / ყიფშიძე, ნინო // „საარქივო მოამბე“, №19[მკვდარი ბმული], - 2018; გვ. 13-21.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მიხეილ სამსონის ძე საბაშვილი — ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები 1879-1927 წლებში (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).