დავით ქარცივაძე
დავით ერდიშხანის ძე ქარცივაძე (ფსევდონიმი: მეჩონგურე; დ. 1881 — გ. 1924) — ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, პოეტი.
დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი. ამ დროიდან თანაუგრძნობდა მემარცხენე რევოლუციურ მოძრაობას. 1898 წლიდან „მეჩონგურის“ ფსევდონიმით თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ-გაზეთებთან. მისი ლექსები იბეჭდებოდა გაზეთ „ივერიაშიც“. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს ელიზავეტპოლის 156-ე ქვეითი პოლკის პოდპორუჩიკი ქარცივაძე სარიყამიშში დააპატიმრეს ჯარში პოლიტიკური აგიტაციისთვის. ოქტომბრის ამნისტიის შემდეგ გაათავისუფლეს და დაუბრუნდა რევოლუციურ მოღვაწეობას. იყო 1905 წლის დეკემბრის გამოსვლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი დასავლეთ საქართველოში. 1905-1906 წლებში კიდევ ორჯერ იყო დაპატიმრებული. 1907 წელს აჰყარეს ოფიცრის წოდება და 4 წლით კატორღა მიუსაჯეს.
1917 წლის რევოლუციამ ირკუტსკის ოლქში მიუსწრო და ქარცივაძე სამშობლოში დაბრუნდა. 1918-1921 წლებში პოდპოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა საქართველოს სამხედრო სამინისტროში, იყო კულტურულ-საგანმანათლებლო სექციის უფროსი და ჟურნალ „მხედარის“ რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. საქართველოს გასაბჭოების (1921) შემდეგ იყო ახალი რეჟიმის ოპოზიციაში. 1922-1923 წლებში ორჯერ დააპატიმრეს. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დაწყების შემდეგ დახვრიტეს. სიკვდილით დასაჯეს ასევე მისი სიძე (დის ქმარი) მიხეილ საბაშვილი, ძმა — ივანე, იმხანად პრაღის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1927) საზღვარზე დააპატიმრეს და 1930-იან წლებში რამდენჯერმე იყო გადასახლებაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- მაჩაბლის №13-ის ნახევარი ცხოვრება : ლოკალურ-ისტორიული ნარკვევი / ხარბედია, მალხაზ // ტერორის ტოპოგრაფია : საბჭოთა თბილისი : კრებული. - თბ., 2011. - გვ.82-128.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დავით ერდიშხანის ძე ქარცივაძე — ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები 1879-1927 წლებში (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).