მზიური (ანსამბლი)
„მზიური“ — საბჭოთა და ქართული საბავშვო ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი, რომელიც დაარსდა 1971 წელს თბილისის ბორის ძნელაძის სახელობის პიონერთა სასახლის ბაზაზე და მისი წევრები ძირითადად გოგონები იყვნენ. დღევანდლამდე ანსამბლმა 10-ზე მეტი თაობა გამოიცვალა.
მზიური | |
---|---|
ადრი კ/ფილმიდან „მზიური“ | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | საქართველოს სსრ |
აქტიური | 1971- |
ისტორია
რედაქტირება1971 წლის მაისში, როდესაც გოგონებმა დარბაზში ბიჭების მიერ დატოვებულ ინსტრუმენტებს ხელი წამოავლეს, ისეთი შემართებით დაუკრეს, რომ მათ პედაგოგებს გოგონათა ინსტრუმენტული ანსამბლის შექმნის იდეა გაუჩნდათ. ამ ფაქტს ესწრებოდნენ რაფაელ კაზარიანი და გურამ ჯაიანი. პირველი რეპეტიცია გაიმართა ამავე წლის 4 ივლისს, დუშეთის პიონერთა ბანაკ „მზიანეთში“. 18 ნოემბერს კი გაიმართა პირველი კონცერტი რუსთაველის სახელობის თეატრში. გოგონები, რომლებიც ინსტრუმენტების უკან ძლივს ჩანდნენ, მაყურებელმა მხურვალე ოვაციით დააჯილდოვა. „მზიურს“ მალე ტელეეთერში ხშირად აჩვენებდნენ. „აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება”, – ასე აფასებდა „მზიურის“ მოღვაწეობას მაშინდელი ხელისუფლება. ანსამბლმა მრავალ ქვეყანაში მიაღწია წარმატებას.[1]
ანსამბლის წევრები მღეროდნენ და ამასთანავე უკრავდნენ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე. ყველაზე პოპულარული იყო „მზიურის“ პირველი („ოქროს“) შემადგენლობა, რომელთა უმეტესობა შემდეგში ცნობილი მუსიკოს-შემსრულებელი გახდა. ისინი ამჟამად მოღვაწეობენ არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც.
არსებობის ოთხი ათეული წლის განმავლობაში „მზიურელებმა“ ევროპის, აზიის, ამერიკისა თუ აფრიკის მრავალი ქვეყნის აუდიტორიის აღიარება და არაერთი ჯილდო მოიპოვეს და ლაურეატის წოდებებიც დაიმსახურეს. მონაწილეობა მიიღეს 25 მხატვრული და დოკუმენტური ფილმის გადაღებაში, ჩაწერეს 8 გრამფირფიტა, დადგეს ოთხი მუსიკალური სპექტაკლი.
მზიურის პირველი თაობა
რედაქტირებათამარ გვერდწითელი, ეკა გოდერძიშვილი, ქეთინო დეკანოზიშვილი, მაია ჯაბუა, ხათუნა დონდუა, ნინო დუმბაძე, ეკა კახიანი, ნინო კობიაშვილი, მარინა მასხულია, ნიკო ნადირაშვილი, ქეთინო ფირცხალავა, ხათუნა საბაშვილი (მედეა დანიელოვა), ნანა სანებლიძე, მაია სირაძე, მაია ჩიქვინიძე, თამრიკო ჭოხონელიძე, მანანა წულაია, თამრიკო ხორავა, ლია ხორბალაძე, ლენა ცარციძე, ია ახობაძე.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1976 — ლენინური კომკავშირის პრემია
- 2010 წლის 9 ნოემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ საზეიმოდ გაიხსნა ვია „მზიურის“ ვარსკვლავი[2]
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1973 — „მზიური“