მერაბ ტურავა (დ. 23 სექტემბერი, 1964, ზუგდიდი, საქართველო) — ქართველი იურისტი, პროფესორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2020 წლის 25 ივნისიდან;[1] მანამდე — მოსამართლე, თავმჯდომარის მოადგილე.

მერაბ ტურავა
მერაბ ტურავა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა25 ივნისი, 2020
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
წინამორბედიზაზა თავაძე

დაბადებული23 სექტემბერი, 1964 (1964-09-23) (60 წლის)
ზუგდიდი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მერაბ ტურავამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1990 წელს. 1989–1990 წლებში სწავლობდა სამართალმცოდნეობას იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტში; 1990–1991 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი;1992–1997 წლებში იყო ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

1998–2005 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი და იუსტიციის სასწავლო ცენტრის (შემდგომში, სამოსამართლო სწავლების) ცენტრის ლექტორი; 1998–2001 წლებში იყო საქართველოს სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის წევრი; 1999–2001 წლებში მონაწილეობდა ევროკავშირის ტასისის (TACIS-EU) პროექტში სამოსამართლეო სწავლების საკითხების ექსპერტად, სისხლის სამართლის მიმართულებით. 1999–2006 წლებში მერაბ ტურავა იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; 1999–2006 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; 2000–2006 წლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე; 2005–2008 წლებში იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2008–2009 წლებში ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევით პროექტს ,,ევროპული სისხლის სამართლის განვითარებისათვის საქართველოში”; 2008 წელს მონაწილეობდა ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) მიერ ევროკავშირის ჩარჩო-გადაწყვეტილებებთან ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის დადგენაში.2007–2012 წლებში საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, სისხლის სამართლის დეპარტამენტის უფროსი;2003-2010 წლებში სამეცნიერო მივლინებებით იმყოფებოდა ბერლინის, იენის და ბაზელის უნივერსიტეტებში; 2006-2011 წლებში მონაწილეობდა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტსა  და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელებულ ფოლკსვაგენის ფონდის სისხლის სამართლის სამეცნიერო პროექტში; 2011-2013 წლებში მუშაობდა ბერლინის ჰუმბოლდტის, იენის ფრიდრიხ შილერის  და კიოლნის უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების სამეცნიერო ინსტიტუტებში, მოწვეული პროფესორის სტატუსით, ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის სამეცნიერო ფონდის კვლევითი სტიპენდიით; 2012 წლიდან იყო საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრი.

2013 წლიდან იგი არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი; 2015 წლის 20 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 30 მარტს, ფიცის დადების დღიდან შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას. 2018 წლის 12 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ. 2020 წლის 25 ივნისს გამართულ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე მერაბ ტურავა, 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ, აირჩიეს სასამართლოს თავმჯდომარედ; მეორე კანდიდატი იყო ირინე იმერლიშვილი.[1]

არის ავტორი სამეცნიერო ნაშრომებისა: „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო“ (2005); „ევროპული სისხლის სამართალი“ (2010); „დანაშაულის მოძღვრება“ (2011); „სისხლის სამართალი. ზოგადი ნაწილის მიმოხილვა“ (მე-9 გამოცემა 2013); „საერთაშორისო სისხლის სამართლის საფუძვლები“ (2015). ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი: მარიკა, ანნა და ლაშა-გიორგი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარეა. mtavari.tv (25 ივნისი, 2020). ციტირების თარიღი: 25 ივნისი, 2020.