მეოთხე ბრაიტონი
მეოთხე ბრაიტონი — რეჟისორ ლევან კოღუაშვილის 2021 წლის ქართული დრამატული ფილმი. შეიქმნა საქართველოს, რუსეთის, ბულგარეთის, მონაკოსა და აშშ-ს თანამშრომლობით, თანაპროდიუსერი - საქართველოს პირველი არხი, ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმი მოგვითხრობს ქართველი მოჭიდავის, კახის (ლევან თედიაშვილი) ისტორიას, რომელიც თბილისიდან ნიუ-იორკში, ბრუკლინის რაიონში იმ მიზნით ჩადის, რომ შვილს, სოსოს (გიორგი ტაბიძე) აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.[1]
„მეოთხე ბრაიტონი“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა, კომედია |
დამდგმელი რეჟისორი | ლევან კოღუაშვილი |
პროდიუსერი | ირაკლი როდონაია, ოლენა ერშოვა, მიშელ მერკტი, კატერინა მერკტი |
სცენარის ავტორი | ბორის ფრუმინი |
როლებში | ლევან თედიაშვილი, გიორგი ტაბიძე, კახი კავსაძე, ირაკლი კავსაძე, გიორგი ყიფშიძე |
მუსიკა | ანდრო დგებუაძე, მიშო ჯავახიშვილი |
ხმის ოპერატორი | ბესო კაჭარავა |
ოპერატორი | ფედონ პაპამიქაელი |
მონტაჟი | საშა ფრუმინი, დავით კიკნაძე, ელენე ასათიანი, ნიკოლაი მეტინი |
მხატვარი | კოტე ჯაფარიძე |
სტუდია | კინო იბერიკა, Moskvich Films, Tatofilm |
დისტრიბუტორი | Loco Films |
გამოსვლის თარიღი |
10 ივნისი, 2021 (ნიუ-იორკი) 23 დეკემბერი, 2021 (საქართველო) 12 აპრილი, 2023 (საფრანგეთი) 8 თებერვალი, 2024 (იტალია) |
ხანგრძლივობა | 92 წთ |
ენა | ქართული, რუსული, ინგლისური |
შემოსავალი | $22,313 |
სიუჟეტი
რედაქტირებაკახი, ყოფილი ჩემპიონი ჭიდაობაში ნიუ-იორკში ვაჟის, სოსოს მოსანახულებლად მიემგზავრება, რომელიც ბრუკლინში, ბრაიტონ-ბიჩის ემიგრანტების უბანში ცხოვრობს. სოსო ნიუ-იორკში რამდენიმე წლით ადრე გაემგზავრა, რათა სამედიცინო გამოცდები ჩაებაროებინა და ამერიკელი ექიმი გამხდარიყო.
ბრუკლინში კახი აღმოაჩენს, რომ სოსო გადამზიდ კომპანიაში მუშაობს, პანსიონატში ცხოვრობს და გამოცდებისთვის სწავლის ნაცვლად, დროს აზარტულ თამაშებში ატარებს. იმ დროისთვის, როდესაც კახი ჩადის, სოსოს ყოფილი მოჭიდავისა და ადგილობრივი მაფიის კაცის, ამირის (იური ზური) ვალი აქვს 14000 დოლარის ოდენობით. სოსოს ვალის დასაფარად რამდენიმე დღე რჩება. გარდა ამისა, სოსოს ფული სოციალურ მუშაკთან, ლენასთან (ნაძეჟდა მიხალკოვა) ყალბი ქორწინების მოსაწყობად სჭირდება, რომ აშშ-ს მწვანე ბარათი მიიღოს.
კახი სოსოს 2000 დოლარს აძლევს, რომ გადახდა ეტაპობრივად დაიწყონ. მამა-შვილი ამირთან მიდის ადგილობრივ რესტორანში და თანხას სთავაზობს ნაწილობრივი გადახდისთვის, რა დროსაც კარტის თამაში მიმდინარეობს. ამირი ნაწილობრივ გადახდას არ იღებს, მხოლოდ მთელ თანხას. ერთ-ერთი მოთამაშე მიდის და მაგიდასთან თავის ადგილს სოსოს უთმობს. სოსო თამაშს იწყებს და კახის ფულს აგებს. მაგიდასთან კამათის გამო ამირის თანაშემწეები სოსოს გარეთ აგდებენ და სცემენ. ეუბნებიან, რომ ვალი უნდა გადაიხადოს და იციან, სად ცხოვრობს.
სოსო ამირის თანაშემწეებს ლენას ბინაში ემალება. კახი სკაიპში თავის მეუღლეს, მაკას (ლაურა რეხვიაშვილი) ესაუბრება და ეუბნება, რომ მათ შვილთან ყველაფერი კარგადაა. კახის პანსიონატის თანამცხოვრები სთხოვს, დაეხმაროს ფულის მიღებაში ყაზახი კაცისგან, რომელიც ნიუ ჯერსიში მოტელების დამლაგებელ ქართველ ქალებს ფულს სძალავს. კახი მონაწილეობს ყაზახი კაცის გატაცებაში, მაგრამ როდესაც შეიტყობს, რომ მას ფული ალმა-ატაში ავადმყოფი მამისთვის სჭირდება, გაუშვებს.
კახის უკანასკნელი გამოსავალი შვილის დასახმარებლად ამირთან პირისპირ საუბარია. კახი მას ჭიდაობაში გამოწვევას სთავაზობს - თუ კახი მოიგებს, სოსოს ვალი ეპატიება. ამირი თანახმაა. ისინი სანაპიროზე მიდიან. კახი იგებს, მაგრამ გულის უკმარისობა ემართება. ის ჰოსტელში მიდის, სადაც კვდება. ქართველი ემიგრანტები ბინაში ადიან, რომ კახის გამოსამშვიდობებელი მრავალჟამიერი უმღერონ.[2]
როლებში
რედაქტირება- ლევან თედიაშვილი - კახი:
რეჟისორმა როლზე მრავალი მსახიობი თუ არაპროფესიონალი გამოსცადა. თავდაპირველად, ლევან თედიაშვილის კანდიდატურას მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ერიდებოდა, თუმცა შემდეგ აღმოაჩინა, რომ პოლიტიკურ მიტინგებზე დადიოდა. 2 დღიანი დაკვირვების შემდეგ გაეცნო და ფილმში თამაში შესთავაზა. თედიაშვილი იმ პირობით დათანხმდა, თუ ნიუ-იორკში ყოველდღე სუშიზე დაპატიჟებდა.[3] - გიორგი ტაბიძე - სოსო
- ნაძეჟდა მიხალკოვა - ლენა
- კახი კავსაძე - სერგო
- ლაურა რეხვიაშვილი - კახის ცოლი
- ცუცა კაპანაძე - ნათელა
- ირაკლი კავსაძე - ზურა
- ტოლეპბერგენ ბაისაკალოვი - ფარიკი
- თემურ გვალია - კახის ძმა
- ირმა გაჩეჩილაძე - ნანა
- მარი კაპუტო - ცილია
- ლუ გარდნერი - საიმონი
- გიორგი ყიფშიძე - ვასკა
- იური ზური - ამირი
- არტურ დრუბეცკი - ამირის პარტნიორი
- ვსევოლოდ ბერკოლაიკო - სვირინგებიანი კაცი
- ალექსანდრ კარლოვი - კატუნი
წარმოება
რედაქტირებაგანვითარება
რედაქტირებანიუ-იორკის უნივერსიტეტის კინოსკოლაში სწავლისას, ლევან კოღუაშვილი აქტიურად მუშაობდა დროისთვის მეტად აქტუალურ ემიგრაციის თემატიკაზე. მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმების წარმატების შემდეგ, რეჟისორი თავისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის ეძებდა მასალას, რისთვისაც დიდ დროს ბრაიტონ ბიჩზე ატარებდა.
ამ დროს გაიცნო ნიუ-იორკში თბილისიდან ჩასული კაცი, რომელსაც ტელეფონით შეატყობინეს, რომ მისი შვილი ბრუკლინის ქუჩებში შეიმჩნეოდა ძლიერი ნარკოდამოკიდებულებით და თუ არ უშველიდნენ, მოკვდებოდა. მამამ ვიზის აღება მოახერხა, ნიუ-იორკში ჩავიდა, შვილი მონახა და სიკვდილს გადაარჩინა, რეჟისორთან შეხვედრის დროს კი უკვე ორივე გადამზიდ კომპანიაში მუშაობდა. თავდაპირველად რეჟისორს ამ ამბის გამოყენება ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდად სურდა, თუმცა საბოლოოდ ფილმის წამყვანი სიუჟეტი გახდა.[4]
სადებიუტო ფილმზე მუშაობისა და კვლევის პროცესის დეტალებს კოღუაშვილი ხშირად უზიარებდა მის ლექტორს, ბორის ფრუმინს, თუმცა როდესაც უშუალოდ სცენარზე მუშაობა უნდა დაეწყო, საქართველოდან მიიღო ფილმის გადაღების შეთავაზება, მცირეოდენი ფიქრის შემდეგ კი საბოლოოდ არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა, თბილისში დაბრუნდა და "ქუჩის დღეები" (2010) გადაიღო.
ბორის ფრუმინმა, კოღუაშვილის ლექტორმა და ყველა მხატვრული ფილმის თანასცენარისტმა, "შემთხვევითი პაემნების" (2013) გადაღების შემდეგ რეჟისორს მივიწყებული პროექტი შეახსენა და პირველი დრაფტიც მალევე წარუდგინა, თუმცა რეჟისორი პროექტზე მიბრუნებას არ ჩქარობდა, რამდენადაც ემიგრაციის თემატიკა უკვე განვლილი ეტაპი იყო სხვა მოცემულობა ედგა.
პროდიუსერი ირაკლი როდონაია, რომელიც კოღუაშვილთან მუშაობის სურვილს გამოხატავდა, სცენარით დაინტერესდა და რეჟისორს მასზე მუშაობა შესთავაზა. საბოლოოდ კოღუაშვილი ნიუ-იორკში დაბრუნდა და ფილმზე მუშაობა განაახლა. ფრუმინის ინიციატივით, სცენარში მამა მოჭიდავე გახდა, ხოლო შვილის ნარკოდამოკიდებულება აზარტულმა თამაშებმა ჩაანაცვლა.[5]
გადაღება
რედაქტირებაფილმის გადაღება 2017 წლის თებერვალში, პირველი არხის პავილიონში დაიწყო.[6] ნიუ-იორკში, ბრაიტონზე ჰოსტელის ცოდნამ, სადაც სტუდენტობისას რჩებოდა, რეჟისორს გადასაღები ადგილების ძებნის პროცესი გაუმარტივა. "მე ვესაუბრე ქალს, რომელიც ამ ადგილს ამუშავებდა, ვთხოვე და საკმაოდ კარგი ფასდაკლება მოგვცა". ბიუჯეტური მიზეზების გამო, საქართველოდან მხოლოდ მთავარი როლის შემსრულებლები გაემგზავრნენ ამერიკაში, ხოლო დამხმარე როლის შემსრულებლები იქ მცხოვრები როგორც ქართველი მსახიობები, ასევე ადგილობრივი და ემიგრანტი არაპროფესიონალები იყვნენ. "ძირითადად, იმ ადგილას გადავიღეთ, სადაც ხალხი ცხოვრობს და იმ ხალხის ოთახებს ვიყენებდით, ვინც იქ ცხოვრობდა, რადგანაც დღისით სამსახურში მიდიოდნენ, საღამოს კი მათაც ფილმში ვიღებდი".[5] ფილმში მაფიის წარმომადგენლებს წარულში ნასამართლევი კრიმინალები ასრულებდნენ. "ჩვენი რუსი კრიმინალების უმეტესობას ციხეში დიდი დრო ჰქონდა გატარებული", იხსენებდა ფილმის ოპერატორი, ოსკაროსანი ფედონ პაპამიხაელი.[4] ოპერატორმა რეჟისორი ჩეხეთში, კარლოვი-ვარიში გამართულ ფესტივალზე გაიცნო, სადაც როგორც ჟიურის წევრმა მისი ერთ-ერთი ფილმი ნახა.[5]
გადაღებებისას ორი მთავარი პერსონაჟის როლის შემსრულებლებს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდათ. კახი კავსაძეს მოულოდნელად სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, ხოლო ლევან თედიაშვილმა გადაღებების დაწყებიდან ხუთ დღეში, სანაპიროზე ჭიდაობის სცენის გადაღებისას ხელი მოიტეხა. მიუხედავად ამისა, მეორე დღეს გადაღებებზე თაბაშირით დაბრუნდა. გადამღები ჯგუფი მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ცდილობდა, თედიაშვილის დაზიანება კამერაში არ მოხვედრილიყო.[5]
კახი კავსაძისა და ლევან თედიაშვილის პერსონაჟების პირველი გადაკვეთის სცენა, სადაც ქართველი ემიგრანტები მთავარი პერსონაჟის ჩასვლას ბრუკლინის სასტუმროში გაშლილი სუფრით აღნიშნავენ, გადამღებმა ჯგუფმა სულ ბოლოს, ნიუ-იორკიდან დაბრუნების შემდეგ, თბილისის ლტოლვილთა საცხოვრებელში გადაიღო.[7]
გადაღებების დასრულების შემდეგ ფილმმა პოსტ-პროდუქციისთვის სახსრების მოსაზიდად სემ შპიგელის სახელობის იერუსალიმის კინოფესტივალის საერთაშორისო ლაბორატორიის Work In Progress სეცქიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მიიღო ჟიურის პრიზი 25000 დოლარის ოდენობით და ფრანგული სადისტრიბუციო კომპანიის, ARP Selection-ის ჯილდოები ასევე 25000 დოლარის ოდენობით, რითაც ARP-მ საფრანგეთში ფილმის გაქირავების უფლება მოიპოვა, ხოლო რეჟისორმა არა მხოლოდ პოსტ-პროდუქციის მომზადება, არამედ იმ სცენების გადაღებაც მოახერხა, რომლებიც მანამ ფინანსური თუ ტექნიკური მიზეზების გამო ვერ გადაიღო.[8]
გამოსვლა
რედაქტირებაფილმის პრემიერა 2021 წლის 10 ივნისს Tribeca Film Festival-ზე შედგა, სადაც ფილმმა სამი ჯილდო დაიმსახურა საერთაშორისო ნარატივის საუკეთესო ფილმის, საუკეთესო მსახიობისა და საუკეთესო სცენარის კატეგორიებში.[2]
მომდევნო წლებში ფილმი აქტიურად ჩაეშვა საერთაშორისო გაქირავებაში - 2023 წელს საფრანგეთის, ხოლო 2024 წელს იტალიის კინოთეატრებში.[9]
სახლის მედია
რედაქტირებაამერიკაში ფილმის დისტრიბუციაზე უფლებები Kino Lobrer-მა შეიძინა და 2022 წლის 29 მარტს DVD გაქირავებაში ჩაუშვა.[9]
მიღება
რედაქტირებაშემოსავალი
რედაქტირებასაწყისი გამოშვების პირველ ეტაპზე ფილმის შემოსავალმა $2,726 შეადგინა. საბოლოო ჯამში, ფილმმა გაქირავებით $22,313 მოიპოვა.[9]
კრიტიკული შეფასება
რედაქტირებაIMDb მონაცემებით, ფილმის საშუალო რეიტინგი 6.8/10 განისაზღვრა. გვერდზე Rotten Tomatoes ფილმმა, 28 განხილვაზე დაყრდნობით, 89% მოწონება დაიმსახურა. ფილმის კრიტიკის კონსენსუსში იკითება: "პერსონაჟებზე ორიენტირებული ტრაგიკომედია გასაოცარი ემოციური წონით, მეოთხე ბრაიტონი ტკბილად აფასებს მშობლის სიყვარულის ძალას."[10]
ასლისა საიმონმა Variety-დან ფილმი შეაფასა, როგორც "ტკბილ-მწარე... მტკივნეული... ნაზი, ნატურალისტური ისტორია მშობლის ერთგულებისა და მსხვერპლის შესახებ... გადმოცემული სათნო სცენარით ბორის ფრუმინის მიერ... ის ასევე წარმოგვიდგენს [მთავარი როლის შემსრულებელ] ლევან თედიაშვილს… ღირსეული და ჩუმად ქარიზმატული თედიაშვილის აუღელვებელი მიდგომა ნამდვილად არის Tribeca-ს სამსახიობო პრიზის ღირსი... ბუტიკის არტ-ჰაუსის დისტრიბუტორებმა უნდა იხილონ ამ ფესტივალის ფავორიტი… მოვლენები კულმინაციას აღწევს გულის ამაჩუყებელი შესრულებით… სევდა გაჟღენთილი თხრობა კარგად აბალანსებს სევდიან იუმორს გულწრფელ სიტკბოსთან."[11]
ფრენკ შეკმა The Hollywood Reporter-იდან ფილმს "მგრძნობიარედ აბსურდული და აბსურდულად მგრძნობიარე" უწოდა: "მეოთხე ბრაიტონი იმდენად გაჟღენთილია ქართველი ემიგრანტებით დასახლებული ბრუკლინის ავთენტური ატმოსფეროთი, რომ პრაქტიკულად შეგიძლიათ ხინკალი დააგემოვნოთ... ნელა მზარდი ოჯახური დრამა, გარეული მისასალმებელი დოზით ცივი ბნელი იუმორით, ეს ლევან კოღუაშვილის მესამე ფილმია… აღნიშნავს მის ქართველ რეჟისორს, როგორც კინორეჟისორს საყურებლად... ფილმი დიდ სარგებელს იღებს მისი ნაკლებად სავარაუდო წამყვანი კაცის, ლევან თედიაშვილის შთამბეჭდავი, მშვიდად ღირსეული მყოფობით... ის თავის შეურიგებელ ხასიათს თავშეკავებული მამაკაცური ავტორიტეტით განმსჭვალავს, რომელიც მას ეკრანზე ყოველ წამს დამაჯერებელს ხდის... გარდა თედიაშვილის შთამბეჭდავი მთავარი შესრულებისა, რაც ფილმს განსაკუთრებულს ხდის, არის ღრმა ცხოვრებადი ატმოსფერო, არა მხოლოდ ავთენტური მდებარეობისა და გარემოს, არამედ შესანიშნავი დამხმარე მსახიობების წყალობით ."[12]
ვენდი აიდმა Screen Daily-დან ფილმი დაახასიათა, როგორც "საზოგადოების და მამაკაცურობის შესწავლა…". მისი შეფასებით "კოღუაშვილი ასახავს არაპროგნოზირებად დაძაბულობას და მის გმირებს შორის უსიტყვო ერთგულებას... ოსტატურად ახამებს ტონებს მის ნათლად რეალიზებულ კადრებში ქართული ვაჟკაცობისა... აერთიანებს აბსურდს და სილამაზეს."[13]
ჯოი მეგიდსონმა Awards Radar-იდან საკუთარ შეფასებაში დაწერა: "მას, ვინც ქართველი არ არის, მეოთხე ბრაიტონი საოცრად მახლობლად მომხვდა… ის სპეციფიკურია, მაგრამ გარკვეულწილად უნივერსალურიც, რაც მას ისეთივე ეფექტურს ხდის, როგორც საბოლოო ჯამში არის... ეს ყველაფერი ძალიან რეალურად და ცხოვრებადად იგრძნობა. გარდა ამისა, მეოთხე ბრაიტონი საკმაოდ კარგად გამოიყურება, რაშიც არანაკლები წვლილი მიუძღვის, რომ გადაღებულია ოსკარის ნომინანტის, ფედონ პაპამიქაელის მიერ... Tribeca, ალბათ, მხოლოდ დასაწყისია მისი დიდებით სავსე სარბიელის... საკმაოდ დამაჯერებელია. ის ისეთი დაკვირვებითია, როგორიც კარგი ინდი კინო შეიძლება იყოს."[14]
ქეით ერბლანდმა IndieWire-იდან ფილმის თემატიკა და მისი სრულიად განსხვავებული მიდგომა რეჟისორ დარენ არონოფსკის ფილმ "მოჭიდავეს" (2008) შეადარა და აღნიშნა: "Tribeca-ს ხშირად აქვს რამდენიმე საერთაშორისო ძვირფასი ქვა, რომელიც მის საერთაშორისო ნარატიულ კონკურსში იმალება და ამ ემიგრანტულ დრამას კარგი შანსი აქვს, რომ ამჯერად ის იყოს."[15]
მაიკლ ატკინსონმა The Village Voice-დან ფილმს "თითქმის სრულყოფილი" უწოდა.[16] პიტერ სობჩინსკიმ, როჯერ ებერტის გვერდის მწერალთა გუნდის წევრმა დაწერა: "ვისიამოვნე, როგორც მკვდარი იუმორის მომენტებით, რომლებიც არსაიდან მოდის, ისევე [წამყვანი] თედიაშვილის ბრწყინვალე მყოფადობით, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს გაწვრთნილი მსახიობი ნებისმიერი გაგებით, მაგრამ ისე განასახიერებს როლს, როგორც მსახიობების უმეტესობა მხოლოდ იოცნებებდა."[17][18]
მეთ ფაგერჰოლმმა, ჩიკაგოს კინოკრიტიკოსთა ასოციაციის წევრმა და როჯერ ებერტის გვერდის ყოფილმა რედაქტორმა ფილმს ოთხიდან სამნახევარი ვარსკვლავი მიანიჭა. საკუთარ შეფასებაში მან კახის პერსონაჟი და ლევან თედიაშვილის შესრულება რიჩარდ ფერნსუორთსა და მის განსახიერებულ ელვინ სთრეითს შეადარა ფილმიდან "ჩვეულებრივი ამბავი" (1999). ასევე მის მიმოხილვაში ვკითხულობთ: "მეოთხე ბრაიტონს შეეძლო, ადვილად მიდგომოდა საკუთარ ისტორიას სასიკვდილო სერიოზულობით და მასში ბევრი ასპექტია, რომელიც საშინლად სასოწარკვეთილია. ამის მიუხედავად, კოღუაშვილი ისეთ მიმზიდველ სითბოს პოულობს მისი პერსონაჟების კეთილ საქციელში, რომ ჩვენ ცრემლებით გაღიმებული ვრჩებით, მადლობელნი მათთვის, ვისი თავგანწირვითაც ჩვენი ცხოვრება შესაძლებელი გახდა."[19]
ჯილდოები და აღიარებები
რედაქტირებაჯილდო | კატეგორია | მიმღები | შედეგი | რესურსი |
---|---|---|---|---|
Academy Awards | საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმი | მეოთხე ბრაიტონი | ნომინირებული | [20] |
Antalya Golden Orange Film Festival | საერთაშორისო მხატვრული ფილმის კონკურსის ჯილდო | ლევან კოღუაშვილი | ნომინირებული | [20] |
Asia Pacific Screen Awards | მსახიობის საუკეთესო შესრულება | ლევან თედიაშვილი | ნომინირებული | [21] |
Asian World Film Festival | თოვლის ლეოპარდის ჯილდო | ლევან კოღუაშვილი | გამარჯვებული | [20] |
Cleveland International Film Festival | ჯორჯ გუნდ მესამის სახელობის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კონკურსი | ლევან კოღუაშვილი | ნომინირებული | [20] |
Film Festival Cottbus | პრიზი გამორჩეული ინდივიდუალური შესრულებისთვის | ლევან თედიაშვილი | გამარჯვებული | [20] |
FIPRESCI პრიზი | ლევან კოღუაშვილი | გამარჯვებული | [20] | |
ეკუმენური ჟიურის პრიზი | ლევან კოღუაშვილი | გამარჯვებული | [20] | |
Fribourg International Film Festival | ჟიურის სპეციალური ჯილდო | მეოთხე ბრაიტონი | გამარჯვებული | [21] |
Göteborg Film Festival | დრაკონის ჯილდო | ლევან კოღუაშვილი | ნომინირებული | [20] |
Haifa International Film Festival | კარმელის ჯილდო | მეოთხე ბრაიტონი | ნომინირებული | [20] |
Les Arcs European Film Festival | კრისტალის ისარი | მეოთხე ბრაიტონი | ნომინირებული | [20] |
Palm Springs International Film Festival | საუკეთესო უცხო ენოვანი ფილმი | მეოთხე ბრაიტონი | ნომინირებული | [20] |
Pingyao International Film Festival | გალა-საუკეთესო ფილმი | მეოთხე ბრაიტონი | ნომინირებული | [20] |
Red Sea International Film Festival | საუკეთესო ფილმი | მეოთხე ბრაიტონი | გამარჯვებული | [20] |
Reims Polar Festival du Film Policier | გრან პრი | ლევან კოღუაშვილი | ნომინირებული | [20] |
Tribeca Film Festival | საუკეთესო საერთაშორისო ნარატივის ფილმი | მეოთხე ბრაიტონი | გამარჯვებული | [21] |
საუკეთსო მსახიობი | ლევან თედიაშვილი | გამარჯვებული | [21] | |
საუკეთესო სცენარი | ბორის ფრუმინი | გამარჯვებული | [21] |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ პირველი არხის თანამონაწილეობით შექმნილი ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ 8 თებერვლიდან იტალიის კინოგაქირავებაში გამოდის (2024).
- ↑ 2.0 2.1 Daniélou, Laurent. (2021)BRIGHTON 4TH - A film by Levan Koguashvili.
- ↑ გონგაძე, თამარ. (2022)„ეს იყო ორი არაორდინარული ადამიანის შეხვედრა. არც ერთს ყურში არ ესმოდა კარგად... ერთმანეთს უყვიროდნენ, მე კიდევ - ორივეს“ - კახი კავსაძისა და ლევან თედიაშვილის ტანდემზე.
- ↑ 4.0 4.1 Wise, Damon. (2021)“Our Criminals Were Real Criminals”: Director Levan Koguashvili On Georgia’s Gritty Oscar Bid ‘Brighton 4th’ – Contenders International.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 Saito, Stephen. (2022)Levan Koguashvili on Wrestling with Fate in “Brighton 4th”.
- ↑ კუჭუხიძე, თათია. (2018)ლევან კოღუაშვილმა ახალი ფილმის გადაღებები დაასრულა.
- ↑ შაიშმელაშვილი, რუსუდან. (2023)„თავს მოხვეული იდეოლოგია ეკრანზე მაშინვე გამოჩნდება“.
- ↑ „მეოთხე ბრაიტონის" წარმატება: ლევან კოღუაშვილის ფილმმა ისრაელში სოლიდური პრიზები მიიღო (2019).
- ↑ 9.0 9.1 9.2 Nash Information Services, LLC.. Brighton 4th (2022).
- ↑ Rotten Tomatoes. Brighton 4th.
- ↑ Simon, Alissa. (2021)‘Brighton 4th’ Review: A Bittersweet Tale of a Father’s Devotion.
- ↑ Scheck, Frank. (2021)‘Brighton 4th’: Film Review | Tribeca 2021.
- ↑ Ide, Wendy. (2021)‘Brighton 4th’: Tribeca Review.
- ↑ Magidson, Joey. (2021)Tribeca Film Festival Review: ‘Brighton 4th’ Explores Georgian Community and Masculinity.
- ↑ Erbland, Kate. (2021)Tribeca 2021: 14 Must-See Festival Films and Events You Can Attend or Stream at Home.
- ↑ Atkinson, Michael. (2021)Tribeca ‘21: What We Do in the Shadows, All Together in the Dark.
- ↑ Sobczynski, Peter. (2021)A Look Back at Tribeca 2021: The Narrative Features.
- ↑ BRIGHTON 4TH BY LEVAN KOGUASHVILI (2021).
- ↑ Fagerholm, Matt. (2022)Brighton 4th movie review & film summary.
- ↑ 20.00 20.01 20.02 20.03 20.04 20.05 20.06 20.07 20.08 20.09 20.10 20.11 20.12 20.13 Brighton 4th Awards.
- ↑ 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 Awards & Festivals - Brighton 4th.