მეთოდე ოლიმპოელი

ბიზანტიელი ქრისტიანი ეპისკოპოსი და მოწამე

მეთოდე (მეთოდიოს) ოლიმპოელი (ბერძნ. Μεθόδιος Πατάρων, ან როგორც ცნობილია მეთოდიოს პატარელი გ. 311/312 წ.) თეოლოგი, წმინდა მამა, ულუმბოს ეპისკოპოსი (წარმოშობით პატარიდან, ლიკია), III საუკუნის მეორე ნახევრისა და IV საუკუნის დასაწყისის ყველაზე დიდი ბიზანტიელი მწერალი[2]. მისი ცხოვრების შესახებ ცნობილია, რომ ეპისკოპოსად იყო ლიკიის უდაბნოში და გარდაიცვალა 311/312 წელს.

მეთოდე ოლიმპოელი
დაბადების თარიღი 260
დაბადების ადგილი ლიკია
გარდაცვალების თარიღი 311[1]
გარდაცვალების ადგილი ქალკიდა
საქმიანობა მღვდელი[1] , მწერალი[1] და Catholic bishop
ენა ძველი ბერძნული ენა

ცხოვრება

რედაქტირება

მეთოდე ოლიმპოელის შესახებ პირველ ცნობებს გვაწვდის ნეტარი იერონიმე სტრიდონელი, რომელიც თავის თხზულებაში „გამოჩენილ კაცთა შესახებ“ (De Viris Illustribus)[3] აღნიშნავს, რომ მეთოდე იყო ოლიმპოს ეპისკოპოსი ლიკიაში და ამის შემდეგ ეპისკოპოსის კათედრა ჩაიბარა ტვიროსში. აქედან ბოლო ცნობა საეჭვოა, რამდენადაც ევსები კესარიელის განცხადებით[4], დიოკლეტიანეს დევნის დროს ტვიროსის ეპისკოპოსი იყო ტირანიო, რომელიც აღესრულა მოწამეობრივად. დევნის დასრულების შემდეგ ქალაქის ეპისკოპოსად ირჩევენ პავლინეს. ნეტარი იერონიმე მოგვიანებით წერს, რომ მეთოდე მოწამეობრივად აღესრულა ქრისტიანთა დევნილობის ბოლო პერიოდში, მაქსიმინუს დაიას (311) იმპერატორობისას.

ნაშრომები

რედაქტირება

როგორც თეოლოგი, მეთოდე ებრძვის თავის ნაშრომებში ორიგენესა და მის მომხრეებს. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ორიგენიზმის წინააღმდეგ გაილაშქრა. ძირითადად აკრიტიკებს სწავლებებს სამყაროს მარადიულობის, სულთა დაბადებამდე არსებობისა და სამყაროს აღსასრულის მისეული გაგების შესახებ. ორიგენეს წინააღმდეგ არის მიმართული ორი თხზულება: „აგლაფონი, ანუ აღდგომის შესახებ“ და „შესაქმის შესახებ“. რაც შეეხება ტრაქტატს „თავისუფალი ნების შესახებ“, მიმართულია ვალენტინიანეს წინააღმდეგ. მეთოდე უმეტეს ნაწილად ალეგორიულად ხსნის საღმრთო წერილის სიტყვებს და მის აზრებში მოჩანს პლატონისა და სტოელთა ფილოსოფიის გავლენა. ასევე, დიალოგის ფორმით არის დაწერილი: „თავისუფალი ნების შესახებ“ და „ნადიმი, ანუ უმანკოების შესახებ.“

მეთოდეს ნაწარმოებთა უმეტესი ნაწილი ჩვენამდე არ არის მოღწეული. ზოგი ნაწყვეტია, ზოგი - მხოლოდ სათაური. მის ნაწარმოებში გამონაკლისს წარმოადგენს „ნადიმი, ანუ უმანკოების შესახებ[5],“ რომელიც მთლიანადაა შემონახული, ბერძნულ ენაზე. ასევე ბერძნულ ენაზეა დღემდე მოღწეული ტრაქტატი „თავისუფალი ნების შესახებ“.

სლავურ ენაზე მოაღწია მეთოდეს ოთხმა ტრაქტატმა:

  • „ცხოვრების შესახებ“ (De Vita);
  • „წურბელას შესახებ“ (De Sanguisuga) - წურბელას შესახებ, რომელიც მოხსენიებულია იგავთა წიგნში: „წურბელსა სამ ასულ ესხნეს სიყვარულითა, საყუარელნი და სამთავე მათ ვერ განაძღეს იგი, და მეოთხესა მას ვერ კმა-ეყო თქუმად, ვითარმედ: კმა არს.“ (იგავ. 30:15).
  • „საზრდელის შესახებ“ (De cibis) - შეეხება კვების ებრაულ წესს, ასევე გადმოგვცემს ამბავს ძროხის შესახებ, რომელიც მოხსენიებულია ლევიტელთა წიგნში და განმარტავს მას, როგორც ღმერთის მიერ განწესებულ კვების კანონის ალეგორიას ძველ აღთქმაში;
  • „კეთრის შესახებ“ (De Lepra) - მიწერილი სისტელიუსისადმი, დიალოგი ეუბულიოსსა (მეთოდე) და სისტელიუსს შორის ძველი აღთქმის მისტიკური აზრის შესახებ, რომელიც მიემართება კეთრს;
  1. 1.0 1.1 1.2 BeWeB
  2. ყაუხჩიშვილი სიმონ, ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, ბიზანტიური პერიოდის ლიტერატურა, 1973, გვ. 42-46.
  3. De Viris Illustribus (On Illustrious Men), http://www.newadvent.org/fathers/2708.htm
  4. Eusebius, Church History, XIII: VIII http://www.newadvent.org/fathers/250108.htm
  5. „სიმპოსიონი“, „ნადიმი, ანუ უმანკოების შესახებ“, თარგმნა და გამოკვლევა დაურთო გვანცა კოპლატაძემ, თბილისი, 2012.