მახარბეკ თუღანოვი

მახარბეკ თუღანოვი[2] (დ. 1881[3] — გ. 1952, ორჯონიკიძე) — ოსეთის სახალხო მხატვარი,[2] საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ცხინვალის სამხატვრო სასწავლებლის დამფუძნებელი და პირველი დირექტორი. ისტორიულ თემებზე შექმნილი მრავალი ნახატის ავტორი, პორტრეტისტი, ნართული ეპოსის თქმულებათა მხატვრული გამფორმებელი, პუბლიცისტი, ოსური ფოლკლორის შემკრები.

მახარბეკ თუღანოვი
დაიბადა 1881[1]
დაბადების ადგილი დურ-დური
გარდაიცვალა 4 ივლისი, 1952(1952-07-04)[1]
ჟანრი ფერწერა და გრაფიკა

ბიოგრაფია

რედაქტირება

მახარბეკ თუღანოვი დაიბადა 1881 წელს ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ დურ-დურში. პირველდაწყებითი განათლება მან მიიღო ვლადიკავკაზის ერთ-ერთ პანსიონში. 1898 წელს მან დაამთავრა ვლადიკავკაზის რეალური სასწავლებელი. 1901 წელს იგი ჩაირიცხა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1905 წელს, მისი მასწავლებელი ყოფილა ილია რეპინი. 1905-1907 წლებში მახარბეკ თუღანოვი სწავლობდა გერმანიაში, მიუნხენში, პროფ. ანტონ აშბეს სტუდიაში. 1907 წელს მხატვარი სამშობლოში დაბრუნდა და ვლადიკავკაზში დააარსა სამხატვრო სტუდია და მხატვართა საზოგადოება. გარდა ამისა იგი იყო ვლადიკავკაზის პირველი ოსური საგამომცემლო საზოგადოების „ირ“-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ეს საგამომცემლო საზოგადოება 1906 წლის 7 ოქტომბერს დაფუძნდა თბილისში. 1907 წელსვე მახარბეკ თუღანოვი იყო ოსური გაზეთის „ნოგ ცარდ“-ის ერთ-ერთი დამაარსებელი (გამოდიოდა თბილისში). 1926-1930 წლებში თუღანოვი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვლადიკავკაზში. ამავე დროს იგი იყო ჩრდილოეთ ოსეთის მხარეთმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

 
თუღანოვის საფლავი, ვლადიკავკაზი.

1930 წლიდან მხატვრის შემდგომი მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ცხინვალთან. 1931 წელს მახარბეკ თუღანოვის ინიციატივით ცხინვალში დაფუძნდა სამხატვრო სასწავლებელი, ცხინვალში შექმნა ასევე სამხატვრო სტუდია, სამხატვრო გალერეა, რომელსაც წლების განმავლობაში თავადვე ხელმძღვანელობდა. აქ იგი ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 1943 წლამდე. 1931 წელს იგი მიიწვიეს ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო თეატრში მთავარ მხატვრად და ამ მოვალეობას ასრულებდა 1943 წლამდე. 1940 წელს მხატვარს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. 1946 წელს მას პირველს მიენიჭა ჩრდილოეთ ოსეთის სახალხო მხატვრის წოდება.

თუღანოვი იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, უძღვებოდა ფოლკლორისტიკის განყოფილებას. მას ბევრი საინტერესო გამოკვლევა აქვს ფოლკლორისტიკაში. მისი დამსახურებაა, რომ რამდენიმე ნართული თქმულება დავიწყებას გადაურჩა. მასვე ეკუთვნის რამდენიმე მონოგრაფია.

მახარბეკ თუღანოვის ნახატებით გაფორმებულია ნართების ეპოსის არაერთი კრებული. მათ შორის, 2014 წელს ქართულ ენაზე გამოქვეყნებული ნართების ეპოსი ოსურ და ქართულ ენებზე (შემდგენელი და მთარგმნელი ნაირა ბეპიევი),[4] 2020 წელს გამოცემული ნართების ეპოსი ბავშვებისათვის ოსურ, ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე (შემდგენელი ნაირა ბეპიევი, ქართულ ენაზე თარგმნა ნაირა ბეპიევმა, ინგლისურ ენაზე თარგმნა თამარ გელაშვილმა, გერმანულ ენაზე თარგმნა ნინა ზიგერმა).[5]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ურუშაძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 136.
  • მახარბეკ თუღანოვისაქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
  • ურუშაძე ლ., ქართულ-ოსური კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობის ისტორიისათვის (მახარბეკ თუღანოვი და საქართველო), თბ., 2009 ISBN 978-9941-12-879-0
  • Тоидзе М. И. Воспоминание о И. Е. Репине /Новое о Репине. Статьи и письма художника, воспоминания учеников и друзей, публикации. Ред.-сост. И. А. Бродский и др. — Л.: Худ. РСФСР, 1969. — С. 206.
  • Гиреев Д. А. Вступительная статья / Литературное наследие. — Ордж., 1977. — С. 7.
  • Хаким Мусса. Махарбек Туганов. Народный художник Осетии. — Орджоникидзе: Северо-Осетинское книжное издательство, 1962.
  • Туганов М. С. Мои воспоминания о Репине /Литературное наследие. — Ордж., 1977. — С. 107.
  • Каджоян Акоп К. Воспоминания/М. С. Туганов. Литературное наследие. — Ордж.:Ир, 1977. — С.211
  • Дзантиев А. А. Художники Северной Осетии. — Л.: Художник РСФСР, 1988. — С. 189. — ISBN 5-7370-0014-1.
  1. 1.0 1.1 Faceted Application of Subject Terminology
  2. 2.0 2.1 ღვინერია თ., ოსური უმცირესობის კულტურული მარშრუტი საქართველოში, თბ., 2017, გვ. 5
  3. ეს თარიღი არის მისი საფლავის ქვაზე, რაც შეეხება სხვა წყაროებს ზოგან მითითებულია 1878, ზოგან კი 1880 წელი.
  4. ბეპიევა ნ., ნართები, თბ., 2014
  5. ნართების თქმულებები ბავშვებისათვის, თბ., 2020