მატნის მთავარანგელოზის ეკლესია
მატნის მთავარანგელოზის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ მატნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1,5 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (8,6 X 5,6 მ), შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი შიგნით სწორკუთხაა, გარედან - შეისრულთაღოვანი. აღმოსავლეთით შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდაა, რომლის ღერძზე გარეთკენ მკვეთრად დავიწროებული და ფიცრით გადახურული სწორკუთხა სარკმელია (გვიანდელია). სარკმლის მარჯვნივ, ერთმანეთის თავზე, ორი სწორკუთხა ნიშია. მათგან ზედა შედარებით მცირე ზომისაა და კედელში მოწყობილ პატარა სამალავს უკავშირდება. ამ სამალავთან დარბაზის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში არსებული ნიშიცაა დაკავშირებული. საკურთხეველი დარბაზისგან წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით ყოფილა გამოყოფილი. დარბაზის გრძივი კედლების შუაში თითო მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია. სამხრეთ კედელზე შემორჩენილია ნახევარწრიული კამარის ქუსლის მცირე ნაწილი. გარედან ეკლესიის სამხრეთ კედელზე მიშენებულია ორი, ხოლო ჩრდილოეთ კედელზე ერთი ნახევარწრიული კონტრფორსი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 110.