მანანა ანასაშვილი

ქართველი რეჟისორი, ხელოვნებათმცოდნე

მანანა ანასაშვილი (დ. 16 ივნისი, 1952, თბილისი) — ქართველი რეჟისორი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი, ექიმი; საქართველოს კინოაკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი; საქართველოს შექსპირის ასოციაციის თავმჯდომარე.

მანანა ანასაშვილი

მანანა ანასაშვილი
დაბადების თარიღი 16 ივნისი, 1952 (1952-06-16) (72 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება ექიმი, ხელოვნებათმცოდნე, რეჟისორი
შვილ(ებ)ი ნიკოლოზ ანასაშვილი
მშობლები მამა: ნიკოლოზ ანასაშვილი (პედაგოგი, 1920-1979)
დედა: თინა ბახია (ექიმი, 1921-1961)
ჯილდოები „ოქროს არწივი“ შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი „საუკეთესო დებიუტისთვის“, ფილმისათვის „მხოლოდ ერთხელ“ (1991 წ.)

ბიოგრაფია

რედაქტირება

მანანა ანასაშვილი დაიბადა 1952 წლის 16 ივნისს, თბილისში. 1969 წელს დაამთავრა თბილისის 42-ე მათემატიკური სკოლა, ოქროს მედლით, ხოლო 1975 წელს კი ასევე წარჩინებით — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ექიმ-თერაპევტის სპეციალობით. პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკუკლტეტზე. მუშაობდა ექიმად, შემდეგ კი ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე (ლილი იოსელიანის სახელოსნო), რომელიც დაამთავრა 1981 წელს.

1980 წელს სოხუმის ქართული დრამატული თეატრის სცენაზე დადგა საკურსო სპექტაკლი „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“. მისი სადიპლომო სპექტაკლი „ბნელ ოთახში“ (1982) ოცდასამი წლის განმავლობაში გადიოდა თუმანიშვილის კინომასხიობთა თეატრის სცენაზე.

1981-2005 წლებში მუშაობდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ჯერ ასისტენტად, შემდეგ პროფესორად. ხელმძღვანელობდა კინო-ტელე სარეჟისორო სახელოსნოს, ხოლო 1982-1985 — კინომსახიობთა თეატრში დამდგმელ რეჟისორად; ამასთან 1983-1985 და 1988-2003 წლებში იყო სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის რეჟისორი, აგრეთვე წამყვანი. 1998-2002 მე-2 არხზე მიჰყავდა საავტორო გადაცემა „კინონოსტალგია“; შემდეგში -„კინომონატრება“ . 1985-2002 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ჯერ მეორე რეჟისორად, შემდეგ დამდგმელ რეჟისორად. იყო 1997 წელს „ოსკარზე“ პირველად ნომინირებული ქართული ფილმის შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი (რეჟ. ნანა ჯორჯაძე) ქასთინგის რეჟისორი.

2003 წელს დაამთავრა აშშ-ს ვისკონსინის უნივერსიტეტი (UW in Madison), მიიღო ხელოვნების ადმინისტრირების მაგისტრის წოდება პარალელურად მიჰყავდა მსახიობის ოსტატობის კურსი ამავე უნივერსიტეტის ბაკალავრიატში.

2005 წელს მოიპოვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კულტურისა და განათლების ბიუროს და ბრედლის ფონდის გრანტი და იმყოფებოდა აშშ-ს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში, ლიბერალური განათლების კონცეფციაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის შესასწავლად და პარალელურად მიწვეული ლექტორის სტატუსით მიჰავდა კურსი Acting by Stanislavski ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში.

2005 წლიდან არის მიჩიგანის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და AGILE (American-Georgian Initiative for Liberal Education) ერთობლივი საბაკალავრი პროგრამის „თავისუფალი მეცნიერებების“[1] პროფესორი.

2012 წლიდან არის ამერიკის დემოკრატიის ფონდის ექსპერტი (პროექტი „ახალგაზრდები დემოკრატიისთვის“).

2013-2015 წლებში იყო საქართველოს კინომატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, 2019-დან კი არის საქართველოს კინოაკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი[2].

2020 წლიდან არის Euronews საქართველოს Public Speaking ტრენერი.

ჰყავს ერთი შვილი, ნიკოლოზ ანასაშვილი.

დადგმები

რედაქტირება
  • ლაშა თაბუკაშვილის „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, სოხუმის ქართული თეატრი, 1980
  • „ბნელ ოთახში“, კინომსახიობთა თეატრი, 1982
  • ედუარდო დე ფილიპოს „ცილინდრი“, თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო თეატრი, 1983
  • ევგენი შვარცის „დრაკონი“, კინომსახიობთა თეატრი, 1984
  • პაოლო იაშვილის „ფერადი ბუშტები“, „სატელევიზიო ლიტერატურული თეატრი“, 1984
  • „ბნელ ოთახში“, გორის ერისთავის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, 1985
  • ოთარ ჭელიძე „სატელევიზიო ლიტერატურული თეატრი“, 1985
  • ჰანს კრისტიან ანდერსენის „მარიამის შვილობილი“, საბავშვო სატელევიზიო თეატრი „ჩიკორა“, 1999
  • ჰანს კრისტიან ანდერსენის „პრინცესა და მეღორე“, საბავშვო სატელევიზიო თეატრი „ჩიკორა“, 2000

ფილმოგრაფია

რედაქტირება
  • „მშვიდობის ხის ფესტივალი“ (დოკუმენტური), სატელევიზიო ფილმების სტუდია, 1990
  • „მხოლოდ ერთხელ“[3] (მხატვრული), კინოსტუდია „ქართული ფილმის“ გაერთიანება „კინოსტუდია +1“, 1992
  • „სულ საქართველოზე ვილაპარაკებ“ (დოკუმენტური), საქართველოს ტელეფილმების სტუდია, 1986
  • „კაპუნიას დღესასწაული“ (საბავშვო მუსიკალური ფილმი, თ. ჭაბუკიანთან ერთად), სტუდია „ტელეფილმი“, 2000
  • „რობიკო სტურუა“[4] (დოკუმენტური), 2008

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • „მხატვრული აზროვნების თავისებურებები სატელევიზიო ახალ ამბებში“, ჟურნალი სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი # 2(31), 2008
  • „არტურ მილერის უკანასკნელი პიესა და სატელევიზიო და რეალური შოუ“, ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, # 5-6, 2007
  • „ტელეტექნოლოგიების ევოლუცია — ტელერეჟისურის განვითარების საფუძველი“, ჟურნალი „თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი ძიებანი“, N 7(26), 2006
  • „თეატრალური სპექტაკლის ვიდეო ვერსიის რეჟისურის საკითხისათვის“, ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, # 1-2, 2006
  • „სატელევიზიო რეკლამა პოსტმოდერნული კულტურის კონტექსტში“, ჟურნალი „თეატრმცოდნეობითი და კინომცოდნეობითი ძიებანი“, # 9(28), 2006
  • „პოსტმოდერნული ფრაგმენტაცია ტელევიზიაში“, ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, # 3-4, 2006

პრემიები და ჯილდოები

რედაქტირება
  • აშშ-ს Bradley Foundation და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი-აშშ-ს Johns Hopkins University-ში Liberal Arts Teaching Methodology-ში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. 2005
  • აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კულტურისა და განათლების ბიუროს ს გრანტი University of Wisconsin, Madison სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, 2002-2003
  • „ოქროს არწივი“ შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი „საუკეთესო დებიუტისთვის“, ფილმისათვის „მხოლოდ ერთხელ“[5], 1991
  • მაყურებელთა პრიზი პეტერბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე „თეთრი ღამეები“, 1994
  • მინსკის მსოფლიოს ქალ-რეჟისორთა საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი „სამსახიობო ანსამბლისათვის“, ფილმისთვის „მხოლოდ ერთხელ“, 1994
  • ბაბელსბერგის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი, 1994
  • კიევის საერთაშორისო ფესტივალის „მოლოდოსტ“ პრიზი, 1995

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება