მამია ხატელიშვილი
მამია ხატელიშვილი (დ. 2 აპრილი, 1932, ქუთაისი — გ. 4 ივლისი, 1987) — ქართველი კომპოზიტორი, მომღერალი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1967)
მამია ხატელიშვილი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 2 აპრილი, 1932 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი |
გარდ. თარიღი | 4 ივლისი, 1987 (55 წლის) |
საქმიანობა | კომპოზიტორი, მომღერალი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1959 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალური, 1972 წელს კი - საკომპოზიციო განხრით.
1949 წლიდან ხელმძღვანელობდა სხვადასხვა თვითშემოქმედებით საგუნდო კოლექტივს, როგორც თბილისში ისე საქართველოს სხვა ქალაქებში (ჭიათურა, ტყიბული); 1955–1957 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი, 1956 წელს მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი გახდა. 1957–1959 წლებში საქართველოს სახელმწიფო კაპელის სოლისტია, 1961–1967 წლებში - საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ვოკალური კვარტეტის ხელმძღვანელი, 1970 წლიდან საქართველოს სახელმწიფო სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის კომიტეტის ვაჟთა ვოკალური ანსამბლის ხელმძღვანელი, 1977 წლიდან ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელი. დაწერილი აქვს: ვოკალურ–სიმფონიური ნაწარმოებები – კანტატა სოლისტის, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1972), ვოკალურ–სიმფონიური ციკლი (1974); საგუნდო ნაწარმოებები – სიმღერა შერეული გუნდის ა კაპელასათვის (1957), „ახალგაზრდული“ სიმღერა შერეული გუნდის ა-კაპელასათვის (1962); სიმღერები, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და კინოფილმებისთვის. 1976 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი.