მათიას შანდორი (ფრანგ. Mathias Sandorf) — ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სათავგადასავლო ჟანრის რომანი. დაწერილია ალექსანდრ დიუმას რომან „გრაფ მონტე-კრისტოს" მიხედვით. მწერალმა მასზე მუშაობა 1883 წელს დაიწყო, ხოლო ცალკე წიგნად 1885 წელს საფრანგეთში გამოიცა. წიგნი მოგვითხრობს უნგრელი პატრიოტის, გრაფ მათიას შანდორის თავგადასავალს. მართალია, რომანი დაწერილია გრაფ მონტე-კრისტოს მიხედვით და მათი სიუჟეტები ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ მთავარი პირები, გრაფი მათიას შანდორი და გრაფი მონტე-კრისტო (ედმონ დანტესი) ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან.

მათიას შანდორი
სრული სათაური Mathias Sandorf
საერთო სათაური მათიას შანდორი
ჟანრი სათავგადასავლო
ავტორი ჟიულ ვერნი
მშობლიური ენა ფრანგული
დაწერილია 1885
დაწერის ადგილი საფრანგეთი
გამოცემულია 1885
ქართულად თარგმნა ნუნუ ქადეიშვილმა
წინა არქიპელაგი ცეცხლში
შემდეგი Robur the Conqueror

ჟიულ ვერნმა ეს ნაწარმოები ალექსანდრ დიუმას შვილს, ასევე ალექსანდრ დიუმას მიუძღვნა.

რომანი ქართულად პირველად 1972 წელს გამომცემლობა ნაკადულმა გამოსცა. მთარგმელი კი ნუნუ ქადეიშვილი იყო.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება იწყება 1867 18 მაისს, უნგრეთში. ორი მოხეტიალე მეგობარი, სარკანი და ძირონე საფოსტო მტრედს იპოვიან. წერილში მათთვის აბსოლუტურად გაუგებარი ბგერები წერია. სარკანი დაეჭვდება და გადაწყვეტს, რომ მტრედს გაჰყვეს და გაიგოს წერილის ადრესატის ვინაობა. მტრედი მათ გრაფ ლადისლას ზათმარის სახლამდე მიიყვანს. სარკანი იმ წერილი ასლს გააკეთებს და შეინახავს.

ამ პერიოდში, კარლოვიცის ზავი კვლავ მოქმედებდა და უნგრეთი ავსტრიის შემადგენლობაში რჩებოდა. სამ მეგობარს: გრაფ მათიას შანდორს, გრაფ ლადისლას ზათმარსა და იშტვან ბათორს გადაწყვეტილი აქვთ, რომ შეთქმულება მოაწყონ უნგრეთის გათავისუფლებისათვის. მათ მთელი უნგრეთი აიყოლიეს ისე, რომ შეთქმულების არსებობას ვერავინ მიხვდა. ეს წერილი სწორედ შეთქმულთა მიერაა დაწერილი და მისი წაკითხვა მხოლოდ ბადითაა შესაძლებელი.

სარკანი სამივე მათგანს რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებს და რაღაცას ხვდება. ხვდება, რომ იქ შეთქმულება მზადდება და სურს, რომ შეთქმულები გასცეს, რადგან მან იცის, რომ გრაფი მათიას შანდორი დიდი ქონების პატრონია და თუ იგი შეთქმულებაში ამხილეს, მისი ქონების ნახევარი სწორედ გამცემს გადაეცემა.

გრაფი მათიას შანდორი თავის ფულს ბანკირ სილას ტორონთალთან ინახავს. სილას ტორონთალი და სარკანი ერთმანეთს იცნობენ. სარკანი სწორედ მასთან მიდის და ყველაფერს ეუბნება, რაც იცის. მას სურს ბადის მოპარვა ლადისლას ზათმარის სახლიდან, რათა იმ წერილის წაკითხვა მოახერხოს, ხოლო ტორონთალს სთხოვს, რომ როგორმე მოახვედროს მის სახლში.

სილას ტორონთალის დახმარებით, სარკანი ლადისლას ზათმარის სახლში შეაღწევს და ბადის პოვნას მოახერხებს. ის ბადის ზუსტ ასლს გადაიღებს და მეორე დღეს სილას ტორონთალთან წერილის წასაკითხად მიდის. სარკანი ბადის დახმარებითაც კი ვერ ახერხებს წერილის გაშიფვრას, მაგრამ ტორონთალი დაეხმარება მას და წერილი გაიშიფრება. ეს წერილი ამტკიცებს შეთქმულების არსებობას. სარკანი მას პოლიციაში მიიტანს. შეთქმულების მოთავეებსა და ლადისლას ზათმარის სახლში მომუშავე სარკანის შეთქმულების დაწყების წინა დღეს აკავებენ და მათთვის აბსოლუტურად უცნობ ციხესიმაგრეში მიჰყავთ.

რამდენიმე დღეში სასამართლო პროცესზე მათიასს, იშტვანსა და ლადისლასს დახვრეტას მიუსჯიან, ხოლო სარკანის უდანაშაულოდ სცნობენ. მეგობრები შეეგუებიან თავიანთ ბედს, მაგრამ აწუხებთ კითხვა, თუ ვინ გასცა ისინი. ამაზე პასუხს ისინი მაშინ იღებენ, როცა ყურს მოჰკრავენ სილას ტორონთალისა და სარკანის საუბარს მათი საკნის გვერდით. ამ საუბრით მათთვის ყველაფერი აშკარა ხდება და გადაწყვეტენ გაქცევას. იშტვანი და მათიასი გარბიან, მაგრამ ლადისლასს პოლიციელები მოუსწრებენ და გაქცევას ვეღარ ახერხებს. ორი მეგობარი ზღვაში ვარდებიან და ტალღებთან მათი ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ხმელეთზე ამოყოფენ თავს. ჟანდარმები ყველგან დაძრწიან და ეძებენ. მათი მპოვნელისთვის 5 000 ფლორინია დაწესებული. მათიასი და იშტვანი თავს მებადურ ანდრეა ფერატოს სახლს შეაფარებენ, მაგრამ მათ ყველგან დაჰყვება ერთი პიროვნება გვარად კარპენა. როცა დაინახავს, რომ გაქცეულებმა ანდრეა ფერატოს სახლს შეაფარეს თავი, მაშინვე მივა მასთან და მისი ქალიშვილის მარიას ხელს სთხოვს. ანდრეა ფერატო მტკიცე უარს ეტყვის მას, ხოლო კარპენა შურისძიებას დაჰპირდება და რამდენიმე წუთში ფერატოს სახლში ჟანდარმებს მოიყვანს. მათიასი და იშტვანი ძლივს ახერხებენ გაქცევას, ხოლო ანდრეა ფერატოს სამუდამოდ ციხეში გზავნიან. ჟანდარმები გაქცევის დროს იშტვან ბათორის დაჭრას, ხოლო შემდეგ დაჭერას მოახერხებენ. მათიას შანდორი კი ზღვაში შევა და ისიც მკვდარი ეგონებათ, თუმცა მისი გვამის პოვნასაც ვერ ახერხებენ. მეორე დღეს იშტვანსა და ლადისლასს დახვრეტენ.

ამ ამბიდან 15 წელი გავა. უნგრეთში ვინმე პესკადისა და მატიფუს კონცერტი იმართება. პესკადი ჩხირივით გამხდარი და სუსტი პიროვნებაა, ხოლო მატიფუ - ჰერკულესივით ძლიერი. ამ დროს, ნავსადგურში ღუზას ვინმე ექიმ ანტეკირტის (მათიას შანდორის) იახტა ჩაუშვებს. ის მათიას შანდორია, თუმცა ინკოგნიტოდ სურს დარჩენა და თავისი კუნძულის, ანტეკირტას სახელს ირქმევს. ის მსახურად აიყვანს ამ ორ ჟონგლიორს.

ცოტა ხანში ანტეკირტი შეიტყობს, რომ იშტვან ბათორის ვაჟს, პიერ ბათორის უყვარს სილას ტორონთალის ქალიშვილი, სავა ტორონთალი. იგი მაშინვე მათი ურთიერთობის ჩაშლას მოინდომებს და ამისათვის ყველაფერს აკეთებს. თანაც, სავას ცოლად მოყვანა სურს სარკანის, რათა დიდი ქონების მფლობელი გახდეს. როცა პიერი სავასა და სარკანის დანიშვნის შესახებ გაიგებს, მაშინვე სადღაც მიდის და უკან მძიმედ დაჭრილი ბრუნდება ყველას ჰგონია, რომ მან თავის მოკვლა სცადა. სინამდვილეში კი იგი სარკანიმ დაჭრა. ექიმ ანტეკირტის ჰიპნოზის საშუალებით, ბათორი იძინებს ისე, რომ ყველას მკვდარი ჰგონია და ასაფლავებენ. ექიმი ანტეკირტი კი მატიფუს მის კუბუს ამოაღებინებს, პიერს გააცოცხლებს და თავის იახტაზე მიჰყავს. აქ იგი ყველაფერს უყვება მას, იმასაც, რომ სავა ტორონთალი არის შეთქმულთა გამცების შვილი და ქორწინდება მეორე შეთქმულთა გამცემზე. მართალია, პიერს ეს ყველაფერი ძალიან ატკენს გულს, მაგრამ მამის გულისთვის შურისძიების დაწყება სურს. ექიმს იგი მიჰყავს კუნძულ ანტეკირტაზე.

ცოტა ხანში, ექიმი ანტეკირტი მოახერხებს ანდრეა ფერატოს შვილების, ლუიჯისა და მარიას პოვნასაც. ლუიჯის თავის იახტა "ელექტროზე" კაპიტნის თანაშემწედ ნიშნავს და ორივე საკუთარ კუნძულზე მიჰყავს.

სინამდვილეში, სავა ტორონთალი სილას ტორონთალის შვილი არ არის. იგი გრაფ მათიას შანდორის შვილია, რომელიც 15 წლის წინ გაიტაცეს და სილას ტორონთლს მიუყვანეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, როცა გრაფის ქონება დააყადაღეს, ერთი ნახევარი გამცემებმა მიიღეს, ხოლო მეორე ნახევარს სავა შანდორი მაშინ მიიღებდა, როცა 18 წლის გახდებოდა. სარკანის იმიტომ სურდა მისი ცოლის მოყვანა, რომ, როცა სარას 18 წელი შეუსრულდებოდა, მას სავა შანდორად აღიარებდა და მიიღებდა ქონებას. ეს ყველაფერი სილასის ცოლმა პიერ ბათორის დედას სიკვდილის წინ მისწერა. როცა ამას ექიმი გაიგებს, ძალიან ინანებს თავის გადაწყვეტილებას და სარას საძებნელად წასვლას გადაწყვეტს. ამ დროს, მას ტყვედ ჩაგდებული ჰყავს ანდრეა ფერატოს გამცემი, კარპენა და სილას ტორონთალი. ის სასწრაფოდ მიდის სილასსთან და ეკითხება, თუ სადაა სავა შანდორი. ის პასუხს ეუბნება, მაგრამ ადგილზე მისულთ სავა და სარკანი არ დახვდებათ, მაგრამ სავას წერილიდან მიხვდებიან, რომ ისინი ტრიპოლში წავიდნენ.

ყველანი ტრიპოლში წავლენ. პესკადს დაევალება სარას იმ სახლიდან გამოყვანა, სადაც მასთან ერთად სარკანი და მისი აგენტი ნამირი არიან. პესკადს თითქმის მიღწეული ჰქონდა მიზანი, როცა სარკანი და ნამირი მივიდნენ მათთან. სავა აივნიდან ხტება და მას მატიფუ იჭერს, შემდეგ ჩამოდის პესკადიც და ყველანი ერთად გარბიან სავა შანდორთან ერთად.

ცოტა ხანში, ექიმი ანტეკირტი სარკანის დაჭერასაც მოახერხებს და სამივე მოღალატეს საკუთარ კუნძულზე წაიყვანს, სადაც სასამართლო მათ სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოუტანს. სამივე სიკვდილმისჯილი ანტეკირტასთან ახლოს მყოფ კუნძულზე გადაჰყავთ, სადაც ისინი იღუპებიან კიდეც. პიერი და სავა დაქორწინდებიან. ექიმი ანტეკირტი თავის ფსევდონიმს მოიშორებს და ნამდვილ სახელს დაიბრუნებს, ხოლო სავას თავის შვილად და მემკვიდრედ აღიარებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: