ედმონ დანტესი
ედმონ დანტესი (ფრანგ. Edmond Dantès), იგივე გრაფი მონტე-კრისტო — ალექსანდრე დიუმას მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი. დანტესი არის დიუმას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რომანის, გრაფი მონტე-კრისტოს მთავარი პერსონაჟი.
ედმონ დანტესი | |
---|---|
ედმონ დანტესის ილუსტრაცია | |
შემქმნელი | ალექსანდრე დიუმა |
ეპიზოდი | ერთი რომანი |
ინფორმაცია | |
სხვა სახელები |
გრაფი მონტე-კრისტო აბატი ბუზონი სინდბანდ-მეზღვაური ლორდი უილმორი ლორდი რუტვენი |
სქესი | მამრობითი |
დაბ. თარიღი | 1796 |
საცხოვრებელი | მარსელი (1815 წლამდე) |
ეროვნება | ფრანგი |
შეთქმულება და დაკავება
რედაქტირება1815 წელს, მარსელის ნავსადგურში ბრუნდება გემი „ფარაონი“. ედმონ დანტესი არის 19 წლის ახალგაზრდა, „ფარაონის“ გემის კაპიტნის თანაშემწე. რადგან, „ფარაონის“ ზღვაში ყოფნის დროს იღუპება გემის კაპიტანი, გემის მფლობელს გადაწყვეტილი აქვს, რომ სწორედ ახალგაზრდა მეზღვაური დანიშნოს გემის კაპიტნად.
„ფარაონის“ კაპიტნის უკანასკნელი სურვილის შესასრულებლად, მარსელში დაბრუნებამდე დანტესი გადავიდა კუნძულ ელბაზე (რომელზეც 1814 წელს ნაპოლეონ ბონაპარტი გადაასახლეს) და წერილი ნაპოლეონს გადასცა. მან ნაპოლეონისგან წერილი მიიღო, რომელიც პარიზში უნდა წაეღო.
ედმონ დანტესს ჰყავს მოხუცი მამა და საცოლე, კატალონიელი მერსედესი. მერსედესის ცოლად შერთვა მის ბიძაშვილს, ფერნან მონდეგოსაც სურს, მაგრამ მერსედესს ედმონი უყვარს და მასზე დაქორწინება სურს, რის გამოც მეთევზე ფერნანი დანტესის მიმართ შურით ივსება. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებიდან მეორე დღეს ნიშნავს ედმონი მისსა და მერსედესის ნიშნობას, ამავე დღესაა დანიშნული ქორწილიც, რის შემდეგაც დანტესი საფრანგეთის დედაქალაქში წასვლას აპირებდა.
დანტესის ერთ-ერთმა მეგობარმა, დანგლარმა იცის იმ წერილის არსებობის შესახებ, რომელიც ედმონს ნაპოლეონმა გადასცა. დანგლარიც შურით ივსება ედმონის მიმართ, რადგან გემის კაპიტნობა მას სურს. ის ფერნანთან ერთად შეთქმულებას მოაწყობს და დანტესს ბრალს საფრანგეთის სამეფოს ღალატში დასდებს. მეორე დღეს, ნიშნობის დროს ედმონ დანტესს აკავებენ.
იმავე დღეს ედმონს მეფის პროკურორის თანაშემწე, ვილფორი კითხავს. დანტესი მას ყველაფერს მოუყვება და დაარწმუნებს თავის უდანაშაულობაში, მაგრამ როდესაც ვილფორი ედმონს ჰკითხავს მისამართს, თუ სადაც უნდა მიეტანა წერილი, ეს ვილფორის მამის, ნუარტიეს სახლი აღმოჩნდება. ვილფორი წერილს დაწვავს და ბრძანებას გასცემს, ედმონ დანტესი სამუდამოდ დაამწყვდიონ ციხესიმაგრე „იფში“.
პატიმრობა
რედაქტირებაედმონ დანტესი უაზროდ ატარებს დღეებს ციხესიმაგრეში. ის უაზროდ ემუქრება ციხის გუშაგს, რის გამოც სამუდამოდ კარცერში ამწყვდევენ. დანტესი სრულიად მარტოა, მხოლოდ გუშაგი შემოდის დღეში რამდენიმეჯერ და შემოაქვს საჭმელი, მაგრამ იგი თითქმის არ ლაპარაკობს. ედმონმა ისიც კი არ იცის, რომელი წელია და რამდენი ხანია, რაც ციხეში ზის. მაგრამ მან იცის, რომ მასთან ახლოს არის ერთი პატიმარი, რომელიც გიჟი ჰგონიათ, რადგან ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ციხის უფროსს განძს ჰპირდება. ამასთან ერთად, ის მუდმივად რაღაც გამოთვლებს აკეთებს საკნის კედლებზე.
სინამდვილეში, ის უაზროდ არაფერს ანგარიშობს და ადგენს გაქცევის გეგმას. როდესაც ის გარბის აღმოაჩენს, რომ ანგარიშში შეცდომა მოუვიდა და ედმონ დანტესის საკნის კედელს გამოანგრევს. ასე შეხვდება ორი ტუსაღი ერთმანეთს. აბატი ფარია და ედმონ დანტესი დამეგობრდებიან და გააკეთებენ გვირაბს, რისი საშუალებითაც ერთმანეთის საკანში სიარული შეუძლიათ. აღმოჩნდება, რომ აბატ ფარიას აქვს წიგნებიც, მელანი, ქაღალდი და კალმებიც. ეს ყველაფერი კი არის მისივე დამზადებული. ამის გარდა მას ასანთი და ბევრი სხვა რამეც აქვს.
აბატი ფარია არის ძალიან განათლებული ადამიანი. ის ედმონ დანტესს ძალიან დიდ ცოდნას მისცემს და ძალიან განათლებულ ადამიანად აქცევს. სწორედ აბატი ფარია მიახვედრებს დანტესს, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება დანგლარმა და ფერნან მონდეგომ მოაწყვეს და იმასაც, თუ რატომ გაწირა ვილფორმა იგი სამუდამო პატიმრობისათვის.
პარალელურად დანტესი და აბატი გაქცევის გეგმაზე მუშაობენ. ისინი ყველაფერს იდეალურად მოაწყობენ და გაქცევის დღესაც დათქვამენ. სწორედ გაქცევის დღეს, მოქმედების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აბატ ფარიას შეტევა დაემართება. ის ეუბნება ედმონს, რომ ეს მისთვის მეორე შეტევა იყო და მისი მამაც და პაპაც მესამე შეტევას შეეწირენ. ედმონ დანტესი კი უარს განაცხადებს აბატის გარეშე გაქცევაზე.
გაქცევა
რედაქტირებაცოტა ხანში აბატ ფარიას მესამე შეტევა დაემართება. ედმონ დანტესის მცდელობა, რომ გადაარჩინოს იგი უშედეგო აღმოჩნდება. აბატი ფარია იღუპება და ედმონ დანტესი ერთგული მეგობრის გარეშე რჩება. გარდაცვალებამდე, აბატმა ფარიამ ედმონს უთხრა, რომ ის აურაცხელი განძი ინახება კუნძულ მონტე-კრისტოზე. დანტესი ფიქრობს გეგმაზე, თუ როგორ უშველოს თავს, იპოვოს განძი და მწარედ იძიოს შური. ამ დროს მას თავში ერთი აზრი მოუვა.
ის გახსნის ტომარას, რომელშიც აბატი ფარიას გვამია. აბატის სხეულს საკუთარ საკანში გადაიტანს და ტომარაში თავად ჩაწვება. საღამოს მას მდინარეში გადააგდებენ, სადაც სასწაულებრივად გადაურჩება სიკვდილს და თავს კონტრაბანდისტების გემზე ამოყოფს. ის გაიგებს, რომ 1829 წელია, ანუ 14 წელი გაატარა ციხეში. შემთხვევით, ის კონტრაბანდისტებთან ერთად თავის საოცნებო ადგილას — კუნძულ მონტე-კრისტოზე აღმოჩნდება. ის მოახერხებს და კონტრაბანდისტებს კუნძულიდან მოიშორებს, რის შემდეგაც განძს იპოვის.
ამის შემდეგ, ის მარსელში ბრუნდება, თავისი ყოფილი მეზობლისგან, (აბატი ბუზონის სახელით) გასპარ კადრუსისგან შეკრებს ცნობებს. ის გაიგებს, რომ მისი მოხუცი მამა გარდაიცვალა, მერსედესი და ფერნანი დაქორწინდნენ და დანგლარი გამდიდრდა, ხოლო „ფარაონის“ მეპატრონე მორელი საშინელ დღეშია ჩავარდნილი. ის ბოლო წამს გადაარჩენს მორელს თავის მოკვლისაგან და მთლიანად დაფარავს მის ვალებს, თუმცა ვერც კადრუსი და ვერც მორელი ვერ მიხვდებიან, რომ ეს სწორედ ედმონ დანტესია.
დაბრუნება და შურისძიება
რედაქტირება1838 წელს ბარონი ფრანც დ'ეპინე შემთხვევით აღმოჩნდება კუნძულ მონტე-კრისტოზე. იქ მას სინდბანდ-მეზღვაური მასპინძლობს. ამის შემდეგ, ფრანც დ'ეპინე მეგობარ ვიკონტ ალბერ დე მორსერთან ერთად (ფერნანისა და მერსედესის შვილი), რომში კარნავალზე მიდის. აქ ისინი გადაეყრებიან გრაფ მონტე-კრისტოს (ედმონ დანტესს), რომელშიც ფრანც დ'ეპინე სინდბანდ-მეზღვაურს ამოიცნობს.
რომში შეხვედრიდან სამი თვის შემდეგ, გრაფი მონტე-კრისტო ალბერ დე მორსერთან პარიზში ჩადის. აქ იგი შეხვდება ალბერის მშობლებს, გრაფ დე მორსერს (ფერნანი) და მის მეუღლეს (მერსედესი). ასევე, საქმიან ურთიერთობას დაიჭერს დანგლართან, რომელსაც ბარონის ტიტული მიანიჭეს და ვილფორთან, რომელიც მეფის პროკურორი გახდა.
გრაფი მონტე-კრისტო აგრეთვე იყენებს ლორდი უილმორის, ლორდი რუტვენის, სინდბანდ-მეზღვაურისა და აბატი ბუზონის სახელებს. ეს საშუალებას აძლევს მას, რომ ვერავინ შეძლოს მასზე ცნობების შეკრება. მისით განსაკუთრებით დაინტერესებულია ვილფორი, რომელიც ლორდ უილმორსა და აბატ ბუზონს შეხვდება გრაფზე ცნობების შესაკრებად, მაგრამ წარმოდგენაც არ აქვს, რომ ყველა ერთი და იგივე პიროვნებაა.
გრაფი მონტე-კრისტო სასტიკად იძიებს შურს ყველაზე. ის ხელიდან გამოაცლის ყველა ახლობელს ვილფორს და მიწასთან გაასწორებს მის კარიერას, საზოგადოების თვალში შეარცხვენს. ამ ყველაფრის შემდეგ, გრაფი ეტყვის მას თავის ნამდვილ ვინაობას, რის შედეგადაც ვილფორი გაგიჟდება. ასევე, ის გამოააშკარავებს გრაფ მორსერად ქცეული ფერნანის ბნელით მოცულ მოღვაწეობას საბერძნეთში, რის გამოც კონფლიქტი მოუვა ალბერთან და იგი მას დუელს დაუნიშნავს. მერსედესი ხმის ტემბრით იცნობს ედმონს და ამას დუელის წინადღეს ეუბნება. ამის შემდეგ, ის ყველაფერს მოუყვება ალბერს და დუელის დღეს, ალბერი და გრაფი შერიგდებიან. მერსედესი და ალბერი უარს ამბობენ ფერნანთან ერთად ცხოვრებაზე და მიდიან. ამის შემდეგ, ედმონი თავის ნამდვილ ვინაობას ფერნანსაც ეტყვის, რის შემდეგაც იგი თავს მოიკლავს.
ედმონი ხვდება, რომ ძალიან ზედმეტი მოუვიდა და უფრო ნაკლებად იძიებს შურს დანგლარზე. მას ყველა ნათესავს გამოაცლის ხელიდან, მაგრამ არც თავის მოკვლამდე მიიყვანს და არც გააგიჟებს.
ის ხელს შეუწყობს ვილფორის შვილის, ვალენტინასა და მაქსიმილიან მორელის ქორწინებას. ბოლოს, ედმონ დანტესი თავის შვილობილთან, ჰაიდესთან ერთად მიდის და ამბობს სიტყვებს „ელოდე და იმედი იქონიე“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გრაფი მონტე-კრისტო 4 ტომად დაარქივებული 2016-04-09 საიტზე Wayback Machine.