ლუსია აზოლინა
ლუსია აზოლინა
იტალიის განათლების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 იანვარი 2020 – 13 თებერვალი 2021
პრემიერ-მინისტრი  ჯუზეპე კონტე
წინამორბედიჯუზეპე კონტე (განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი)
მემკვიდრეპატრიციო ბიანკი

იტალიის განათლების, უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტროს უმცროსი სახელმწიფო მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 სექტემბერი 2019 – 10 იანვარი 2020
პრემიერ-მინისტრიჯუზეპე კონტე
მემკვიდრეანა ასკანი (განათლების მინისტრის მოადგილე)

დაბადებული25 აგვისტო 1982 (41 წლის)
სირაკუზა, სიცილია, იტალია
მოქალაქეობაიტალიის დროშა იტალია
პოლიტიკური პარტიამოძრაობა ხუთი ვარსკვლავი
განათლებაკატანიას უნივერსიტეტი

პიზის უნივერსიტეტი

პავიის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხილაურეატი
საქმიანობაპოლიტიკოსი

ლუსია აზოლინა ( იტალ. Lucia Azzolina ; დ.25 აგვისტო 1982, სირაკუზა) — იტალიელი მასწავლებელი და პოლიტიკოსი, იტალიის განათლების მინისტრი ჯუზეპე კონტეს II მთავრობაში (2020-2021 წწ). [1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლუსია აზოლინამ დაამთავრა ლეონარდო და ვინჩის სახელმწიფო სამეცნიერო ლიცეუმი ფლორიდიაში და სწავლა განაგრძო კატანიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სამწლიან კურსზე, რომელიც 2004 წელს დაასრულა. დაკავებული იყო ფილოსოფიის ისტორიის შესწავლით. შემდეგ შევიდა საშუალო სკოლაში სწავლების სპეციალიზაციის სპეციალურ სკოლაში. მიიღო სკოლის ისტორიისა და ფილოსოფიის მასწავლებლის კვალიფიკაცია, ხოლო 2008 წლიდან ასწავლიდა ლა სპეციასა და სარზანას ლიცეუმებში, შემდეგ კი — პიზაში. 2013 წელს დაამთავრა პავიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ამავე დროს მუშაობდა საშუალო სკოლაში. 2014 წლის იანვარში შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბიელას კვანტინო სელას ინსტიტუტში, მაგრამ მოგვიანებით დაკავდა იურიდიული პრაქტიკით, საგანმანათლებლო სამართლის მიმართულებით. ასევე მუშაობდა სკოლის მუშაკთა კავშირში. 2017 წელს იგი დაბრუნდა პედაგოგად კვინტინო სელას ინსტიტუტში, ხოლო 2019 წლის მაისში, კონკურსში გამარჯვების შემდეგ, მიიღო უფროსი ლექტორის თანამდებობა. [2]

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

2018 წლის მარტში აირჩიეს იტალიის დეპუტატთა პალატაში ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის სიით პიემონტის მე-2 მრავალმანდატიან ოლქში.

2019 წლის 13 სექტემბერს იგი დაინიშნა განათლების, უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტროს უმცროს სახელმწიფო მდივნად ჯუზეპე კონტეს მეორე მთავრობაში. ფიცი დადო 16 სექტემბერს და ოფიციალურად დაიკავა თანამდებობა. [3]

პარლამენტში არჩევისთანავე მან წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვით კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა უნდა შემცირებულიყო. როგორც უმცროსმა სახელმწიფო მდივანმა მხარი დაუჭირა მთავრობის დადგენილებას სკოლის რეფორმის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა კონკურსების ჩატარებას 24 ათასი სამუშაო ადგილისთვის. შედეგად, სავარაუდოდ, მუქარა მიიღო დროებითი მუშაკებისგან, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი. ამავე პერიოდში გამოვიდა ემიგრანტების კულტურული ინტეგრაციის პრინციპის იტალიურ საზოგადოებაში დანერგვის ინიციატივით, როგორც მათთვის მოქალაქეობის მინიჭების აუცილებელ პირობაზე. [4]

2019 წლის 28 დეკემბერს პრემიერ მინისტრმა კონტემ გამოაცხადა განათლების, უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტროს გაყოფის შესახებ. სასკოლო განათლების მინისტრად ლუსია აზოლინა დანიშნა. [5]

განათლების მინისტრი

რედაქტირება

2020 წლის 10 იანვარს აზოლინამ ფიცი დადო და ოფიციალურად დაიკავა მინისტრის თანამდებობა. [6]

2020 წლის 4 მარტს აზოლინამ გამოაცხადა მთავრობის განკარგულება, რომ სკოლები და უნივერსიტეტები მთელ იტალიაში დაიხურებოდა 5-დან 15 მარტამდე, ახალი კორონავირუსის SARS-CoV-2 გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

2020 წლის 6 ივნისს, დეპუტატთა პალატამ 245 ხმის უმრავლესობით 122-ის წინააღმდეგ გადალახა "ჩრდილოეთის ლიგის" და "იტალიელი ძმების" წინააღმდეგობა და ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლით გამოწვეული შეზღუდვების სისტემის დასაძლევად პირველი და მეორე საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დამამთავრებელი გამოცდების და სექტემბერში ახალი მოსწავლეების ჩარიცხვის სპეციალური პროცედურის შესახებ.

დაპირისპირება

რედაქტირება

2019 წლის მაისში, ყოველკვირეულმა L'Espresso-მ გამოაქვეყნა სტატიების სერია, სადაც ხაზგასმული იყო მისი მონაწილეობა კონკურსში სკოლის მენეჯერის რანგში (2542 ადგილი 2900 ადგილიდან კონკურსში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 35 ათასმა მასწავლებელმა), მიუხედავად იმისა, რომ მას პალატის პარლამენტის განათლების კომისიის წევრის თანამდებობა ეკავა. აზოლინამ უპასუხა კრიტიკას ინტერესთა შესაძლო კონფლიქტის შესახებ და განაცხადა, რომ ეს იყო კონკურსი, რომლისთვისაც 2017 წლიდან ემზადებოდა.

2019 წლის 27 დეკემბერს სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მისაღები კომისიის პრეზიდენტმა მასიმო არქანჯელმა, რომელმაც შეაფასა დეპუტატის ზეპირი ტესტი, ეჭვქვეშ დააყენა მისი უნარი, შეესრულებინა განათლების მინისტრის ფუნქცია გამოცდის შედეგების საფუძველზე. კომისიამ, რომელსაც თავად არქანჯელი თავმჯდომარეობდა, წერით გამოცდაზე 80,5/100 ქულა და ზეპირი გამოცდაზე 75/100 ქულა მიაკუთვნა.

2020 წლის 11 იანვარს, მასიმო არქანჯელმა გაზეთ La Repubblica-ში განაცხადა, რომ დისერტაციის ზოგიერთი აბზაცი, რომელიც ლუჩიამ წარადგინა პედაგოგის კკვალიფიკაციის მისაღებად, გადაწერილი იყო სპეციალიზებული ტექსტებიდან. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის ლიგამ, მისი გადადგომა მოითხოვეს მთავრობისგან. ბრალდებებს უპასუხა თავად ლუჩია აზოლინამ და აღნიშნა, რომ ეს არ იყო დისერტაცია ან პლაგიატი, არამედ სტაჟირების დასრულების შემდეგ გამოქვეყნებული წერილობითი ანგარიში.

  1. „Italian PM Conte Names New Ministers, Sets Policy Agenda for 2020“. The New York Times. Reuters. 28 December 2019.
  2. Lucia Azzolina, chi è la nuova ministra della Scuola. il Mattino (2019-12-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-28. ციტირების თარიღი: 2019-12-28.
  3. Giurano anche i sottosegretari. Conte: “Ci metteremo cuore e passione”. la Stampa (2019-09-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-18. ციტირების თარიღი: 2019-09-16.
  4. Chi è Lucia Azzolina, nuova ministra dell'Istruzione. LetteraDonna (2019-12-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-27. ციტირების თარიღი: 2019-12-28.
  5. La conferma del premier Conte: “Lucia Azzolina nuovo ministro della Scuola”. ციტირების თარიღი: 2019-12-28
  6. I ministri di Istruzione e Università hanno giurato al Quirinale. Azzolina: "Subito i concorsi". la Repubblica (2020-01-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-18. ციტირების თარიღი: 2020-01-19.