ლურჯი სუფრა
ლურჯი სუფრა — ქართული ტრადიციული სუფრის ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. მზადდებოდა თბილისის, გორის, თელავის საჩითავ სახელოსნოებში. ლურჯი სუფრის მხატვრული მოტივები მრავალფეროვანი იყო. მხატვრული ორნამენტის ისეთ ტრადიციულ ელემენტებში, როგორიცაა ასტრალური და მცენარეული მოტივები, ზოომორფული და ანთროპომორფული სახეები, თავისებურადაა ასახული ქართველი ხალხის უძველეს მსოფლმხედველობასთან დაკავშირებული წარმოდგენები. ლურჯი სუფრის საყოფაცხოვრებო მოტივებიდან აღსანიშნავია სუფრის ატრიბუტები: დანა, ჩანგალი, კოვზი, აგრეთვე ქართული კაბასა და ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი მოცეკვავე მამაკაცთა და მანდილოსანთა გამოსახულებანი. ლურჯი სუფრას ფართოდ ხმარობდნენ გვიანდელი ფეოდალური ხანის ქართული საზოგადოების ყველა ფენაში. XVII საუკუნის I ნახევარში რუსული წყაროების მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო კარზე მიღებული ეტიკეტით ლურჯი სუფრა დარბაზობის დროს კარისკაცთა პურობისათვის ყოფილა განკუთვნილი. XIX საუკუნეში ლურჯი სუფრა ფართოდ იყო გავრცელებული თბილისის მოსახლეობაში, განსაკუთრებით მოქალაქეთა ყოფაში სხვადასხვა დღეობასთან დაკავშირებულ პურობასა და საქორწინო წვეულებებში. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (მთიულეთში) ახლო წარსულამდე იყო შემონახული ვიწროგანიანი და გრძელი ლურჯი სუფრები, რომლებიც სათემო დღეობებზე საწესო პურობისთვის იყო განკუთვნილი. XVIII–XIX საუკუნეებში ლურჯი სუფრების საყურადღებო კოლექცია დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში.
2017 წლის 2 ივნისიდან ლურჯი სუფრის დამზადების ტრადიციულ ტექნოლოგიასა და კულტურას მინიჭებული აქვს საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 314-315.
- ბრაილაშვილი ნ., ლურჯი სუფრები (ალბომი), თბ., 1964;
- Полиевктов М. А., Материалы по истории грузино-русских взаимоотношений. 1615–1640, Тб., 1937;
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საკრალური ლურჯი სუფრა, რადიო თავისუფლება.
- ლურჯი სუფრა, ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი.