დაჩითვა — ქსოვილზე მხატვრული სახეების გადატანა ხის საბეჭდების (საჩითავი ყალიბების) საშუალებით.

აღმოსავლეთი ქვეყნების მსგავსად ხელოსნობის ეს დარგი ძველად საქართველოშიც ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ამას ადასტურებს წერილობითი წყაროები. XII-XVIII საუკუნეებში ქართული ხელნაწერი წიგნების ყდებზე გამოკრული დაჩითული ქსოვილების იშვიათი ნიმუშები და ეთნიკური კოლექციები. გვიანდელი ფეოდალური ხანის წერილობითი წყაროებიდან ჩანს, რომ საქართველოს ზოგიერთ ქალაქში ქსოვილების დასაჩითი საგანგებო სახელოსნოები იყო და მის მოხელეს მჩითავი ეწოდებოდა. XIX საუკუნეში ასეთი სამღებრო სახელოსნოები ყოფილა თბილისში, გორში, თელავში, ახალციხეში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში. ამ სახელოსნოებში სელის, ბამბისა და აბრეშუმის სადა ქსოვილებს პოზიტიური და ნეგატიური წესით ჩითავდნენ. პირველ შემთხვევაში გამოსაყვანი სახეები სადა ქსოვილის მთელ ზედაპირზე დაჰქონდათ; დაჩითვის ეს პოზიტიური წესი ფართოდ იყო გავრცელებული მთელ საქართველოში. ნეგატიური წესით დაჩითვის დროს (ბატიკა) კი ქსოვილის ზედაპირს საბეჭდავით უშუალოდ ცხიმნარევი ცვილის თხელ ფენას, რომელიც გამოსაყვან სახეებს ფარავდა. ამის შემდეგ ქსოვილს მთლიანად საღებავში ჩადებდნენ. საღებავი ქსოვილს ყველგან გაუჯდებოდა, გარდა ცვილით დაფარული ადგილებისა, ცვილის გაცლის შემდეგ ქსოვილზე ცვილით დაფარული მხატვრული სახეები თეთრად გამოჩნდებოდა. რუსეთსა და ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით, დაჩითვის ნეგატიურ წესს საქართველოში მარტო ლურჯი სუფრის დამზადების დროს იყენებდნენ.

ქართლსა და ლეჩხუმში სახიანი ქსოვილის დასამზადებლად ნეგატიური მხატვრული მღებრობის ერთ-ერთ უძველეს და უმარტივეს წესს, ე. წ. კვანძებით დაჩითვას მიმართავდნენ. სოფ. ბაზალეთში დასაჩითად იყენებდნენ "სამღებრო ქვებს" ანუ "სამღებრო კენჭებს". ამ კენჭებს სადა ქსოვილში ერთმანეთის მოშორებით გამოახვევდნენ, ზედ "ტყლაპებს" (ქსოვილის ნაჭრებს) შემოახვევდნენ, ძაფს მოუჭერდნენ და მთლიანად ჩადებდნენ საღებავში. კენჭგამოკრული ადგილები შეუღებავი რჩებოდა და ქსოვილის ზედაპირი ჭრელი გამოდიოდა.. ანალოგიური წესით ქსოვილის დაჩითვა ლეჩხუმში "ჭრელის მიცემა" ეწოდებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბრაილაშვილი ნ., დაჩითული ქსოვილები (ალბომი), თბ., 1964;
  • ჩაჩაშვილი გ., საქართველოს მუზეუმის საჩითავეების კატალოგი, თბ., 1962;