ლომბარდიული სამზარეულო

ლომბარდიული სამზარეულო (იტალ. Cucina lombarda) — იტალიის რეგიონის, ლომბარდიის ტრადიციული კერძების ერთობლიობა, რომლის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინგრედიენტებია: ბრინჯი, საქონლის ხორცი, კარაქი და ღორის ქონი. მიუხედავად იმისა, რომ იგი იტალიური სამზარეულოს შემადგენელი ნაწილია, მას სხვა იტალიურ გასტრონომიებთან არც ისე ბევრი საერთო აქვს. მათგან განსხვავებით ლომბარდიელები ტომატისა და ზეითუნის ზეთის მაგივრად კარაქსა და ქონს იყენებენ. ბევრ ასპექტში ლომბარდიული სამზარეულო ავსტრიულსა და ცენტრალურ ევროპულს უფრო ჰგავს, ვიდრე იტალიურს. ტრადიციული კერძებიდან აღსანიშნავია მილანური სკალოპი, შპაცლი და სპეცატინო, იგივე გულიაში.

მილანური კატლეტი

ქალაქების გასტრონომიები

რედაქტირება
 
ოსობუკო

მილანში, ანუ ლომბარდიის დედაქალაქში, მრავალი ავთენტური კერძი აქვთ. ერთ-ერთი ასეთია მილანური კატლეტი (იტალ. Cotoletta alla milanese, მომზადების წესითა და გემოთი ძალიან ჰგავს ვენურ შნიცელს, განსხვავება ისაა, რომ მილანელები ხორცს ძვლიანად ამზადებენ) და მილანური ოსობუკო (ორიგინალი ოსობუკოსგან განსხვავებით მისი მომზადებისას ხბოს ხორცს თეთრ ღვინოსთან ერთადაც შუშავენ და ბოსტნეულთანაც). სხვა ადგილობრივი კერძებიდან აღსანიშნავია კასოეულა (კომბოსტოთი და ღორის ხორცით მოსამზადებელი კერძი, რომელსაც ძირითადად ზამთარში მიირთმევენ), რუსტინ-ნეგა (თეთრ ღვინოში მომზადებული ხბოს ხორცი, რომელიც, როგორც მილანელები ამბობენ, „ღვინოში უნდა იძირებოდეს“) და პანეტონე (პასკის მსგავსი ტკბილი პური შიგნით ქიშმიშით, ან ცედრით. ვინაიდან მის ბისკვიტს არ ჟღენთავენ, იგი თავისებური სიმშრალით ხასიათდება).

 
კაზონჩელი

ბრეშის პროვინცია მთელს ლომბარდიაში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანია, რაც მის სამზარეულოზეც ახდენს გავლენას. იგი აერთიანებს ტიპურ გლეხურ კერძებს, ტბების, მთისა და ხეობებისათვის დამახასიათებელ გასტრონომიებს, რომლებშიც პოპულარულია ზღვის პროდუქტები, ზეთისხილი და ციტრუსი. ყველაზე ცნობილი კერძი ე.წ. ბრეშული მწვადია. აქაურები ხორცსა და ბოსტნეულს ერთად აგებენ შამფურზე და ისე წვავენ. სხვა პოპულარული კერძებიდან აღსანიშნავია: რიზო-ალა-პიტოკა, ბროფადეი, კაზონჩელი, ლუჩო-ე-პოლენტა, ტინკა-ალ-ფორნო, ვერძატა, პოლენტა-პასტიციატა და ასევე დესერტები: ბოსოლა, ჩისოლი, სპონგადა და პერსიკატა.

კომოს სამზარეულოზე დიდი გავლენა აქვს მიმდებარედ მდებარე ტბას. ტიპური კომოური კერძია მისულტინი, რაც გულისხმობს დამარილებულ და მზეზე გამხმარ თევზს. აღსანიშნავია ისიც, რომ აქაურები კერძებში ხშირად იყენებენ სიმინდის ფქვილს, კარაქსა და ყველს. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებულია ზეთისხილის პლანტაციები, რომელსაც ადგილობრივები „ზეთისხილის ხეობას“ უწოდებენ. კიდევ ერთი ცნობილი კერძია თხილის ფქვილითა და ლიქიორ ვესპეტროთი მომზადებული ნიკოლინი.

კრემონული გასტრონომია არც თუ ისე გამორჩეული და მრავალფეროვანია, თუმცა კრემონა მოსტარდა (შაქრიანი ხილისა და მდოგვისარომატიანი სიროპით მომზადებული სუნელი) მთელს იტალიაშია ცნობილი. რეგიონის ტიპურ დესერტად ტორონე მიიჩნევა.

მანტუის სამზარეულო ხასიათდება შუა საუკუნეებში გამოგონებული კერძებით, რომელთაც ტკბილი და მჟავე არომატები აქვთ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია რავიოლი გოგრის შიგთავსით, რომელსაც თან ახლავს მდნარი კარაქი და შემწვარი ინდაური, ქათამი ან სხვა რომელიმე ხორცი. იგი ამ პროვინციის ყველაზე პოპულარული, ცნობილი და გავრცელებული საჭმელია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • "Consorzio Tutela Vini Oltrepò Pavese". Consorzio Tutela Vini Oltrepò Pavese.
  • "Pometo, duecento anime e due panifici - la Provincia Pavese". Archivio - la Provincia Pavese.
  • Alessandro Molinari Pradelli, La Cucina Lombarda in 630 ricette tradizionali, Newton & Compton Editori, ISBN 88-8289-899-7
  • Lombardy & the Italian Lakes, 6th, Dana Facaros, Michael Pauls, [1] New Holland Publishers, 2006, p.35
  • Regione Lombardia, Vini di Lombardia, su regione.lombardia.it. URL consultato il 28 ottobre 2017.