პანეტონე
პანეტონე (იტალ. Panettone) — იტალიური ტკბილი პური, წარმოშობით ლომბარდიის მხარიდან, უფრო კონკრეტულად კი მილანიდან. ტრადიციულად, მას ამზადებენ და მიირთმევენ შობისა და ახალი წლის დღეებში. საკუთრივ იტალიის გარდა, იგი პოპულარულია დასავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ლათინურ ამერიკაში, ერიტრეაში, ავსტრალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში.
ტრადიციულად მას ცილინდრის ფორმა აქვს, სიმაღლეში საშუალოდ 12-15 სანტიმეტრია და თითქმის 1 კგ-ს იწონის. ცილინდრის გარდა, მას შეიძლება ჰქონდეს რვაკუთხედის, ვარსკვლავის, ან სულაც ტრაპეციის ფორმა. მისი მომზადება ერთობ ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ძირითადად ცომის მომზადებას გულისხმობს. მხოლოდ კორექტირებას სჭირდება, რომელიც პანეტონეს მის გამორჩეულ, ფუმფულა მახასიათებელს ანიჭებს. ცომში ურევენ ხოლმე დაშაქრული ფორთოხლის ნაჭრებს, ასევე ლიმონის ან სხვა ციტრუსის ცედრას, ან ქიშმიშს. დროსთან ერთად მისი მრავალი ვარიაცია შეიქმნა, მათ შორის შოკოლადისაც. როგორც წესი, პანეტონეს ტკბილ ცხელ სასმელებთან (ჩაი, ყავა, ცხელი შოკოლადი, კაკაო, რძე და ა.შ.), ან ტკბილ ღვინოსთან ერთად მიირთმევენ. იტალიის ზოგიერთ რეგიონში მას მასკარპონეს კრემით მიირთმევენ, რომელიც მზადდება მასკარპონეს, კვერცხისა და დაშაქრული ხილის შერევით. მაშინ, როცა მასკარპონე მიუწვდომელია, მას ძაბაიონეთი ანაცვლებენ.
აღსანიშნავია, რომ იტალიელები ცდილობენ ამ პურს ე.წ. Denominazione di origine controllata-ს სტატუსი მოუპოვონ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ცნობილია, რომ იტალიის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, პაოლო დე კასტრო ცდილობს სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული იტალიური რეცეპტების დაცვას, მათ შორისაა პანეტონეც.
წარმოშობა
რედაქტირებაიტალიაშიც კი, პანეტონის შექმნის არაერთი ლეგენდა არსებობს, თუმცა ყველაზე პოპულარული ვერსიით იგი მილანელებმა გამოიგონეს. სიტყვა „პანეტონე“ მომდინარეობს იტალიური სიტყვიდან Panetto რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „პურის პატარა ნამცხვარი“. შემდეგ მას აღმატებითი იტალიური სუფიქსი one ემატება სახელში, რაც ცვლის მის მთელ მნიშვნელობას და გამოდის „დიდი ნამცხვარი“.
ისტორიული წყაროები მოწმობს, რომ პანეტონე უძველეს დროშივე არსებობდა. როგორც ირკვევა, მას ჯერ კიდევ რომის იმპერიაში ამზადებდნენ. მემატიანეთა ცნობით ისინი მას თაფლით აცხობდნენ, ცომს აფუებდნენ და ნამცხვარივით მიირთმევდნენ. ვინაიდან იგი ძალიან ჰგავს მართლმადიდებლურ პასკას, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ იგი სწორედ პასკის იტალიური ვარიაცია უნდა იყოს, რომელიც აპენინის ნახევარკუნძულზე რომის გაქრისტიანების შემდეგ გამოჩნდა.
საუკუნეების განმავლობაში ეს „საფუარიანი, მაღალი ხილის ნამცხვარი“ არაერთი ხელოვანის შთაგონების წყაროდაც ქცეულა. იგი გამოსახულია XVI საუკუნის ნიდერლანდელი მხატვრის, პიტერ ბრეიგელ უფროსის ტილოზე. პანეტონე ასევე ნახსენებია იტალიელი მწერლის, ბართოლომეო სკაპის მიერ დაწერილ კულინარიულ წიგნშიც, რომელიც მან საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის სამზარეულოში მუშაობისას გამოსცა. როგორც ილუმინისტ პიეტრო ვერის ნაწერებიდან ირკვევა, მისი ასოცირება შობა-ახალ წელთან მხოლოდ XVIII საუკუნიდან დაიწყო. ასევე მისი ცნობით იტალიელები მას „ძვირადღირებულ პურს“ უწოდებდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Pomeroy, Robin (2007-12-12). "Panettone makers want to keep Christmas cake Italian". Reuters. Retrieved 6 December 2008.
- Cherubini, Francesco (1841) Vocabolario milanese-italiano, Vol. 3, p. 164.
- Francesca,Brzzone (2016-12-22). "The – buttery and delicious – history of panettone, Italy's own Christmas cake". italoamericano.org. Archived from the original on 2019-12-17. Retrieved 2019-12-17.
- Dolce Jasmine (2017-11-18), Panettone: What you should know (ingredients, calories and origin), retrieved 2017-11-18
- "history of panettone, historia del pan dulce, panetón, traditions, christmas season, tradiciones, navidad, om personal, ingles gratis on line". Ompersonal.com.ar. Archived from the original on 2012-07-29. Retrieved 2012-09-14.
- "Il Panettone Oro Puro sbarca in UK ed è oggetto di un'improbabile recensione: «È incredibile che sia così buono»". Amalfi News (in Italian).