ლისაბონის მიწისძვრა
ლისაბონის 1755 წლის მიწისძვრა — 1755 წლის 1 ნოემბრის დილას მომხდარი მიწისძვრების სერია, რომელმაც უდიდესი ზიანი მიაყენა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონს და სხვადასხვა შეფასებით დაახლ. 60 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მხოლოდ ლისაბონში. ძლიერმა ბიძგებმა დაანგრია მრავალი დიდი საზოგადოებრივი შენობა და 12 000-მდე საცხოვრებელი სახლი. 1 ნოემბერი კათოლიკურ სამყაროში ყველა წმინდანთა დღეა, ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მიწისძვრის მომენტში მასობრივ თავყრილობებში იყო მოხვედრილი. ეკლესიების კედლებმა ვერ გაუძლო ბიძგებს, ჩამოინგრა და ათასობით მორწმუნე დაიღუპა ან დაიჭრა.[1]
1755 წლის გრავიურა | |
თარიღი | 1 ნოემბერი, 1755 |
---|---|
დრო | 09:40 |
მაგნიტუდა | ≈7,7–9,0 |
ეპიცენტრის მდებარეობა | 36° ჩ. გ. 11° დ. გ. / 36° ჩ. გ. 11° დ. გ. სან-ვისენტის კონცხიდან 200 კმ-ით და ლისაბონიდან 290 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით |
ტიპი | ნასხლეტი |
დაზარალებული ტერიტორია | პორტუგალია, ესპანეთი |
ცუნამი | 6 მეტრი ლისაბონში, 20 მეტრი კადისში |
თანამედროვე კვლევების მიხედვით, მიწისძვრის მთავარი სეისმური წყარო იყო შუა ატლანტიკის ტექტონიკური ფილების საზღვრების გასწვრივ ზღვის ფსკერის ნასხლეტის წარმოქმნა. მიწისძვრამ გამოიწვია ცუნამი, რომლის სიმაღლე ლისაბონში 6 მეტრს აღწევდა, კადისში (ესპანეთი) — 20 მეტრს. ტალღებმა 10 საათში დასავლეთით კუნძულ მარტინიკამდე (კარიბის ზღვა, 6100 კმ-ის დაშორებით) მიაღწია, სიმაღლეში 4 მეტრამდე იყო. ზიანი მოჰყვა ალჟირშიც, 1100 კმ-ით აღმოსავლეთით. დაღუპულთა რიცხვში შედიან წყალდიდობისა და ხანძრების მსხვერპლნი. ხანძარი ბიძგებიდან 6 დღე გაგრძელდა და მთელ ქალაქს მოედო. მიწისძვრის მოვლენები საუკუნის განმავლობაში აისახა ევროპულ ხელოვნებასა და ლიტერატურაში, რითაც „ლისაბონის დიდი მიწისძვრა“, როგორც მას უწოდეს, კონტინენტის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა.[1]
-
მიწისძვრისა და ცუნამის ანიმაცია
-
მიწისძვრის შედეგად დანგრეული კარმელიტების მონასტერი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Lisbon earthquake of 1755 en. Encyclopedia Britannica online (3 ივნისი, 2024). ციტირების თარიღი: 30 ივლისი, 2024