ლილიანა მითაიშვილი
ლილიანა მითაიშვილი (დ. 17 სექტემბერი, 1937, თბილისი) — ქართველი ბალერინა. საქართველოს სახალხო არტისტი (1972).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა თბილისში. 5 წლის იქნებოდა ლილიანა, როცა საბალეტო სტუდიაში მიიყვანეს, მაგრამ ვინაიდან პატარა და სუსტი აგებულებისა იყო, გოგონა მაშნვე დაიწუნეს.
1954 წელს დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგები ვიხოდცევა, მარგარიტა გრიშკევიჩი და ჭაბუკიანი).
1954-1979 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი იყო. მის რეპერტუარში ბევრი გამორჩეული როლია, მათ შორის: ოდეტა-ოდილია („გედების ტბა“), ჟიზელი („ჟიზელი“), კიტრი („დონ კიხოტი“), ნიკეა („ბაიადერა“), მანიჟე („მთების გული“), ჯავარა („გორდა“), მარი („მაკნატუნა“), ლიზა („ამაო სიფრთხილე“), მზეთუნახავი („სინათლე“),ავრორა („მძინარე მზეთუნახავი“), ლაურენსია („ლაურენსია“), დეზდემონა, ემილია („ოტელო“), გალია, ნატაშა („მშვიდობისათვის“), ქალიშვილი („პოემა“) და მანიჟე („მთების გულში“).
ლილიანა მითაიშვილს აქვს შესრულებული წამყვანი პარტიები ცინცაძის ბალეტში „პოემა“ (1966 წელი) და ღლონტის ბალეტში „განთიადი“ (1970 წელი).
1956 წელს ლილიანა მითაიშვილმა კლასიკური ბალეტის საკავშირო (ყოფილი სსრკ) კონკურსზე ლაურეატის პირველი ხარისხის დიპლომი და ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე იღებდა ხშირად მონაწილეობას საგასტროლო სპექტაკლებში საზღვარგარეთ. მითაიშვილის დრამატურგია ექსპრესიით აღსავსე იყო, უნდა აღინიშნოს, რომ იგი მდიდარია გმირულ-რომატიკული სულისკვეთებითაც.
1979 წლიდან ლილიანა მითაიშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორია.
1983-1984 წლებში მუშაობდა ულან-ბატორის (მონღოლეთი) ოპერისა და ბალეტის თეატრის პედაგოგ-რეპეტიტორად.
უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1972 წელს კი – სახალხო არტისტის წოდება[1]. ლილიანა მითაიშვილი ასევე დაჯილდოებულია კამბოჯის სამეფოს საპატიო ორდენით.
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 1997 წლის დადგენილებით ქართული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ლილიანა მითაიშვილი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
2014 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დადგენილებით თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ახალ სეზონზე დავით თორაძის „გორდას“ აღდგენით შეხვდა. ამ პროექტში აქტიურად მონაწილეობდა სწორედ ლილიანა მითაიშვილი. ცნობილი ქართველი კომპოზიტორის — დავით თორაძის ბალეტი „გორდა“ ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წელს დადგა. სპექტაკლში მთავარ როლს ლეგენდური მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავად ასრულებდა. „გორდა“ ათეული წლების განმავლობაში იყო წარმოდგენილი თეატრის რეპერტუარში. ის ბოლოს 1996 წელს აღადგინა ზურაბ კიკალეიშვილმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 675, ISBN 99928-20-32-2.