ლილიანა კავანი
ლილიანა კავანი (იტალ. Liliana Cavani; დ. 12 იანვარი, 1933) — იტალიელი კინორეჟისორი და სცენარისტი, რომელსაც საყოველთაო ცნობადობა მოუტანა 1974 წლის ფილმმა ღამის პორტიე. რეჟისორის ფილმები ისტორიულ თემებზეა.[1] მხატვრული და დოკუმენტური ფილმების გარდა მას დადგმული აქვს ოპერები.
ლილიანა კავანი | |
---|---|
კავანი 2009 წლის ვენეციის კინოფესტივალზე | |
დაბადების თარიღი |
12 იანვარი, 1933 კარპი, ემილია-რომანია, იტალია |
ალმა-მატერი | ბოლონიის უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
კინორეჟისორი სცენარისტი |
კავანი ბერნარდო ბერტოლუჩთან და პიერ პაოლო პაზოლინთან ერთად მიეკუთვნება ემილია-რომანიელ იტალიელ კინორეჟისორთა დაჯგუფებას, რომლებმაც პოპულარობა 1970-იან წლებში მოიპოვეს.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაკავანი ემილია-რომანიის რეგიონის ქალაქ კარპში დაიბადა.[2] მისი მამა, პროფესიით არქიტექტორი, მიწათმფლობელთა ბურჟუაზიული ოჯახიდან იყო. „არქიტექტორი მამაჩემი ქალაქის განვითარებით იყო დაინტერესებული. მას მუზეუმებში დავყავდი. 1956 წელს იგი ბაღდადის ურბანულ დაგეგმარებაზე მუშაობდა, როცა ირანი ჯერ კიდევ ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. დედაჩემი ძალიან ძლიერი, ნიჭიერი და მოსიყვარულე იყო,“ – იხსენებს კავანი მშობლების შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში. დედამისი კინოთი იყო გატაცებული და ადრეული ასაკიდანვე ქალიშვილი ყოველ კვირა დღეს კინოში დაჰყავდა. იგი მუშათა კლასის ანტიფაშისტთა ოჯახიდან იყო. მისმა მამამ, რომელიც სინდიკალისტი იყო, კავანის ენგელსის, მარქსისა და ბაკუნინის ნაშრომები გააცნო.[3]
კავანი ლიტერატურასა და ფილოლოგიას სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტში, რომელიც 1960 წელს ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. სადისერტაციო ნაშრომი მან XV საუკუნის იტალიელ პოეტზე, მარსილიო პიოზე დაწერა.[2] კავანი არქეოლოგობას აპირებდა, თუმცა ამ პროფესიაზე კინოს მიმართ დიდი ინტერესის გამო თქვა უარი.[3] მან რომის კინემატოგრაფიის ექსპერიმენტულ ცენტრში ჩააბარა, სადაც დოკუმენტური ფილმების გადაღებას სწავლობდა.
კინოკარიერა
რედაქტირებაპირველი ფილმები
რედაქტირებაკინემატოგრაფიის ექსპერიმენტულ ცენტრში სწავლის პერიოდში კავანმა იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც ტელევიზიაში კინორეჟისორად დასაქმდა. 1961-1965 წლებში მან იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მრავალი დოკუმენტური ფილმი გადაიღო. მათ შორის გამორჩეულია მესამე რაიხის ისტორია, რომელიც გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დამყარების შესახებ მოგვითხრობს.[4] ფილმი ტელეეკრანებზე გასულ გერმანული ტოტალიტარიზმის პირველ ისტორიულ კვლევას წარმოადგენს. ასევე აღსანიშნავი ფილმია სტალინის წლები, რომელიც საბჭოთა ლიდერის შესახებ მოგვითხრობს.
ფრანცისკე ასიზელი
რედაქტირება1966 წელს კავანმა პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ფრანცისკე ასიზელი გადაიღო. მასში რობერტო როსელინისა და პიერ პაოლო პაზოლინის შემოქმედების ძლიერი გავლენა იგრძნობა. პოლიტიკური არეულობის პერიოდში შექმნილი ფრანცისკე ასიზელი დისიდენტური კათოლიციზმის მანიფესტად იქცა. ფილმმა წარმატება მოიპოვა, თუმცა არაერთი უარყოფითი შეფასება დაიმსახურა. მას „ერეტიკული, მკრეხელური და იტალიელი ხალხის რწმენის შეურაცხმყოფელი“ უწოდეს.[5]
გალილეო
რედაქტირებაკავანის მომდევნო ფილმი, გალილეო (1968), XVII საუკუნეში მეცნიერებასა და რელიგიას შორის არსებულ დაპირისპირებაზე მოგვითხრობს.[6] ფილმი თავდაპირველად ტელევიზიისთვის შეიქმნა, თუმცა იტალიური ცენზურის მიერ ღვთისგმობად იქნა მიჩნეული და აიკრძალა, რის შემდეგაც იგი თეატრებში გამოვიდა.[7]
კანიბალები
რედაქტირებამომდევნო ფილმში, კანიბალები (1969), რეჟისორმა ანტიგონეს მითის საშუალებით იტალიის თანამედროვე პოლიტიკური მდგომარეობა ასახა.[8] [9] სოფოკლეს ტრაგედიით შთაგონებულ ფილმში მოქმედება ინდუსტრიულ მილანში მიმდინარეობს. კანიბალები ახალგაზრდა გოგონას ავტორიტარულ ძალებთან დაპირისპირების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მოსახლეობის გაფრთხილების მიზნით პოლიციის მიერ დახოცილ აჯანყებულთა გვამების დამარხვას კრძალავენ. ფილმმა საზოგადოებაში დადებითი გამოხმაურება ვერ მოიპოვა.
ღამის პორტიე
რედაქტირებაკავანის ცნობადობა მოუტანა 1974 წლის ფილმმა ღამის პორტიე, რომელიც მის ყველაზე გახმაურებულ ნამუშევრად მიიჩნევა.[10] მასში მთავარ როლებს დირკ ბოგარდი და შარლოტ რემპლინგი ასრულებენ. ფილმში, რომელშიც მოქმედება 1957 წლის ვენაში ხდება, ესესის ყოფილი ოფიცერი და საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმარი ერთმანეთთან სადომაზოხისტურ ურთიერთობას ამყარებენ.[11]
ღამის პორტიეს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილმა ამერიკელმა კრიტიკოსმა, რობერტ ებერტმა, მას „ამაზრზენი“ უწოდა. ფილმი ასევე დაიწუნეს The New Yorker-ისა და The New York Times-ის კრიტიკოსებმა,[12] ხოლო ევროპაში ღამის პორტიე ომის შედეგად გამოწვეული სექსუალური და ფსიქოლოგიური გაურკვევლობის კვლევის მცდელობად მიიღეს.[13]
ბოროტსა და კეთილს მიღმა
რედაქტირება1977 წელს რეჟისორმა გადაიღო ფილმი ბოროტსა და კეთილს მიღმა, რომელიც გერმანელ ფილოსოფოს ფრიდრიხ ნიცშეს, მის მეგობარ მწერალ პოლ რისა და რუს მწერალსა და ფემინისტ ლუ ანდრეას-სალომეს შორის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში მთვარი როლები დომინიკ სანდამ, ერლანდ იოსეფსონმა და რობერტ პაუელმა შეასრულეს. კინოსურათის შეფასებებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
1979 წელს კავანმა ოპერების დადგმა დაიწყო. მისი რეჟისორობითა და პროდიუსერობით ევროპის თეატრებში რამდენიმე ოპერა დაიდგა.
კანი
რედაქტირებაკავანის 1981 წლის ფილმი კანი მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზეა. მასში მოქმედება 1944 წელს ამერიკელების მიერ ნეაპოლის ოკუპაციისას მიმდინარეობს.[14] ფილმში მთავარ როლებს მარჩელო მასტროიანი, ბერტ ლანკასტერი და კლაუდია კარდინალე ასრულებენ. კინოპრემიერა კანის კინოფესტივალზე, ოქროს პალმის რტოს კონკურსში შედგა.
ბერლინური რომანი
რედაქტირებაბერლინური რომანი, რომელიც კავანმა 1985 წელს გადაიღო, იუნიჩირო ტანიძაკის რომანზეა დაფუძნებული.[15] ფილმში, რომელშიც მოქმედება 1938 წლის ბერლინში ხდება, ნაცისტი დიპლომატი და მისი ცოლი იაპონელი ელჩის ქალიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობაში აღმოჩნდებიან ჩაბმულნი. ბერლინური რომანი კავანის გერმანული ტრილოგიის მესამე ფილმია, რომელიც ღამის პორტიეთი დაიწყო და გაგრძელდა ფილმით ბოროტსა და კეთილს მიღმა.[16] ტრილოგიაში რეჟისორი ტრანსგრესიულ ურთიერთობებს იკვლევს.
ფრანცისკე
რედაქტირება1989 წელს ფილმით ფრანცისკე კავანი ფრანცისკე ასიზელის ცხოვრების თემას დაუბრუნდა. რეჟისორმა ფილმისთვის მთავარ როლებში მიკი რურკი და ჰელენა ბონემ კარტერი შეარჩია. ფრანცისკე დოკუმენტური დრამაა, რომელშიც ასახულია ფრანცისკე ასიზელის ცხოვრების გზა დიდგვაროვანი ოჯახის შვილობიდან რელიგიურ ჰუმანისტობამდე და წმინდანობამდე. ფილმი დაფუძნებულია ჰერმან ჰესეს რომანზე ფრანცისკე ასიზელი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Brunetta, The History of Italian Cinema, p. 227
- ↑ 2.0 2.1 Marrone, The Gaze and the Labyrinth, p. 3
- ↑ 3.0 3.1 Marrone, The Gaze and the Labyrinth, p. 4
- ↑ Marrone, The Gaze and the Labyrinth, p. 5
- ↑ Marrone, The Gaze and the Labyrinth, p. 18
- ↑ Marrone, The Gaze and the Labyrinth, p. 37
- ↑ Bondanella, Italian Cinema, p. 348
- ↑ Marrone, The Gaze and the Labyrinth, p. 57
- ↑ Brioni, Simone; Comberiati, Daniele (2019) Simone Brioni and Daniele Comberiati, Italian Science Fiction: The Other in Literature and Film. New York: Palgrave, 2019.. ISBN 9783030193263.
- ↑ Armstrong et al., The Rough Guide to Film, p. 85
- ↑ Bondanella, Italian Cinema, p. 349
- ↑ Marrone, The Gaze and the Labyrinth, p. 221
- ↑ Bondanella, Italian Cinema, p. 351
- ↑ Bondanella, Italian Cinema, p. 353
- ↑ Marrone, The Gaze and the Labyrinth, p. 140.
- ↑ Marrone, The Gaze and the Labyrinth, p. 237