ლეონიდე ივანეს ძე ვაგინი (რუს. Леонид Иванович Вагин; დ. 18 თებერვალი, 1905, თბილისი, — გ. 4 აპრილი, 1976, მოსკოვი) — საბჭოთა სამხედრო მეთაური, გენერალ-მაიორი (1944). საბჭოთა კავშირის გმირი (6 აპრილი, 1945).

დაამთავრა თბილისის ქვეითთა სასწავლებელი (1925), კ. ვოროშილოვის სახელობის უმაღლესი სამხედრო აკადმიის კურსები (1954). წითელ არმიაში იყო 1921 წლიდან. მონაწილეობდა საქართველოში ანტისაბჭოთა გამოსვლების ჩახშობაში. მსახურობდა ამიერკავკასიაში განლაგებულ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ჯარებში. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის (1939-1940) და II მსოფლიო ომებში. იყო 79-ე მსროლელი დივიზიის მეთაურის მოადგილე, შემდეგ — მეთაური. ვისლა-ოდერის ოპერაციაში (1945) თავის გამოჩენისთვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ომის შემდეგ სამეთაურო თანამდებობებზე იყო საოკუპაციო ჯარებში გერმანიაში, შემდეგ — ლენინგრადისა და მოსკოვის სამხედრო ოლქებში. 1961 წელს თადარიგში გავიდა. ცხოვრობდა და გარდაიცვალა მოსკოვში. დაჯილდოებულია ლენინის 2, წითელი დროშის 5, სუვოროვის II ხარისხის ორდენებით, პოლონური „ვირტუტი მილიტარის“ ორდენით, მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩინჩილაკაშვილი ტ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 128.
  • Великая Отечественная. Комдивы: военный биографический словарь (Д. А. Цапаев и др.; под общ. ред. В. П. Горемыкина), М., 2014. — С. 384-386.