ლევან მურუსიძე (დ. 1 მარტი, 1975, თბილისი) — ქართველი მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

ლევან მურუსიძე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2013 წლის 16 ივნისი
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი

დაბადებული1 მარტი, 1975 (1975-03-01) (49 წლის)
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლევან მურუსიძემ 1991 წელს დაამთავრა 170-ე საშუალო სკოლა. 1998 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.[1]

2000-2004 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ. 2004-2005 წლებში იყო გორის რაიონული პროკურორის თანაშემწე. 2005 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2006-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2013 წლის 9 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე #10 სხდომაზე არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. 2013 წლის 16 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე #10 სხდომაზე არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად.[1]

ლევან მურუსიძის სახელს უკავშირდება 2007 წლის ივლისში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შემცირება, რასთანაც დაკავშირებით ევროსასამართლომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე აღნიშნა, რომ „გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები (მათ შორის სასამართლო) მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.[2]

ასევე მის სახელს უკავშირდება 2005 წლის დეკემბერში ე.წ „ოთხი მეამბოხე მოსამართლის“ უზენაესი სასამართლოდან დათხოვნის საქმე და 2006 წლის ივნისში, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის საქმე.[2]

2016 წლის იანვრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.[1]

2019 წლის 20 ივნისს, გავრილოვის ღამის დროს, ლევან მურუსიძე განიხილავდა დაკავებულთა სააპელაციო სარჩელებს, მათ შორის - ირაკლი ხვადაგიანის, ქართველი ისტორიკოსის, პირველი რესპუბლიკის მკვლევარის, სარჩელსაც. ხვადაგიანის განცხადებით, აქციაზე დაკავებისას იგი სცემეს. საკანში ექიმი მისი დაკავებიდან მე-3 დღეს შევიდა.[3] თბილისის საქალაქო სასამართლომ მას თავდაპირველად 9-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ იგი სამართალდამრღვევად ცნო.[4]

ლევან მურუსიძის გადაწყვეტილებით, ირაკლი ხვადაგიანს 3-დღიანი პატიმრობა უნდა მიესაჯათ. ამადროულად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს სამდღიანი ვადა 24 ივნისის დილის 2 საათზე გადიოდა, ხვადაგიანი დარბაზიდან გაათავისუფლა. პროცესზე ირაკლი ხვადაგიანმა მიმართა ლევან მურუსიძეს: „არ მინდა ჩემი გათავისუფლების საბუთზე თქვენი ხელმოწერა იყოს, დამტოვეთ“.[5]

სანქცირება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ

რედაქტირება

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოახდინა მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.[6] ლევან მურუსიძის განცხადებით, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვების მცდელობა.[7]

  1. 1.0 1.1 1.2 ლევან მურუსიძე // ოფიციალური ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-06. ციტირების თარიღი: 2018-12-27.
  2. 2.0 2.1 ქართული მართლმსაჯულება სცილასა და ქარიბდას შორის
  3. ირაკლი ხვადაგიანთან საკანში ექიმი მისი დაკავებიდან და ცემიდან მე-3 დღეს შევიდა
  4. მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
  5. ხვადაგიანი: არ მინდა ჩემი გათავისუფლების საბუთზე თქვენი ხელმოწერა იყოს, დამტოვეთ
  6. აშშ-მა მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვა მოსამართლეები დაასანქცირა
  7. ლევან მურუსიძე - სანქციების დაწესება არის მცდელობა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებს დაექვემდებაროს