ლატერიტული ნიადაგი

ლატერიტული ნიადაგი — ეკვატორული და ტენიანი ტროპიკული ტყის ნიადაგი, რომლისითვისაც დამახასიათებელია კაჟმიწის დაბალი, ალუმინისა და რკინის მაღალი შემცველობა.[1]

ლატერიტული ნიადაგი
კლიმატი ტროპიკული და სუბტროპიკული

სახელწოდება დაკავშირებულია მისთვის დამახასიათებელ ლატერიტულ გამოფიტვასთან, რომელიც ლატერიტულ ნიადაგში განაპირობებს რკინისა და ალუმინის მაღალ შემცველობას და ამასთან, ტუტეებისა და ტუტემიწის უმნიშვნელო შემცველობას.[1]

ლატერიტულ ნიადაგს აქვს მძლავრი პროფილი, რომელიც ზედა ნაწილში შეიცავს ჰუმუსის 4–6 %-ს, რომლის რაოდენობა სწრაფად მცირდება ქვემოთკენ. გამოიყოფა პროფილის ზედა ნაწილის მექანიკური შედგენილობით უფრო მსუბუქი ლატერიტული ნაიდაგები, აგრეთვე ჰორიზონტების არსებობით, გამდიდრებული რკინიანი კონკრეციებით ან ლატერიტის მტკიცე ფენაში გარდაქმნილებიც კი. ნიადაგწარმომქმნელი ქანებისა და აგრეთვე დატენიანების პირობების შესაბამისად, ლატერიტულ ნიადაგს აქვს სხვადასხვა შეფერილობა — თეთრი და ყვითელიდან ყავისფერ ელფერამდე.[1]

გაბატონებული ფერი წითელია. მთის ლატერიტულ ნიადაგს ახასიათებს დიდი რაოდენობით ჰუმუსის შემცველობა, ნაკლები სიმძლავრე და ლატერიტის ჰორიზონტის არარსებობა. ლატერიტული ნიადაგის რეაქცია მჟავეა, გაცვლითი შესაძლებლობა და ნაჯერობის ხარისხი ძალზე დაბალია. ლატერიტული ნიადაგი დიდ სივრცეებს იკავებს სამხრეთ ამერიკაში, ცენტრალურ აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ავსტრალიაში.[1]

ლატერტულ ნიადაგზე იზრდება კაკაო, ჰევეა, ყავა, ანანასი, ქოქოსი, პალმა, ბრინჯი და სხვა მრავალი კულტურა. XX საუკუნის 50-იან წლების ბოლოდან ლატერიტულ ნიადაგს ხშირად ფერალიტურს უწოდებენ, ლატერიტულით კი აღნიშნავენ იმ ნიადაგებს, რომელთა პროფილში არის ლატერიტის ჰორიზონტი.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Краткая географическая энциклопедия. Том 2. 1961, 592 с.