ლაიოშ ტარდი
ლაიოშ ტარდი (უნგრ. Tardy Lajos; დ. 28 ივლისი, 1914, ბუდაპეშტი — გ. 10 იანვარი, 1990, ბუდაპეშტი) — უნგრელი ისტორიკოსი, მწერალი, მთარგმნელი, ფილოლოგი, ქართველოლოგი.
ლაიოშ ტარდი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 28 ივლისი, 1914[1] |
დაბ. ადგილი | ბუდაპეშტი |
გარდ. თარიღი | 10 იანვარი, 1990[1] (75 წლის) |
გარდ. ადგილი | ბუდაპეშტი |
დასაფლავებულია | ფარკაშრეტის სასაფლაო[2] [3] |
მოქალაქეობა | უნგრეთი |
საქმიანობა | ლიტერატურის მთარგმნელი, ქართველოლოგი[4] , კულტურის ისტორიკოსი, ჰერალდისტი და მწერალი |
ალმა-მატერი | ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალაიოშ ტარდი დაიბადა 1914 წელს ბუდაპეშტში. 1932 წელს დაამთავრა კლასიკური გიმნაზია, 1936 წელს – ბუდაპეშტის პეტერ პაზმანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1937-1938 წლებში მსახურობდა ჯარში. სამხედრო სამსახურის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა იურიდიულ ფირმაში. მეორე მსოფლიო ომის დროს გაიწვიეს აღმოსავლეთის ფრონტზე, სადაც საბჭოთა ტყვეობაში ჩავარდა. ტყვეობიდან 1947 წელს გაანთავისუფლეს. სახლში დაბრუნების შემდგომ მუშაობდა უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში მრჩევლის თანამდებობაზე.[5]
50–იან წლებში ლაიოშ ტარდი გახდა რაკოშის სისტემის მსხვერპლი და გარკვეული პერიოდი დაჰყო საპატიმროში.[6] 1957-58 წლებში მუშაობდა დამოუკიდებელ იურისტად. 1960 წლიდან 1969 წლამდე იყო ბუდაპეშტის სეჩენის სახელობის სახელმწიფო ბიბლიოთეკის მეცნიერ–თანამშრომელი.[7]
ლაიოშ ტარდის ქართველოლოგიური მოღვაწეობა იწყება 50–იან წლების დასასრულს. მისი პირველი ქართველოლოგიური ნაშრომი „იაკობ რეინეგსისა და იანოშ კოჰარის მოღვაწეობა კავკასიაში XVIII ს. მეორე ნახევარში“ გამოქვეყნდა 1957 წელს. 60–იანი წლებიდან იგი ინტერესდება უნგრეთ–საქართველოს ურთიერთობით. ამ მიზნით იგი მუშაობდა რომის, მილანის, ფლორენციის, ვენის, პარიზისა და სხვა ქალაქების ბიბლიოთეკებსა და არქივებში, აგროვებდა სათანადო ისტორიულ წყაროებს. 1965 წელს ბუდაპეშტში დაიბეჭდა ლაიოშ ტარდის წიგნი „უნგრეთ–საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან“, რომელიც ქართულად ითარგმნა 1968 წელს. ტარდი უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის მივლინებით საქართველოში ჩამოვიდა ქართული ენის შესწავლის მიზნით. 1973 წელს თბილისში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „შუაევროპული საზოგადოებრივი აზრი საქართველოზე და საქართველო–უნგრეთის ურთიერთობა XVI საუკუნეში“.[6]
1977 წლიდან ლაიოშ ტარდი, ქ. სეგედის ატილა იოჟეფის სახელობის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს აღმოსავლეთის ხალხების (მათ შორის ქართველების) ისტორიის შესახებ. 1980–1981 წლებში მიჰყავდა კურსი „კავკასიის სახელმწიფოთა, კერძოდ, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორია“. მასვე ეკუთვნის 1962 წელს დაწერილი რომანი „იაკუბ ბეი“, რომელიც ერეკლე მეორის ეპოქას ეძღვნება. მის სახელს უკავშირდება „სიბრძნე ბალავარის“ 1830 წელს შესრულებული უნგრული თარგმანის გამოვლენა, რომელიც მიჩნეულია პირველ უნგრულ თარგმანად ქართული ენიდან.[6]
1987 წელს ლაიოშ ტარდი კვლავ ეწვია საქართველოს ი. ჭავჭავაძის დაბადების 150–ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე დასასწრებად. მან ამ მოვლენას მიუძღვნა თავისი წიგნი „კავკასიურ–უნგრული სარკე“, რომელიც 1988 წელს გამოვიდა.[6]
1988 წელს ლაიოშ ტარდის თაოსნობით უნგრეთში შეიქმნა რუსთაველის საზოგადოების ასოციაცია – პირველი საზღვარგარეთის ასოციაცია ევროპის ცენტრში, რომლის პრეზიდენტიც თავად გახდა.[6]
ლაიოშ ტარდი გარდაიცვალა 1990 წლის 10 იანვარს, ქ. ბუდაპეშტში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტარდი ლ., უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან [უნგრ. თარგმ. ლ. მაისურაძემ]. თბილისი : საბჭ. საქართველო, 1968.
- ტარდი ლ., უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობა XVI საუკუნეში [წინასიტყვ. ავტ.: ი. ტაბაღუა]. თბილისი : საბჭ. საქართველო, 1980.
- ტარდი ლ., იაკუბ ბეი : ისტორ. მოთხრობა [უნგრ. თარგმნა მედეა ქართველიშვილმა და იუდიტა კაპოშიმ ; ილ.: რაფ. ადამი ; ბოლოსიტყვ. ვ. გუჩუასი]. თბილისი : ნაკადული, 1971.
- ტარდი ლ., იოჰანეს შონერისა და მისი მიმდევრების XVI საუკუნის I მეოთხედის გეოგრაფიული რუკები / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია. თბილისი, 1976. N1, გვ.127-132.
- ხუციშვილი რ., ლაიოშ ტარდი და ქართველოლოგია. თბილისი, 1992.