ლაზიენკი (პოლ. Łazienki) — XVII-XVIII საუკუნეების სასახლე-პარკის ანსამბლი ვარშავაში, პოლონური კლასიციზმის ძეგლი. მდებარეობს უიაზდოვის ციხე-დარბაზის (XVII ს.) ყოფილი სანადირო მამულების ტერიტორიაზე, რომელიც 1674 წელს შეიძინა გვირგვინის მარშალმა ს. ლუბომირსკიმ. მის დროს 1683–1694 წლებში არქიტექტორ ტილმან გამერსკის პროექტით ბაროკოს სტილში აშენდა პავილიონები „ერმიტაჟი“ (გადაკეთდა 1770-იან წლებში, არქ. დ. მერლინი) და „ლაზიენკა“ („საბანაო“), რომლის სახელი ეწოდა მამულების მიმდებარე ნაწილს.

სასახლე წყალზე
თეთრი სახლი
მიშლევიცეს სასახლე

1764 წელს ლაზიენკი შეიძინა მეფე სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკიმ; საბანაოს შენობა ადრეული კლასიციზმის სტილში გადაკეთდა მის საზაფხულო რეზიდენციად (ე.წ. სასახლე წყალზე; 1775-93; არქიტექტორები დ. მერლინი და ი. კ. კამზეცერი, მხატვრები მ. ბაჩარელი და ი. ბ. პლერში), რომელსაც გარს ერტყა 2 ტბა. ჩრდილოეთი ტბა სრულდება ხიდით, რომელსაც ამშვენებს იან III სობესკის ძეგლი (1788, მოქანდაკეები ა. ლებრენი, ფ. პინკი), სამხრეთ ტბას აქვს კუნძული ახალბერძნული სტილის ამფითეატრით (1790–1791, არქ. ი. კამზეცერი). ირგვლივ გაშენდა პეიზაჟური პარკი (1784-93, არქ. ი. ხ. შუხი) ანდრე ლებრენის, იაკუბ მონალდისა და სხვათა ქანდაკებებით. სასახლის დასავლეთით მდებარეობს „თეთრი სახლი“ (1774–1777; ი. პლერშის მოხატულობა), აღმოსავლეთით — მიშლევიცეს სასახლე (1775–1778, ორივეს არქ. დ. მერლინი), რომელიც ეკუთვნოდა მეფის ძმისწულს თავად იოზეფ პონიატოვსკის. 1767 წელს ლაზიენკის ანსამბლში შევიდა ბელვედერის სასახლე (1659; გადაკეთდა კლასიციზმის სტილში 1819–1820 წლებში, არქ. ი. კუბიცკი; ამჟამად მთავრობის მიღებების სახლი).

ლაზიენკის პარკში ასევე მდებარეობს ძველი ორანჟერეა (1784–1788, არქ. დ. მერლინი; ერთ-ერთ ფრთაში თეატრია), სივილას (დიანას) ტაძარი, ეგვიპტური ტაძარი (ორივე 1822, არქ. ი. კუბიცკი). 1863 წლის პოლონეთის აჯანყების შემდეგ პარკი გაიხსნა საზოგადოებისთვის. 1926 წელს ვარშავის მუსიკალური საზოგადოების ინიციატივით ლაზიენკიში დაიდგა ფრედერიკ შოპენის ძეგლი (მოქანდაკე ვ. შიმანოვსკი; აღდგენილია 1958 წელს). ლაზიენკის შენობების უმეტესობა დაინგრა მეორე მსოფლიო ომის დროს; აღდგენილია 1950-იან წლებში. ამჟამად შენობებში გახსნილია მუზეუმები, მათ შორის ეროვნული მუზეუმის ფილიალი (სასახლე წყალზე, 1960 წლიდან).

ლიტერატურა

რედაქტირება