კულტურისა და მეცნიერების სასახლე
კულტურისა და მეცნიერების სასახლე (პოლონურად Pałac Kultury i Nauki, შემოკლებით PKiN) - ყველაზე მაღალი შენობა ვარშავასა და პოლონეთში. შენობა მერვე ადგილზეა ევროპის კავშირის უმაღლეს შენობებს შორის, ხოლო 187-ზე მსოფლიოში.
კულტურისა და მეცნიერების სასახლე | |
---|---|
Pałac Kultury i Nauki | |
კულტურისა და მეცნიერების სასახლე | |
| |
ალტერნატიული სახელები | PKiN |
ზოგადი ინფორმაცია | |
შენობის ტიპი | ცათამბჯენი |
არქიტექტურული სტილი | სტალინისტური არქიტექტურა |
ქვეყანა | პოლონეთი[1] |
მდებარეობა | ვარშავა |
კოორდინატები | 52°13′54″ ჩ. გ. 21°00′23″ ა. გ. / 52.23167° ჩ. გ. 21.00639° ა. გ. |
დაიწყო | 1952 |
დასრულდა | 1955 |
ზომები და ტექნიკური დეტალები | |
სიმაღლე | 231 მეტრი |
ფართობი | 123,084 კმ2 |
არქიტექტორ(ებ)ი | ლევ რუდნევი |
სართულების რაოდება | 42[2] |
საიტი | |
www.pkin.pl |
მშენებლობა
რედაქტირებასასახლის მშენებლობა დაიწყო სტალინის ბრძანებით, 1952 წელს და დასრულდა 1955 წელს. სასახლე აშენდა, როგორც საბჭოთა კავშირის საჩუქარი პოლონელი ხალხისადმი. მასზე მუშაობდა 3500-მდე საბჭოთა მშენებელი, რომლებიც ვარშავის ახალ გარეუბანში, ვოლაში, ადგილობრივი მოსახლეობისგან გამოყოფით დაასახლეს. შენობა სტალინური ამპირის მაგალითია და არქიტექტურულად ჰგავს იყო იმავე პერიოდში მოსკოვში აშენებულ შვიდი დობილისს კომპლექსს, განსაკუთრებით კი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობას. თუმცა არქიტექტორმა ლევ რუდნევმა მასში პოლონური ელემენტებიც შეიტანა, მაგალითად კრაკოვის, ლუბლინისა და ზამოსცის რენესანსის სტილის სასახლეებიდან.
სასახლე 1955-1957 წლებში ევროპაში ყველაზე მაღალი შენობა იყო. მას იოსებ სტალინის სახელობის კულტურისა და მეცნიერების სასახლე ეწოდებოდა, თუმცა დესტალინიზაციის შემდეგ სტალინის სახელი ჩამოსცილდა.
გახსნიდან მალე სასახლემ უმასპინძლა ახალგაზრდობისა და სტუდენტობის მეხუთე მსოფლიო ფესტივალს. 1967 წელს სასახლეში გაიმართა როლინგ სტოუნზის კონცერთი, ეს იყო დასავლური როკ-ჯგუფის რკინის ფარდის აღმოსავლეთ მხარეს გამართული პირველი კონცერტი [3] 1985 წელს კი სასახლეში ლეონარდ კოენის კონცერტი შედგა.[4]
2000 წელს შენობას დაამატეს ოთხი საათი, თითოეული 6,3 მეტრი რადიუსისა და ამჟამად ის მსოფლიოში სიმაღლით მეორე საათიანი კოშკია.
დამოკიდებულება
რედაქტირებასასახლეს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ბევრ პოლონელს სძულდა შენობა, რადგან ის საბჭოთა კავშირის დომინირების სიმბოლოდ აღიქმებოდა. პოლონეთი 1989 წელს საბჭოთა კავშირის გავლენისაგან გათავისუფლდა, შესაბამისად, შენობამ დაკარგა სიმბოლური მნიშვნელობა. ნეგატიური დამოკიდებულება დღეს უკვე იშვიათად გვხვდება. მოწინააღმდეგეთა სხვა არგუმენტი იყო ის, რომ შენობამ დაარღვია ძველი ვარშავის ესთეტიკური იერსახე. თუმცა დროთა განმავლობაში ვარშავის ცენტრში საკმაოდ ბევრი ცათამბჯენი აშენდა, შესაბამისად, შენობა აღარ ქმნის დისონანსს, არამედ ჰარმონიულად დგას სხვა ცათამჯენებს შორის.
ვარშავის მოსახლეობა სასახლეს დღემდე მეტსახელებით მოიხსენიებს: "პეკინი" (შემოკლების, PKiN-ის გამო), "მასხარა" (პოლონური სიტყვა მასხარა, Pajac, ჰგავს სიტყვა სასახლეს - Pałac), "სტალინის შპრიცი" ან "რუსული საქორწინო ტორტი" [5] ძველი ანეკდოტის თანახმად, ქალაქის საუკეთესო ხედი სასახლიდან ჩანდა, რადგან ამ შემთხვევაში თავად სასახლე არ გამოჩნდებოდა (ხუმრობის ორიგინალი, ეიფელის კოშკის შესახებ, ეკუთვნის ფრანგ მწერალს, გი დე მოპასანს).
თანამედროვეობა
რედაქტირებადღეისათვის სასახლე ქალაქის ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობაა. მისი 30-ე სართული კი ცნობილი ტურისტული დანიშნულების ადგილია: აქედან ჩანს ქალაქის პანორამები. შენობაში განთავსებულია ოფისები, მაღაზიები, საგამოფენო დარბაზები, უნივერსიტეტი, კინოთეკა, რამდენიმე კინოთეატრი, თეატრი და მუზეუმი, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზი 3000 ადამიანზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Birk Engmann Bauen für die Ewigkeit: Monumentalarchitektur des zwanzigsten Jahrhunderts und Städtebau in Leipzig in den fünfziger Jahren. Sax- Verlag. Beucha. 2006. ISBN 3-934544-81-9
- Zabrowksa, Magdalena, The Height of (Architectural) Seduction: Reading „Changes“ through Stalin´s Palace in Warsaw, Poland, Journal of Architectural Education 54 (2001), N4, გვ. 205-217.
- Boleslaw Bierut; Stanislaw Jankowski, Der Sechsjahrplan des Wiederaufbaus von Warschau. Warszawa: Książka i Wiedza. 1951.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ archINFORM — 1994.
- ↑ http://www.skyscrapercenter.com/building.php?building_id=1089
- ↑ The Stones Tumultuous 1967 European Tour
- ↑ WARSAW 1985 by Daniel Wyszogrodzki
- ↑ Warsaw: Don't Miss. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-16. ციტირების თარიღი: 2011-07-06.