ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური

(გადამისამართდა გვერდიდან კოსმოსური ზონდი)

ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური (ასს), კოსმოსური ზონდიპლანეტათშორისი სივრცის და მზის სისტემის სხეულების შესასწავლად, აგრეთვე მთვარესა და სხვა პლანეტებზე (და არა გეოცენტრულ ორბიტაზე) გასაფრენად განკუთვნილი უპილოტო კოსმოსური აპარატი. დაკვირვების შედეგს, მთვარისა და პლანეტების ფოტოსურათებს ასს ბორტიდან დედამიწაზე რადიო- და სატელევიზიო სისტემების საშუალებით გადმოსცემს. ზოგიერთ ასს-ს შეუძლია საჭიროებისამებრ რბილად დაეშვას მთვარისა და პლანეტების ზედაპირზე და უკანვე დაბრუნდეს. ტრაექტორიის კორექციისა და რბილად დაშვების უზრუნველსაყოფად ასს აღჭურვილია ასტრონავიგაციის სისტემით და რაკეტული ძრავებით. საბორტო აპარატურას ენერგიით კვებავს მზის ბატარეები. კოსმოსში ასს-ები ეშვება 1959 წლიდან. პირველი ასს — „ლუნა-1“ — გაშვებულ იქნა 1959 წლის 2 იანვარს. 1959-1970 წლებში გაშვებული იყო შემდეგი სერიის ასს-ები: „ლუნა“, „ვენერა“, „პროტონი“, „მოლნია“, „ზონდი“ (სსრკ); „მარინერი“, „რეინჯერი“, „პიონერი“ (აშშ).

„ლუნა-1“, მსოფლიოში პირველი ასს, რომელმაც მიაღწია მეორე კოსმოსურ სიჩქარეს და გადალახა დედამიწის გრავიტაცია

კოსმოსური ზონდი

რედაქტირება

კოსმოსური ზონდი — დედამიწისახლო კოსმოსური სივრცის, მზის სისტემის სხეულებისა და მათი მიდამოების კვლევისათვის გამიზნული კოსმოსური საფრენი აპარატი. მაღლივი ზონდებისაგან განსხვავებით კოსმოსური ზონდებით კვლევა ხორციელდება დედამიწის ზედაპირიდან მის რადიუსზე უფრო მეტ მანძილებზე. შედარებით მცირე ექსცენტრისიტეტიან ორბიტაზე გაშვებულ თანამგზავრებს კოსმოსური ზონდებს არ უწოდებენ. კოსმოსური ზონდებს აკუთვნებენ მთვარისა და პლანეტებისაკენ გაშვებულ აპარატებს (პირველი კოსმოსური ზონდი „ლუნა-1“ 1959 წლის 2 იანვარს გაუშვეს საბჭოთა კავშირში. მან 4 იანვარს გაუარა მთვარეს და შემდეგ ხელოვნურ თანამგზავრად იქცა).

კოსმოსური ზონდებისთვის ხმარობენ სხვა სახელწოდებებსაც: „მთვარის სადგური“, „ავტომატური საპლანეტათშორისო სადგური“ (სსრკ-ში); „მთვარის ზონდი“, „მარსის ზონდი“ (აშშ-ში); ზოგჯერ „კოსმოსურ სადგურებსაც“. ტიპური კოსმოსური ზონდებია „ზონდის“ სერიის საბჭოთა და „პიონერის“ სერიის ამერიკული კოსმოსური აპარატები.

სამეცნიერო კვლევა ზონდებზე ხორციელდება, როგორც საბორტო აპარატურით, ისე ფოტოგრაფირებითა და დისტანციური გაზომვით. პლანეტათშორის ტრასებზე გაყვანა, აგრეთვე სხვა ციურ სხეულებზე დაშვება ხდება ხელოვნური თანამგზავრის შუალედური ორბიტებიდან.

კოსმოსური ზონდების მეშვეობით აღმოჩენილია დედამიწის მაგნიტოსფერო, მზისიერი ქარი და სხვა. შესწავლილია დედამიწისახლო და პლანეტათშორისი მაგნიტური ველები, აგრეთვე მთვარისა და პლანეტების მიდამოები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება