კიტა ჩხენკელი
კიტა ჩხენკელი (დ. 8 ნოემბერი, 1895 — გ. 22 ოქტომბერი, 1963, ციურიხი) — ქართველი ენათმეცნიერი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაკიტა ჩხენკელი საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის, აკაკი ჩხენკელის ძმა იყო. მან ცხოვრების გზად მეცნიერება აირჩია და თავისი მოღვაწეობით შეძლო ევროპელები დაეინტერესებინა ქართველებითა და ქართული ენით. იგი დაიბადა სასულიერო ოჯახში. კიტამ 1912 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. მოსკოვის უნივერსიტეტში ეუფელბოდა სამართალსა და მსოფლიო ლიტერატურას 1913-1917 წლებში. საქართველოს მთავრობის სტიპენდიით 1920 წელს ჩაირიცხა გერმანიაში, ჰალეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულებაზე. 1936 წელს მან ჰამბურგის უნივერსიტეტში პოლიტეკონომიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში ჩხენკელმა ჰამბურგის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების განყოფილებაში გადაინაცვლა და რუსული ენის შესახებ ლექციების წაკითხვა დაიწყო. მისი ახალი კოლეგები, ლინგვისტები ჩხენკელის მშობლიური ენის თავისებურებებითაც დაინტერესდნენ და რამდენიმე თვეში მას ქართული ენის კურსების ხელმძღვანელობაც დაავალეს. კიტა ჩხენკელის ლექციების წყალობით ქართული ენით დაინტერესებულთა წრე ყოველწლიურად იზრდებოდა. მოიპოვა საუკეთესო სპეციალისტის სახელი და ქართული ენის ლექტორად სხვა უნივერსიტეტებმაც მიიწვიეს. საბოლოოდ, ჩხენკელმა პოლიტეკონომიას ენათმეცნიერებაში მოღვაწეობა აირჩია. მან მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს დაიწყო მუშაობა ქართულ-გერმანულ ლექსიკონსა და ქართული ენის სახელმძღვანელოზე, მაგრამ მისი მასალები 1943 წელს ჰამბურგის დაბომბვას შეეწირა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩხენკელი შვეიცარიაში გადასახლდა და იქ განაგრძო ნაყოფიერი მოღვაწეობა. ციურიხის კონფედერაციულ უნივერსიტეტში მან ქართული სტამბა „ამირანი" დააარსა, სადაც გამოსცა „ვისრამიანის" თარგმანი, 1958 წელს დაბეჭდა ფუნდამენტური ნაშრომი „ქართული ენის შესავალი", რომელიც გერმანულენოვან სამყაროში დღემდე მიიჩნევა ქართველოლოგიის კლასიკურ სახელმძღვანელოდ. ციურიხის უნივერსიტეტში დააარსა ქართველოლოგიური კათედრა. ამავე უნივერსიტეტში ჩხენკელმა უამრავი მასალა შეაგროვა „ვეფხისტყაოსნის" აკადემიური გამოცემისა და ქართულ-გერმანული ლექსიკონის დასასტამბად. ქართულ-გერმანული ლექსიკონის გამოცემა 26 ნაკვეთად, რომლის პირველი ექვსი წიგნი ავტორის სიცოცხლეში გამოქვეყნდა, ხოლო მეშვიდეზე მუშაობის დროს კიტა ჩხენკელი გარდაიცვალა, საბოლოოდ 1974 წელს დასრულდა და იგი მნიშვნელოვან მოვლენად არის შეფასებული ქართველოლოგიის ისტორიაში.
კიტა ჩხენკელი 68 წლის ასაკში ციურიხში გარდაიცვალა ბრონქოპნევმონიით. დაკრძალეს იქვე. დღეისათვის საფლავი დაკარგულია.