არჩილ კიკნაძე

ქართველი გეოლოგი, გეოგრაფი და გეომორფოლოგი
(გადამისამართდა გვერდიდან კიკნაძე, არჩილ)

არჩილ გრიგოლის ძე კიკნაძე (დ. 26 აგვისტო, 1933, თბილისი, საქართველო — გ. 21 მარტი, 2006, თბილისი, საქართველო) — ქართველი ინჟინერ-გეოლოგი და გეოგრაფი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2001), საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი (2000). საქართველოს დამსახურებული გეოლოგი (1983), გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1994). საქართველოში ზღვების ნაპირების მორფო-ლითო-დინამიკის სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, სსრკ-ში ზღვის სანაპირო ზონის ლითოდინამიური სისტემების კონცეფციის ავტორი. ფოთის საპატიო მოქალაქე (1987). ღირსების ორდენის კავალერი (2003).

არჩილ კიკნაძე
დაბ. თარიღი 26 აგვისტო, 1933(1933-08-26)
გარდ. თარიღი 21 მარტი, 2006(2006-03-21) (72 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი, გეოლოგი და გეომორფოლოგი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი და საქზღვანაპირდაცვა
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, ღირსების მედალი და ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

არჩილ გრიგორის ძე კიკნაძე დაიბადა 1933 წლის 26 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. საშუალო განათლება მიიღო თბილისის რკინიგზელთა მე-2 სკოლაში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი. დამთავრების შემდეგ, 1961 წლამდე, მუშაობდა „კავტრანსპროექტში“. 1961-70 წლებში მუშაობდა საქართველოს წყლის რესურსების სახელმწიფო კომიტეტში, საქართველოს გეოლოგიის სამმართველოში – შავი ზღვის სანაპიროს საინჟინრო-გეოლოგიური პარტიის უფროსად. 1970 წელს მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭომ მიანიჭა გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1970-1978 წლებში მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში — მისივე ინიციატივით, ინსტიტუტის დირექტორის აკადემიკოს თეოფანე დავითაიას მხარდაჭერით, შექმნილი საქართველოში ზღვის ნაპირების მორფოდინამიკის ლაბორატორიის გამგედ. 1978-1980 წლებში არჩილ კიკნაძე იყო საქართველოს ბუნების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1980 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „საქზღვანაპირდაცვა“ — შემდგომში სსგ „საქნაპირდაცვა“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1992 წლამდე. სსგ „საქნაპირდაცვის“ დაშლის შემდეგ 1997-1999 წლებში ა.კიკნაძე ხელმძღვანელობდა ნაპირების დინამიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს „სანდი“. 1991 წელს მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის წოდება სადისერტაციო ნაშრომისთვის „სანაპირო ზონის მორფოდინამიკა და მისი გამოყენების ოპტიმიზაცია“.

ბოლო წლებში არჩილ კიკნაძე იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის კათედრის პროფესორი და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ზღვის ნაპირების მორფოდინამიკის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

არჩილ კიკნაძის წვლილი მეცნიერებაში დაკავშირებულია სანაპირო ზონის ლითო-მორფო-დინამიკასთან, რომელიც დამოუკიდებელ სამეცნიერო მიმართულებად გეოგრაფიის და გეოლოგიის, კერძოდ კი გეომორფოლოგიის, ოკეანოლოგიის და სედიმენტოლოგიის მიჯნაზე ჩამოყალიბებულ იქნა ვსევოლოდ ზენკოვიჩის მიერ. მის საკვლევ ობიექტს წარმოადგენს დედამიწის ჰიდროსფეროსა და ლითოსფეროს ურთიერთქმედების ზონას, რომელიც მოიცავს არეალს ზღვის შელფზე ტალღის მაქსიმალური ზემოქმედების წერტილიდან სანაპირო ხმელეთზე მისი ჩაქრობის სივრცეს. სანაპირო ზონის ლითო-მორფო-დინამიკა იკვლევს ზღვის ტალღის ზემოქმედებას და მის მიერ გამოწვეულ ლითოდინამიკურ პროცესებს, რაც საერთო ჯამში განსაზღვრავს ზღვის ნაპირების ფორმირებას.

არჩილ კიკნაძე არის საქართველოში შავი ზღვის სანაპირო ზონის ლითო-მორფო-დინამიკის სამეცნიერო-პრაქტიკული სკოლის ფუძემდებელი. მისი ხელმძღვანელობით შესწავლილი იქნა ზღვის ნაპიროებზე მიმდინარე ლითოდინამიკური პროცესები. არჩილ კიკნაძის და მისი მოსწავლეების (მ. ალფენიძე, ი. გელოვანი, ა. ზედგინიძე, ვ. კანდელაკი, გ. ლომინაძე, თ. მეტრეველი, ი. პაპაშვილი, გ. რუსო, თ. შუბითიძე, გ.ცენტერაძე, ნ. ძიძიკაშვილი, გ. ყავლაშვილი, თ. ხანდოლიშვილი, ს. ხორავა და სხვა) მიერ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში პლაჟების ლითოლოგიური და პეტროგრაფიული შემადგენლობის მიხედვით გამოიყო ლითოდინამიკური სისტემები, ამავე მეთოდით დადგინდა მდინარეების მიერ გამოტანილი ნატანის გავრცელების არეალები, დეტალურად აღიწერა საქართველოს სანაპირო შელფი და დადგინდა ტალღების მიერ ინერტული მასალის გადაადგილების მარშრუტები. აღნიშნულ კვლევებზე დაყრდნობით მათ მიერ შემუშავებულ იქნა სანაპირო ზონის დაცვის და აღდგენის ეფექტიანი მეთოდი, რომლის მთავარი ფილოსოფია არის ბრძოლა გამომწვევ მიზეზთან და არა შედეგთან. კიკნაძის მეთოდი უპირისპირდება ე.წ. „გამაგრებით“ მიდგომას და სანაპირო ზონის საუკეთესო დამცავ ელემენტად, ბეტონის კონსტრუქციების საპირისპიროდ, პლაჟებს გაზრდას და შექმნას მიიჩნევს. არჩილ კიკნაძე სანაპირო ზონის წარეცხვის მთავარ მიზეზად მიიჩნევს ანთროპოგენურ ფაქტორს, რამაც გამოიწვია მდინარეების მიერ ჩამოტანილი ნატანის შემცირება და სამშენებლო თუ სხვა მიზნებისთვის პლაჟებიდან ინერტული მასალის მასიურ ამოღებას. სსგ „საქნაპირდაცვის“ დაშლის შემდეგ ამ პრობლემამ დღეისთვის ისევ იჩინა თავი.

სანაპირო ზონაში პლაჟური ნატანის შემცირება იწვევს თავდაპირველად არსებული პლაჟების წარეცხვას, ხოლო შემდგომ, მათ მიერ ტალღის „ჩამქრობი“ ფუნქციის დაკარგვას, და ტალღური ენერგიის ძირითად ნაპირზე დამანგრეველ ზემოქმედებას. კიკნაძის მეთოდი ითვალისწინებს ბუნებრივი პროცესების აღდგენას და ძირითადად ეფუძნება სანაპირო ზონაში პლაჟწარმომქმნელი ნატანის ხელოვნურ შეტანას. არჩილ კიკნაძე ამბობდა: სანაპირო ზონაში მიმდინარე პროცესები ნაცვლად ნეგატიური, პოზიტიური მიმართულებით უნდა შეიცვალოს. მართლაც „საქნაპირდაცვის არსებობის პერიოდში სანაპირო პლაჟების მოცულობამ, სიგანემ და ფართობმა საგრძნობლად იმატა. მსოფლიოში პირველად გამოყენებული იყო პლაჟური ნატანის განთავსება წყალქვეშა ფერდზე სპეციალური გემების „შალანდების“ საშუალებით. ზღვის ღელვის გავლენით ხელოვნურად შეტანილი ნატანი მასალა განიცდიდა განივ მიგრაციას ნაპირის მიმართულებით და უერთდებოდა არსებულ პლაჟს, რითაც ზრდიდა მათ სიგანეს, მოცულობას და ფართობს.

არჩილ კიკნაძის მეთოდი საქართველოში სანაპირო ზონის დასაცავად 1981-1992 წლებში წარმატებით გამოიყენებოდა არჩილ კიკნაძის ინიციატივით დაარსებული სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება „საქნაპირდაცვა“-ს მიერ. განხორციელდა უპრეცედენტო აქტიური სამუშაოები, რომლებმაც აღნიშნულ წლებში რეალური შედეგები გამოიღო. კერძოდ, დაძლეულ იქნა საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონის წარეცხვის კრიტიკული პრობლემები. პლაჟების ფართობების მატებამ შეადგინა 120 ჰა, სტაბილურ განვითარებას დაექვემდებარა სანაპიროს 90 გრძივი კილომეტრი. არჩილ კიკნაძის მეთოდი აღიარებულია საერთაშორისო მკვლევარების მიერ. ის გამოყენებული იყო ნაპირსამაგრ სამუშაოებში ბულგარეთში, კუბაში, თურქეთში, ბალტიის ქვეყნებში, თურქმენეთში, რუსეთში, უკრაინაში.

სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება „საქზღვანაპირდაცვა“ (შემდგომში სსგ „საქნაპირდაცვა“) არჩილ კიკნაძის ინიციატივით დაარსდა 1980 წელს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ზღვის ნაპირების მორფოდინამიკის ლაბორატორიის ბაზაზე. გაერთიანება საქნაპირდაცივის ხელმძღვანელობის პირველი შემადგენლობა: არჩილ კიკნაძე — გენერალური დირექტორი, ვახტანგ საყვარელიძე — მოადგილე სამეცნიერო დარგში, თევდორე მელაძე — მოადგილე სამშენებლო დარგში და „საქნაპირდაცვის“ საპროექტო ინსტიტუტის დირექტორი — კოტე გოგელია.

ორგანიზაცია თავისთავად იყო ექსპერიმენტული ხასიათის და მისი სტრუქტურა ეფუძნებოდა არჩილ კიკნაძის მიერ გარემოს დაცვის საკითხების მართვის ახლებურ მიდგომას. არჩილ კიკნაძე თვლიდა, რომ ბუნების დაცვის საკითხები საჭიროებენ სისტემურ მიდგომას, კერძოდ გარემოს დაცვითი სტრუქტურებისთვის მხოლოდ კვლევითი და აკრძალვითი ფუნქციების მინიჭება არ არის საკმარისი პრობლემების გადასაწყვეტად და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ისინი უნდა აერთიანებდნენ კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობას. სსგ „საქნაპირდაცვა“ შეიქმნა სწორედ ამ პრინციპების დაცვით. გაერთიანების წამყვან რგოლს წარმოადგენდა კვლევითი ინსტიტუტი, რომელის დაქვემდებარებაში იყო საპროექტო-საკონსტრუქტორო და სამშენებლო ერთეულები. შედეგად „საქნაპირდაცვა“ ახორციელებდა ნაპირდაცვითი სამუშაოების სრულ ციკლს, რაც საშუალებას აძლევდა ორგანიზაციას პრაქტიკაში განეხორციელებინა შემუშავებული მეთოდები, გაეკონტროლებინა სამუშაოთა ხარისხი და პასუხისმგებელი ყოფილიყო საბოლოო შედეგზე.

გაერთიანება წარმატებით მუშაობდა 1995 წლამდე, 1996 წლიდან გაერთიანებამ შეწყვიტა თავისი თავდაპირველი სახით არსებობა და გარდაიქმნა ნაპირების დინამიკის ინსტიტუტად „სანდი“ (1992-1998 წწ. ვახტანგ საყვარელიძის ხელმძღვანელობით). სსგ „საქნაპირდაცვა“-მ თავის არსებობის პერიოდში დაამტკიცა როგორც ნაპირდაცვითი მეთოდის ასევე მმართველობითი სტრუქტურის ეფექტიანობა.

ნაშრომები

რედაქტირება
  • არჩილ კიკნაძე, გრიგორი რუსო, საშა ხორავა, ზღვის ნაპირდაცვის პრობლემების გადაჭრა აჭარაში. საქართველოს საინჟინრო პრობლემები: მდგომარეობა და პერსპექტივები, 1998;
  • Technologies of coastal restoration in the Eastern Black Sea by. Archil G. KIKNADZE. , http://ciesm.org/online/monographs/CSS-1/CSS_1_43_51.pdf
  • Scientific Basis of Regulation of Coastal Processes (Case Study: Coast of the Black Sea). http://cedb.asce.org/cgi/WWWdisplay.cgi?83098
  • Coastal zone '93: proceedings of the eighth Symposium on Coastal and Ocean Management, July 19-23, 1993, New Orleans, Louisiana, Volume 2
  • Problems of the Black Sea Costal Protection. A.G>Kiknadze, R.D.Kos’yan, N.V.Yesin. Proceedings of the Black Sea Symposium, Ecological Problems and Economic Prospects: 16-18 Sept. 1991, Istanbul, Turkey

ლიტერატურა

რედაქტირება