კეზენოიამი
კეზენოიამი (რუს. Кезенойам) — ტბა რუსეთში, ჩეჩნეთის ვედენოს რაიონის და დაღესტნის ბოთლიხის რაიონის საზღვარზე. მიეკუთვნება მდინარე სულაკის აუზს. წარმოადგენს რეგიონული მნიშვნელობის ჰიდროლოგიურ ბუნების ძეგლს. მდებარეობს სუბალპური მდელოების სარტყელში. ზაფხულში ტბაში წყალი 17-18 გრადუსამდე თბება. ზამთარში კი ყინულის საფრის სისქე აღწევს 60–80 სმ-ს. წყლის მოცულობა 62 მილიონი მ³ შეადგენს. ზღვის დონიდან სიმაღლე 1854 მეტრია.
კეზენოიამი | |
---|---|
კეზენოიამი | |
კოორდინატები: 42°46′38″ ჩ. გ. 46°09′11″ ა. გ. / 42.77722° ჩ. გ. 46.15306° ა. გ. | |
მდებარეობა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ჩეჩნეთი დაღესტანი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1854 მ |
სიგრძე | 2,7 კმ |
სიგანე | <0,735 კმ |
ფართობი | 1,7 კმ² |
მოცულობა | 0,062 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 10 კმ |
მაქსიმალური სიღრმე | 72 მ |
აუზის ფართობი | 38,8 კმ² |
ბუნებრივი კაშხალი, რომელიც მდებარეობს ტბის დასავლეთ ნაწილში, 100 მეტრზე მეტ სიმაღლეს აღწევს. ტბის ქვაბულს ციცაბო ფერდობები და ბრტყელი ფსკერი აქვს. მაქსიმალური სიღრმე 74 მ. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 2 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 2,7 კმ-ზე. მაქსიმალური სიგანე 735 მ. სანაპირო ზოლის სიგრძეა 10 კმ. ტბა იკვებება მდინარეებითა და მასში ჩამდინარე ნაკადულებით. წყლის დონე წლიდან წლამდე იცვლება.
არქეოლოგიური ძეგლებიდან მნიშვნელოვანია ნახის (ჩეჩნური) საბრძოლო და საცხოვრებელი კოშკები, შუა საუკუნეების ნახის ციხე, უძველესი სამარხები და ასევე ჩეჩნეთის ზოგიერთი ადრეული მეჩეთი.
2015 წლის 18 აპრილს ტბის სანაპიროზე გაიხსნა ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „კეზენოი-ამი“. სპორტულ და ტურისტულ კომპლექსში შედის სასტუმრო, რომელსაც აქვს 58 ოთახი. ასევე ცალკეა განთავსებული კოტეჯები, სპორტული კომპლექსი ფართობით 1200 მ², სპორტული მოედანი, ნავსადგური, კაფე-ბარი, რესტორანი და სხვა ობიექტები.
1970-1980 წლებში ტბაზე განთავსებული იყო სსრკ ოლიმპიური სანაოსნო გუნდის ბაზა, თუმცა რესპუბლიკაში საომარი მოქმედებების დროს ბაზა მთლიანად განადგურდა.
2015 წელს, რუსეთის ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ვენიამინ ბუტმა განაცხადა, რომ აპირებს კეზენოიამზე განაახლოს რუსეთის ეროვნული ნაკრების ვარჯიშები ნიჩნოსნობაში. 2017 წლის ივლისში ტბაზე შედგა პირველი შეჯიბრება „კეზენოი-თასი 2017“, რომელშიც მონაწილეობდნენ 8 ქვეყნის სპორტსმენები.
ტბას რამდენიმე სახელი აქვს, მათგან გამოსარჩევია: კეზენოი-ამი, კაზენოი-ამი, კაზენოიამი, ეიზენამი, გოლუბოე და რეტლო.