კაფანის მოვლენები

კაფანის მოვლენები
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ნაწილი
თარიღი ნოემბერი 1987 - თებერვალი 1988 (3 თვე)
მდებარეობა კაფანის რაიონი, სომხეთის სსრ, სსრკ
შედეგი განდევნეს 4 ათასი აზერბაიჯანელი
დანაკარგები
აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, დაიღუპა 7 ადამიანი

კაფანის მოვლენები ( აზერ. Qafan hadisələri ), კაფანის ტრაგედია ან კაფანის ხოცვა-ჟლეტა — ეთნიკური შეტაკებები სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის სომხეთისის სსრ კაფანის რაიონში1987 წლის ნოემბრიდან 1988 წლის თებერვლამდე, კაფანის რაიონში მცხოვრები აზერბაიჯანული მოსახლეობის ძალადობრივი და იძულებითი განდევნა სსრკ-ს ფარგლებში. კაფანის რაიონში უფრო მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობდა, ვიდრე სომხეთის სხვა რაიონებში, 1979 წელს აქ მცხოვრებთაგან დაახლოებით 10 000 აზერბაიჯანელი იყო.

ეს იყო ეთნიკური შეტაკებების ერთ-ერთი ადრეული ეპიზოდი, რომელიც ტრადიციულად ითვლება ყარაბაღის კონფლიქტის დასაწყისად. [1]

კონფლიქტის შესახებ არ მოიპოვება დეტალური ინფორმაცია: აზერბაიჯანული მედია არ აშუქებდა მოვლენებს, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლება მალავდა ინფორმაციას სომხეთის სსრ-დან ლტოლვილების შესახებ, ეძებდა რა კეთილგანწყობას საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მხრიდან მთიანი ყარაბაღის კუთვნილებასთან დაკავშირებით.

1987 წლის ნოემბერში დაიწყო ეთნიკური არეულობა კაფანისა და მის სამხრეთით მიმდებარე მეღრის რაიონებში, რის შედეგადაც პირველი რამდენიმე ასეული აზერბაიჯანელი გაიქცა სომხეთის სსრ-დან აზერბაიჯანის სსრ-ში. [2] ბაქოში კაფანის რეგიონიდან ლტოლვილები ორმა სატვირთო მატარებელმა ჩაიყვანა. [1]

1988 წლის 25 იანვარს აზერბაიჯანელი ისტორიკოსი არიფ იუნუსოვი შეესწრო, როგორ ჩავიდა აზერბაიჯანელებით სავსე ოთხი ავტობუსი კაფანის რაიონიდან ბაქოში. ლტოლვილებს შორის ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები იყვნენ და მხოლოდ რამდენიმე — ახალგაზრდა მამაკაცი. იუნუსოვის თქმით, ბევრ მათგანს ცემის კვალი ეტყობოდა. [1]

თურქი ისტორიკოსის სუჰა ბოლუკბაშის გადმოცემით, 1988 წლის იანვრის ბოლოს ბაქოში კაფანის რეგიონიდან კიდევ ორი ათასი ლტოლვილი ჩავიდა. აზერბაიჯანელი ისტორიკოსები მუსტაფა ნაზიმი და არზუმან ვაკიფი წერდნენ, რომ 24 თებერვლისთვის ბაქოსა და სუმგაითში კაფანის რეგიონიდან ოთხი ათასი ლტოლვილი ჩავიდა. [3] თვითმხილველების თქმით, კაფანის რეგიონიდან ლტოლვილებს ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდათ. [1]

ბრიტანელი ჟურნალისტის თომას დე ვაალის თქმით, მოვლენების დროს არ დაფიქსირებულა სიკვდილის არცერთი შემთხვევა. როგორც ბრიტანელი ისტორიკოსი ლოურენს ბრორესი წერდა, კაფანის რეგიონში, სადაც აზერბაიჯანელი მოსახლეობა ჭარბობდა, ძალადობის დონე 1988-1989 წლებში საგრძნობლად დაბალი იყო, ვიდრე სხვა რაიონებში, სადაც აზერბაიჯანული მოსახლეობა მნიშვნელოვნად ნაკლები იყო.

სომხეთის კომუნისტური პარტიის კაფანის რაიონული კომიტეტის მეორე მდივნის, არამაის ბაბაიანის თქმით, ის „ვერ იხსენებს, რომ აზერბაიჯანელებმა რეგიონის ტერიტორია თებერვლამდე დატოვეს“, თუმცა ამავე დროს ამტკიცებდა, რომ 1988 წლის თებერვალში ორი ათასი აზერბაიჯანელი გაემგზავრა კაფანიდან. ამის მიზეზად ის რეგიონში „ჭორებს და პროვოკაციებს“ ასახელებდა. სომეხი ისტორიკოსების აზრით, 1988 წლამდე სომხეთის სსრ-დან აზერბაიჯანელი ლტოლვილების ნაკადი არ ყოფილა. [4]

თებერვალში სუმგაითში კაფანის რეგიონიდან ლტოლვილთა ახალი ტალღა ჩავიდა. ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ისაუბრეს სომხების მიერ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ კაფანის რაიონში სავარაუდო სისასტიკეებზე. [5] შემდგომში სუმგაითის „პოგრომის“ ერთ-ერთი ლიდერი კაფანის რეგიონიდან გაქცეული პირი აღმოჩნდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ სომხებმა გააძევეს და მოკლეს მისი რამდენიმე ნათესავი. ასევე სუმგაითის ხოცვა-ჟლეტაშო იდენტიფიცირებულ მონაწილეთა შორის ოთხი იყო ლტოლვილი კაფანის რეგიონიდან. [4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Suha Bölükbaşı (2011). Azerbaijan: A Political History. London: I. B. Taurus. ISBN 1780767595. 
  • Laurence Broers. Displacements // Armenia and Azerbaijan: Anatomy of a Rivalry : [англ.]. — Edinburgh University Press, 2019. — ISBN 9781474450522.
  • Thomas de Waal. Black Garden: Armenia and Azerbaijan through Peace and War — NYU Press, 2003. — ISBN 0814719449.
  • Arif Yunusov. Karabakh: Past & Present :. — Baku, 2005. — ISBN 950021135811.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 de Waal 2003.
  2. Yunusov 2005.
  3. Mustafa, Arzumanlı 1998.
  4. 4.0 4.1 BroersB 2019.
  5. BroersA 2019.