კაპიტან მიშას სასახლე

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კაპიტან მიშას სასახლე (სერბ. Капетан-Мишино здање) — კულტურული ძეგლი. XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სასახლე ბელგრადში, რომელიც ამჟამად ბელგრადის უნივერსიტეტის რექტორატის შენობაა. სასახლე აშენდა 1857-1863 წლებში. უკვე შენების პერიოდში, მომავალი არქიტექტურული და სამშენებლო შედევრი, მაშინდელი ბელგრადის ყველაზე მაღალი და მონუმენტური ნაგებობა იყო, რაც აღფრთოვანებას იწვევდა ქალაქის მცხოვრებთა შორის. სასახლის გვერდით მდებარეობდა, ამჟამად უკვე უმოქმედო, სასტუმრო „იმპერიალი“ და სხვა საზოგადოებრივი შენობები, რომლებიც იმ დროს ბელგრადის მთავარ მოედანს გადაჰყურებდა — ველიკა пиjaца (დიდი ბაზარი). ახალი შენობის განთავსებამ, პრინც მიხეილის ქუჩასთან [1] ახლოს, რომელიც მაშინ მშენებლობის პროცესში იყო, შესაძლებელი გახადა იმ დროისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილიდან და ტრადიციული სამშენებლო მეთოდებისგან გადახვევის შესაძლებლობა. სასახლის არქიტექტურული დიზაინი მიუთითებდა იმაზე, რომ ბელგრადი თანდათან იწყებდა გარდაქმნას აღმოსავლურიდან — ევროპულ დედაქალაქად თანამედროვე ურბანული სტრუქტურითა და წარმოსაჩენი შენობებით.

სახელის მინიჭება

რედაქტირება

ბელგრადის მკვიდრი, ქველმოქმედი მიშა ანასტასიევიჩი [2] იყო ის ადამიანი, ვისი სახელიც ეწოდა სასახლეს. ის იყო ბელგრადის მკვიდრი მარილით მოვაჭრე და გემთმფლობელი, ან როგორც მას ხალხი ეძახდა — კაპიტანი მიშა, რომელმაც საკუთარი სახსრებით ააგო სასახლე და საჩუქრად გადასცა ქვეყანას. „დუნაის კაპიტნის“ წოდება ვაჭარ ანასტასიევიჩს პრინცმა მილოშ ობრენოვიჩმა მიანიჭა წარმატებული მეწარმის და პირადი მეგობრობის ნიშნად.

სასახლე აშენდა ჩეხი არქიტექტორის იან ნევოლეს პროექტით, რომელიც მშენებლობის პერიოდში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამეურვეო საბჭოში ინჟინრად. სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ჯოზეფ შტაინლეხნერი. თავდაპირველად კაპიტანი მიშა ფიქრობდა აეშენებინა მდიდრული სასახლე თავისი ქალიშვილ — სარასთვის, რომელიც აპირებდა ტახტის მემკვიდრე გიორგი კარაგეორგიევიჩზე დაქორწინებას. თუმცა, იმის გამო, რომ 1859 წლის სენტენდრეის ასამბლეამ გადაწყვიტა სერბეთის ტახტზე პრინცი მილოშ ობრენოვიჩის დაბრუნება, კარაგიორგიევიჩის დინასტიის ხელისუფლებაში მოსვლის ყველა იმედი ჩამოიშალა. ამიტომ, უკვე მშენებლობის პროცესში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მიშა სასახლეს საჩუქრად გადასცემდა „სამშობლოს“, რათა მასში განთავსებულიყო მაშინდელი სერბეთის სამთავროს კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებები.[3]

მშენებლობის დასრულებისთანავე შენობაში გადავიდა უმაღლესი სკოლა („ველიკა შკოლა“),[4] შემდეგ — გიმნაზია, განათლების სამინისტრო, კოლეჯი, სახალხო ბიბლიოთეკა, სახალხო მუზეუმი და სხვა. გარდა ამისა, სასახლის სააქტო დარბაზი გადაიქცა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების ასპარეზად: 1864 წელს ჩატარდა კრება ( პარლამენტი), 1868 წელს გაიმართა სერბეთის პირველი საინჟინრო საზოგადოების დამფუძნებელი კრება, 1875 წელს — სერბული შუა საუკუნეების მონასტრების არქიტექტურული ფოტოებისა და ფრესკების ასლების პირველი გამოფენა, რომელიც ორგანიზებული იყო მიხაილ ვალტროვიჩისა და დრაგუტინ მილუტინოვიჩის მიერ.

ფასადის დეკორაციის სიმდიდრე, რომელიც აერთიანებდა ბიზანტიურ, გოთურ და ადრეული რენესანსის სტილს, აღაფრთოვანა ბელგრადის მაცხოვრებლები, რომლებიც სასახლეს "ვენეციურს" უწოდებდნენ. შენობის თავდაპირველი გეგმა ითვალისწინებდა რეგულარულ სიმეტრიულ ფორმას, რომელიც შედგებოდა ორი ცალკეული ნაწილისგან, გამოყოფილი ვესტიბიულით პირველ სართულზე და სააქტო დარბაზით — მესამე სართულზე. ფასადის დიზაინში რომანტიკული სტილი აისახება კონტრასტში ოქროსფერ-ყვითელ გლუვ კედლებსა და გამომწვარი ჭურჭლის თიხისგან (ტერაკოტა) დამზადებულ დეტალებს შორის, ფანჯრის ჩარჩოების ჩათვლით, შენობის ფასადის სამ ნაწილად დაყოფით — ორ გვერდით და ერთი ცენტრალური ამობურცული ნაწილით (რიზალიტი), ანტაბლემენტის ზედა ნაწილის გასწვრივ შთამბეჭდავი გირლანდით, სახურავზე მინის სადამკვირვებლო პავილიონით და გევრდებზე რამდენიმე რიზალიტით. ფასადის ცენტრალურ, ყველაზე შთამბეჭდავ ნაწილში, გვერდითი ნაწილებისგან განცალკევებული ვერტიკალური ბრტყელი პროექციებით (ლიზენები), რომლებიც მთავრდება მინიატურული კოშკებით, ფანჯრები (ბიფორები) განსაკუთრებით მდიდრულად გამოიყურება, რომელიც მოგვაგონებს სეგმენტურ ვენეციური თაღის სტილს.

ფასადის დეკორი, თაღების ფრიზებთან და დეკორატიულ სხვენთან ერთად, ასევე შედგება ორი სკულპტურისგან, რომლებიც სიმეტრიულად მდებარეობს მეორე სართულის მთავარი შესასვლელის ორივე მხარეს. აპოლონის სკულპტურები ლირით, მინერვას შუბითა და ფარით, თავისი თემატური და სიმბოლური მნიშვნელობით გვახსენებს, რომ შენობას დაარსების დროს უკვე ჰქონდა კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დანიშნულება. ვარაუდობენ, რომ სასახლის ფასადის დეკორაციის ყველა ელემენტი გაკეთდა ვენაში ან პეშტში, რომლებთანაც იმ დროს სერბეთს ძალიან მჭიდრო საქმიანი და კულტურული კავშირები ჰქონდა. ფასადის ქვის ნაწილები, განსაკუთრებით აივნის დეკორატიული კონსოლები და პორტალის თაღები, დამზადებულია სერბეთში მოპოვებული ქვისგან. პორტალზე დიდი ოქროს ასოებით არის წარწერა: "მიშა ანასტასიევიჩი — ჩემს სამშობლოს", რაც ადასტურებს, რომ გამდიდრების შემდეგ, ამ სერბმა პატრიოტმა თავისი სასახლე საგანმანათლებლო მიზნებისთვის შესწირა სამშობლოს და მთლიანად მოაწყო იგი საკუთარი ხარჯებით.[5]

კაპიტან მიშას სასახლემ მოსახლეობის ყურადღება მიიპყრო, არა მხოლოდ გარეგნული სიდიადით, არამედ სიმაღლითაც. თითქმის მეოცე საუკუნის დასაწყისამდე ეს შენობა ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა ქალაქში და სწორედ ამიტომ მის სახურავზე მოეწყო სადამკვირვებლო პავილიონი, რომელიც გადაჰყურებდა ქალაქს: „120 ფუტი სიმაღლე — საიდანაც იშლება ბელგრადისა და მისი შემოგარენის ფანტასტიკური ხედები.“ პავილიონში 24 საათის განმავლობაში მორიგეობდნენ დარაჯები,საიდანაც ხელისგულივით ჩანდა მთელი ქალაქი და თუ სადმე ხანძარი გაჩნდებოდა, გრძელი სასიგნალო საყვირის საშუალებით, მყისიერად აცნობებდნენ მეხანძრეებს. პავილიონი ერთგვარ სახანძრო კოშკის ფუნქციას ასრულებდა 1919 წლამდე, ანუ სატელეფონო კომუნიკაციების გამოგონებამდე, რის შემდეგაც აღარ იყო საჭირო მეხანძრეების შეტყობინება განგაშის საყვირით.

კაპიტან მიშას სასახლემ, არაერთხელ განიცადა მნიშვნელოვანი ზიანი. 1862 წელს ბელგრადის დაბომბვის დროს შენობა, რომელიც ჯერ კიდევ ხარაჩოებში იდგა, სერბებისთვის ერთგვარი ბარიკადის ფუნქციას ასრულებდა და ამიტომ თურქული ტყვიებისგან სერიოზული ზიანი მიადგა. სერბეთ-თურქეთის ომების დროს (1876-1878) შენობა გამოიყენებოდა სამხედრო მიზნებისთვის. თუმცა, მას ყველაზე სერიოზული ზიანი მიადგა პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც მარცხენა ფრთის უმეტესი ნაწილი განადგურდა. ობიექტის აღდგენისა და დასრულებაზე მუშაობა 1919 წლიდან 1921 წლამდე მიმდინარეობდა.

თანამედროვე სტატუსი

რედაქტირება

სასახლე მრავალი წლის განმავლობაში ბელგრადში ცენტრალური ევროპის ტიპის პირველ, ყველაზე დიდი და ლამაზ შენობად ითვლებოდა. მისით აღფრთოვანებული იყვენე, როგორც ქალაქის მცხოვრებნი, ასევე უცხოელი მოგზაურები. როგორც XIX საუკუნის სერბული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში, რომელიც დაკავშირებულია მის ისტორიულ განვითარებასთან, კაპიტან მიშას სასახლე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სახელმწიფო მფარველობის ქვეშ იქნა აყვანილი, როგორც მთელი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობის ფასდაუდებელი კულტურული ძეგლი. 1935 წლის ბრძანებულება ბელგრადის უძველესი ძეგლების დაცვის შესახებ არ შეიძლება არ გავრცელებულიყო ამ სასახლის დასაცავად. შესაბამისად, ბელგრადის ხელოვნების მუზეუმის მიერ მიღებული 1946 წლის პირველი სამართლებრივი აქტი, რომელიც უფლებამოსილი იყო შეენარჩუნებინა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობები, მოიცავდა ამ შენობასაც.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Дoсије споменика културе — Капетан Мишино здање Завода за заштиту споменика културе града Београда
  • Б.Мишић, Капетан Мишино здање", Завод за заштиту споменика културе града Београда, Београд 2008.
  • Н.Несторовић, Грађевине и архитекте у Београду прошлог столећа, Београд 1937.
  • Г. Раш, Светионик истока, Праг, 1873.
  • Б.Несторовић, Развој архитектуре Београда од кнеза Милоша до Првог светског рата, Годишњак музеја града Београда, књига I, Београд 1954.
  • К.Христић, Записи једног Београђанина, књига II, Београд 1925.
  1. САНУ, Кнез Михаилова улица уређење простора, Београд 1975.
  2. RTS, Radio televizija Srbije, Radio Television of Serbia. Vek i po Kapetan Mišinog zdanja. www.rts.rs. ციტირების თარიღი: 2016-02-22.
  3. В.Стојановић, Кнежевина Србија средином XIX века,Београд 2008.
  4. Grad Beograd - Pedagoški muzej. www.beograd.rs. ციტირების თარიღი: 2016-02-22.
  5. Густав Раш, Светионик истока, Праг 1873, (текст превела Маргиза Јаснковић), 66.