კანტოს ვაკე, ტოკიოს ვაკე (იაპონ. 関東平野) — ვრცელი ვაკე იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს აღმოსავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 140 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 110 კმ-ზე. ფართობი 16,172 კმ². გეგმაში თითქმის კვადრატულია.[1]

კანტოს ვაკე
კოორდინატები: 36°00′ ჩ. გ. 140°00′ ა. გ. / 36.000° ჩ. გ. 140.000° ა. გ. / 36.000; 140.000
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
ფართობი 16,172 კმ²
სიგრძე 140 კმ
სიგანე 110 კმ
კანტოს ვაკე — იაპონია
კანტოს ვაკე
სურათები ვიკისაწყობში

კანტოს ვაკე ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან გარშემორტყმულია მთებით, სამხრეთიდან ბორცვებით. წარმოადგენს ზღვიური და მდინარეული ფხვიერი ნატანებით ამოვსებულ ტექტონიკურ ღრმულს. კანტოს ვაკის ნაწილი ახლო გეოლოგიურ წარსულში დაძირული იყო ტოკიოს ყურის წყლებით. ახალგაზრდა ქანების ფორმაციების გეოლოგიური სტრუქტურა თანხვედრილია მის ზედაპირთან და ხშირად მოიხსენიება როგორც კანტოს სტრუქტურული აუზი.[2]

ბრტყელმწვერვალიან ზეგნებზე გავრცელებულია გამოფიტული წითელ-ყავისფერი ვულკანური ფერფლის ნიადაგი, რომელიც ცნობილია კანტოს თიხნარის სახელწოდებით.[2]

განვითარებულია მდინარეებისა და არხების ხშირი ქსელი. მნიშვნელოვანია მდინარე ტონეს სისტემა. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ დრენირებულია მდინარეების ნაკის, ტონესა და საგამის სისტემით. სანაოსნო მდინარეებია ტონე და სუმიდა. ტბებიდან მნიშვნელოვანია კასუმიგაურა და კიტაურა. მიწათმოქმედების აქტიური ქიმიზაციის გამო ხდება პატარა მდინარეებისა და ტბების ევტროფიკაცია.[3] დამახასიათებელია ნოტიო, ზომიერი კლიმატი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა 2000 მმ. ტერიტორია მჭიდროდაა დასახლებული.[4]

გამოიყოფა 3 სახის ფიზიკურ-გეოგრაფიული თავისებურება. დასავლეთით მდებარე ტამის ბორცვები აერთიანებს ძველ მეოთხეულ დანალექებს. ვაკის დიდი ნაწილი გაუმაგრებელი კონგლომერატებითა და მარჩხი ზღვიური დანალექებით აგებულ ზეგნებს უკავია. ბორცვებსა და ზეგნებს დამოუკიდებელ ნაწილებად ყოფს მდინარეთა ხეობები. ტერიტორია ინტენსიურად მუშავდება.[2] ხშირია მიწისძვრა. 1923 წლის კატასროფულმა მიწისძვრამ დაანგრია ქალაქი ტოკიო.[5]

  1. Kantō Plain | Encyclopedia Nipponica www.kotobank.jp
  2. 2.0 2.1 2.2 Kantō Plain | Encyclopedia Britannica www.britannica.com
  3. Канто | Большая российская энциклопедия www.bigenc.ru
  4. Краткая географическая энциклопедия. Том 2. М., 1961
  5. The Great Japan Earthquake of 1923 www.smithsonianmag.com