კაიმანისებრი თევზები, ჯავშნოსანი ქარიყლაპიები (ლათ. Lepisosteidae) — განოიდური თევზების ოჯახი ჯავშნიანთა რიგისა. ცნობილია გვიანი ცარცული პერიოდიდან. სხეულის სიგრძე, ჩვეულებრივ, 75 სმ-დან 3–4 მეტრამდეა (იშვიათად 6 მ-მდე[1]), მასით შესაძლოა 150 კგ-სა და უფრო მეტს მიაღწიონ; ყველაზე მსხვილი სახეობაა მისისიპის კაიმანისებრი თევზი (Atractosteus spatula). სხეული დაფარულია რომბისებრი განოიდური ქერლით, რაც ერთგვარ ჯავშანს წარმოქმნის (აქედანაა მეორე სახელწოდება). წაგრძელებული დინგის ყბები (რითაც კაიმანს წააგავს; აქედანაა სახელწოდება) შეიარაღებულია მძლავრი კონუსისებრი კბილებით. საღერძე ჩონჩხი მთლიანად გაძვალებულია, თავზე გადაკრულია მფარავი (კანისებრი) ძვლები. სალაყუჩე აპკის სხივები ცოტაა. ზურგისა და ანალური ფარფლები მოკლეა, გადაწეულია კუდის ფარფლისკენ. კუდის ზედა ფრთის შიგნით გრძელდება საღერძე ჩონჩხი (ჰეტეროცირკალური ფარფლი). საშხეფი არ აქვთ. უჯრედოვანი საცურავი ბუშტის (რომელიც ხახასთანაა დაკავშირებული) კედლები გამსჭვალულია სისხლძარღვებით, რაც ჟანგბადის დაბალი კონცენტრაციის მქონე წყალში მცხოვრებ ამ თევზებს სასუნთქად ატმოსფერული ჟანგბადის გამოყენების საშუალებას აძლევს. ნაწლავში განუვითარებელი სპირალური სარქველია. ცნობილია 7 თანამედროვე სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის მტკნარ წყალსატევებში (დიდი ტბებიდან კოსტა-რიკამდე, კუნძულ კუბაზე); ზოგიერთი სახეობა შედის მომლაშო და ზღვის წყლებში. ხანგრძლივად შეუძლიათ წყლის სიღრმეში და მის ზედაპირზე უმოძრაოდ ყოფნა.[2] მტაცებლები არიან.[1] ძირითადი საკვები თევზია; მსხვერპლს უდარაჯდებიან და მკვეთრი „ნახტომით“ ეწევიან.[2] ტოფობენ გაზაფხულზე,[1] თავთხელ მტკნარი წყლებში.[2] იზამთრებენ მდინარის ღრმა ადგილებში. ზოგჯერ ზიანი მოაქვთ — გლეჯენ ბადეებს და აფუჭებენ შიგ გაბმულ თევზს. სარეწაო მნიშვნელობა — მცირე[1] ან საერთოდ არ აქვთ.[2]