კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება
კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება, დაარსდა 1850 წელს. მან შეცვალა 1833—1849 წლებში თბილისში არსებული „სოფლისა და მანუფაქტურული მრეწველობის და ვაჭრობის საზოგადოება“. კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას, როგორც მთავრობის, ისე „განათლებულ კერძო პირთა და მემამულეთა“ დახმარებით ხელი უნდა შეეწყო სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. იგი მიზნად ისახავდა მარცვლეულის წარმოების, მებაღეობის, მებოსტნეობის, მევენახეობა-მეღვინეობის, მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის გაუმჯობესებას, ახალი იარაღმანქანების გავრცელებას, მორწყვის სისტემის სრულყოფას, უცხო ქვეყნების მიღწევათა დანერგვას, სპეციალისტების მოწვევას, სპეციალური და ტექნიკური კულტურების — მეთამბაქოების, მებამბეობის და სხვა გავრცელება-განვითარებას. მემცენარეობისა და მეცხოველეობის საუკეთესო ჯიშებია, თესლების, ნერგების შემოტანასა და გავრცელებას. სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და იარაღების გამოფენათა, ორგანიზაციას, მემამულურ-სავაჭრო მიწათმოქმედების წახალისებას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტექნიკურ გადამუშავების, საოჯახო მრეწველობის გაუმჯობესებას.
კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას თავდაპირველად სახელმწიფო მოხელეები მეთაურობდნენ, რომლებიც ნაკლებად იცნობდნენ ადგილობრივ პირობებს და სოფლის მოსახლეობის ძირითადი მასის ინტერესებს, ამიტომაც დასავლეთის რაციონალური მეურნეობის მიღწევების გადმონერგვის მათი „კაზიონური“ ცდები მეტწილად არაეფექტური იყო. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებას ერთგვარი გამოცოცხლება დაეტყო. XX საუკუნის დასაწყისიდან კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება ცდილობდა განევითარებინა სავაჭრო მიწათმოქმედება, რათა ცენტრალური სამრეწველო გუბერნიები მოემარაგებინა „სამხრეთის კლიმატის“ სპეციალური ტექნიკური კულტურათა იაფი პროდუქტებით, კავკასიაში დაბანაკებული ჯარის ნაწილები — სურსათ-სანოვაგით და სხვა.
კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება, სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებსი მიზნით აწყობდა სააკლიმატიზაციო ბაღს, მეთესლეობსი დეპოს, საცდელ-საცვენებელ მინდვრებს, ფერმებს, ამზადებდა პრაქტიკოს მებაღეებს, ქმნიდა ადგილობრივ და უცხოური მცენარეების კოლექციას და ცდილობდა მათ დანერგვას და გავრცელებას. მიწათმოქმედებას ამარაგებდა გაუმჯობესებული იარაღ-მანქანებით და სხვა.
კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების საქმიანობა თანდათან გასცდა თბილისის გუბერნიის ფარგლებს. 1884 ქუთაისში გახსნა თავისი პირველი განყოფილება. XX საუკუნიდან კი განყოფილებები გახსნა ამიერკავკასიის სოფლის მეურნეობის ყველა მნიშვნელოვან ცენტრში, სადაც აგრონომიის და სხვა სახის დახმარებას უწევდა უპირატესად მსხვილ მემამულეებს. პოლიტიკურად და ეროვნულად ჩაგრულ, ეკონომიკურად დაძაბულ ღარიბ გლეხობას არ გააჩნდა არც ნივთიერი შესაძლებლობა და არც სათანადო ცოდნა, რომ გამოეყენებინა კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების მირ შეთავაზებული დახმარება.
კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების (1850-1918) მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია კავკასიაში სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- გუგუშვილი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეების მონოგრაფიები, ტ.3-4, თბ., 1959-1965;
- მისივე, Сельское хозяйство и аграрные отношения (Социально-экономической истории Грузии и Закавказья. Источники), т. 1-4, Тб., 1937-1955;
- Иоселиани И., Обзор деятельности Императорского Кавказского общества сельского хозяйства за пятьдесят лет. 1850-1900, в. 1, Тфл., 1901;
- გუგუშვილი პ., ქსე, ტ. 5, გვ. 309-310, თბ., 1980