კაენის ციხე
კაენის ციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეში, მდინარე აღსტევის (აღსთაფა) ზემოწელზე. ძველ ქართულ პროვინცია გარდაბანში (ახლანდელი აზერბაიჯანი). სომხეთის წყაროს მიხედვით, აშენებულია X საუკუნის II ნახევარში, ნამდვილად კი უფრო ძველია. X საუკუნის დასაწყისში გარდაბანი დროებით გამოვიდა ქართული სახელმწიფოს გავლენის სფეროდან. XI საუკუნეში სომეხმა ფეოდალმა გრიგორ მაგისტროსმა კაენის ციხე ბიჯნისისა და კაიწონის ციხეებთან ერთად ბიზანტიას გადასცა. საქართველოდან თურქ-სელჩუკების განდევნის შემდეგ კაენის ციხეს უკვე საქართველოს სამეფო ხელისუფლება აკონტროლებდა. XIII საუკუნის 30-იან წლებში, საქართველოში მონღოლთა ლაშქრობის დროს, კაენის ციხეში ჩაიკეტა ავაგ ამირსპასალარი. მალე მან ციხე მონღოლებს ჩააბარა. ამის შემდეგ კაენის ციხე კარგავს ძველ მნიშვნელობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 296.