იჩქერიის ბრძოლა |
---|
კავკასიის ომის ნაწილი |
თარიღი |
30 მაისი–2 ივნისი, 1842 (ძვ. სტილით) |
---|
მდებარეობა |
იჩქერიის ტყე, ჩეჩნეთი |
---|
შედეგი |
რუსების უკანდახევა |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
გენერალ-ადიუტანტი პავლე გრაბე
|
ნაიბი შუაიბ ცენტერელი ნაიბი ულუბეი-მულა აუხელი
| |
ძალები |
---|
დაახლ. 10 000
|
დაახლ. 2 000
| |
დანაკარგები |
---|
489 მოკლული, 1 296 დაჭრილი და დაშავებული
|
დაახლ. 600
|
|
იჩქერიის ბრძოლა, იჩქერიის ექსპედიცია — კავკასიის ომის ეპიზოდი, ბრძოლა რუსეთის იმპერიის ჯარებსა და იმამ შამილის მომხრე ჩეჩნებს შორის 1842 წლის მაის-ივნისში იჩქერიის ტყეში, ჩეჩნეთის ახლანდელი ნოჟაი-იურტის რაიონის ტერიტორიაზე. შამილის გამაგრებულ აულ დარღოზე სალაშქროდ მიმავალ რუსეთის ჯარს (დაახლოებით 10 ათასი კაცი, სარდალი — გენერალი პავლე გრაბე) ტყეში გზა გადაუღობა ჩეჩნების რაზმმა (დაახლოებით 2 ათასი კაცი, მეთაურები — შუაიბ ცენტერელი და ულუბეი-მულა აუხელი) და აიძულა ის მძიმე დანაკარგებით უკან დაეხია.
1840-იანი წლების შუა ხანებში ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიელ მთიელებთან მიმართებაში რუსეთის მთავრობაში ერთგვარი მოუთმელობა სუფევდა. კავკასიის ომად წოდებული კონფლიქტი რუსეთის სახელმწიფოსა და ჩრდილოეთ კავკასიის თავისუფალ მთიელ ხალხებს შორის უკვე სამი ათწლეულის მანძილზე გრძელდებოდა. რუსების მიერ 1839 წელს აულ ახულგოს აღების მიუხედავად, დაღესტნისა და ჩეჩნეთის იმამი შამილი დარღოში გამაგრდა და წინააღმდეგობა განაგრძო. 1842 წლის მაისში ჩეჩნეთში რუსეთის ჯარის სარდალმა, გენერალ-ადიუტანტმა პავლე გრაბემ გადაწყვიტა ესარგებლა შამილის ძირითადი ძალების ყაზი-ყუმუხში (ახლანდელი ლაკის რაიონი, დაღესტანი) ყოფნით და დაეპყრო იმამის მთავარი სიმაგრე დარღო.
გრაბეს რაზმი ქვეითთა 12 ბატალიონის, მესანგრეთა როტისა და კაზაკთა 3 ასეულისგან შედგებოდა (სულ დაახლოებით 10 ათასი კაცი, 16-24 ქვემეხი). გრაბეს გეგმით რაზმი იჩქერიის ტყის გავლით უნდა დასხმოდა თავს დარღოს მანამ, სანამ შამილი თავის ძალებს ჩეჩნეთში შეკრებდა. 1842 წლის 30 მაისს გრაბეს ჯარი მდინარე აქსაის ხეობის გზით სალაშქროდ დაიძრა. რთული რელიეფის და დიდი აღალის გამო სალაშქრო კოლონა რამდენიმე კილომეტრზე იყო გადაჭიმული. ამას თან დაერთო წვიმა, რამაც გზა ფაქტობრივად გაუვალი გახადა. გრაბე იძულებული გახდა ბანაკი უწყლო მდელოზე დაეცა. რუსეთის ჯარს განუწყვეტლივ ესხმოდა თავს 1 500-2 000 იჩქერიელი და აუხელი ჩეჩენი შამილის ნაიბების – შუაიბისა და ულუბეი-მულას მეთაურობით. მთიელებმა რუსების 5 საველე ქვემეხიც ჩაიგდეს ხელთ. პოდპოლკოვნიკმა ტრიასკინმა კონტრშეტევით შეძლო არტილერიის დაბრუნება, თავად კი ბრძოლაში დაიღუპა.
სასმელი წყლის მარაგის გარეშე დარჩენილი, მომარაგების გზებს მოწყვეტილი და ბრძოლებში დაზარალებული ჯარით გრაბემ ლაშქრობის გაგრძელება შეუძლებლად ჩათვალა და 2 ივნისის ღამით იმავე გზით უკანდახევა დაიწყო. 4 ივნისს რაზმმა გერზელ-აულს მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, წარუმატებელი ლაშქრობის დროს რუსეთის ჯარის დანაკარგები იყო: მოკლულთა სახით 489 კაცი (მ. შ. 9 ოფიცერი), დაჭრილთა სახით — 1 296 (მ. შ. 57 ოფიცერი).[1] რუსებმა ასევე თითქმის მთელი აღალი და 1 ან 2 ქვემეხი დაკარგეს. ჩეჩნებს შორის მსხვერპლის რაოდენობა უცნობია; ზოგიერთი ცნობით დაიღუპა და დაიჭრა 600-მდე მებრძოლი. იმავე წლის სექტემბერში რუსეთის მთავრობამ გენერალი გრაბე სარდლობიდან გადააყენა და კავკასიიდან გაიწვია.